ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ბოლოსდაბოლოს ურთიერთკომპრომისს უნდა მიაღწიოს, რადგან ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაერთიანების თვალსაზრისით შესაძლებლობათა ფანჯარა იხსნება და ამის არგამოყენება ისტორიული დანაშაული იქნება
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ისტორიული გადაწყვეტილება – სწორედ ამგვარი შეფასებები ისმის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. კერძოდ, ევროსასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს სარჩელის დიდი ნაწილი დააკმაყოფილა. ამ ფონზე ახალი დატვირთვა შეიძინა ძველმა და ახალმა კითხვებმა – რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის? რა შედეგებს მოიტანს იგი? რა დასკვნას დადებს ჰააგის სასამართლო? საერთოდ, რის ფასად არის შესაძლებელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება? შევეცდებით ამ კითხვებს ვუპასუხოთ. ცხადია, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ზემოაღნიშნულ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეგრევე მოჰყვება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, მით უმეტეს, რომ რუსეთმა შეცვალა კონსტიტუცია, ანუ თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას, ის არ აღსრულდება მის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ სამომავლოდ, ზემოაღნიშნული (ევროსასამართლოს) გადაწყვეტილება თავის შედეგს გამოიღებს, რადგან მკაფიოდ ასეთ მაღალ დონეზე აღინიშნა, რომ რუსეთმა განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი, დაარღვია საქართველოს მოქალაქეების უფლებები, განახორციელა ეთნოწმენდა, წამება, ასევე, სასამართლომ დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. თუმცა რუსეთის პროპაგანდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისებურად ხსნის, რაც არ არის გასაკვირი. ახლა მთავარია, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას როგორ გამოიყენებს ქართული მხარე სხვადასხვა მაღალ საერთაშორისო ფორუმზე რუსეთზე ზეწოლისთვის, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთი არ შეასრულებს მის საწინააღმდეგო რეზოლუციებსა და დადგენილებებს, ამის ილუზია არავის აქვს. დეოკუპაცია ხანგრძლივი პროცესია, მით უმეტეს თუ ეს რუსეთს ეხება, თუმცა თუ ქართული მხარე იქნება პრინციპული და თანმიმდევრული და ამავე დროს დასავლეთი რეალურ ზეწოლას განახორციელებს რუსეთზე, მაშინ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სავსებით რეალურია. ეს მაინც პერსპექტივშია, არსებული რეალობა კი არც ისე სახარბიელოა. რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსირებას. საქართველოს გამარჯვებისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს დასკვნა რუსეთ-საქართველოს ომზე. მიუხედავალ იმისა, რომ დიდი დრო ( 12 წელი) გავიდა, საქართველოსთვის ამ ომის შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებით სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, ანუ კვლავ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, ლტოლვილები ვერ უბრუნდებიან საკუთარ კარ-მიდამოს, და დასავლეთი ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის კუთხით, რასაც თავისი მიზეზები აქვს. რუსეთი ზესახელმწიფოა და მასთან დაპირისპირება არც ისე ადვილია, ეს სახელმწიფო საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თანაც ევროპა ენერგოდამოკიდებულია რუსეთზე და ყველა ერიდება მის გაღიზიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთმა დაივიწყა რუსეთის აგრესიულობა საქართველოსთან მიმართებაში. მაგალითად, აშშ-მა და ევროკავშირშმა არაერთხელ მოუწოდეს მოსკოვს ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის) დეოკუპაციისკენ. ბოლოსდაბოლოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, დასავლეთის გრძელვადიანი პროცესის დასაწყისის დასაწყისია, ამ ფონზე ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია მკაფიოდ მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას და ამავე დროს რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისკენ მოუწოდებს. ვინ და ვინ და ბაიდენმა კარგად იცის რუსეთ-საქართველოს ომის რეალური მიზეზიც, ანუ რატომ განახორციელა რუსეთმა საქართველოს მიმართ აგრესია. ახლა, როცა სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის ბრალეულობა, ვეღარავინ დაადანაშაულებს საქართველოს. ისტორიულ წიაღვსლებს არ შევუდგები, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა უარს იტყოდა პროდასავლურ კურსზე, თუმცა უკრაინის შემთხვევამ დაგვანახა, რომ რეალურად, რუსეთს არა იმდენად პროდასავლური კურსი ადარდებს, არამედ ქვეყნის განვითარება და დემოკრატიული მმართველები აშფოთებს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ხელისუფლება რევოლუციური გზით შეიცვალა, რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა. . . რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ექსპერტთა თქმით, რუსეთის აგრესიას საქართველოსადმი ორი მიზეზი ჰქონდა – საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების პერსპექტივა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. მაპ-ის მიღება მოსალოდნელი იყო 2008 წლის დეკემბერში თუ არა, 2009 წლის აპრილში მაინც. ამ ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ ბევრად უფრო გართულდებოდა, ამიტომაც რუსეთს საქართველოზე იერიში ან 2008 წელს უნდა მიეტანა, ან არასდროს. რუსეთმა საბაბად საუკუნის წინათ გამოგონილი და დაარსებული სეპარატისტული რეგიონები გამოიყენა. სხვათა შორის, ეს ანექსია მხოლოდ რუსეთის ტერიტორიული გაფართოების სურვილით როდია განპირობებული, როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველოს სახელმწიფოს ლიკვიდაცია რუსეთს სამი ძირითადი მიზეზის გამო სჭირდება: 1. კასპიის ზღვის რეგიონსა და დასავლეთს შორის
ენერგორესურსების გზების ხელში ჩაგდება, ან გადაკეტვა; 2. ყოფილი საბჭოთა კოლონიების გასაფრთხილებლად, რომ დასრულდა რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება; 3. მთელი მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირება, რომ რუსეთი კვლავ ზესახელმწიფოა. სხვათა შორის, ყარაბახში მისი ე. წ. სამშვიდობო ძალების განლაგება ამას ცხადყოფს.ეს უდავოა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ დასავლეთი აცნობიერებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს. ამ ბოლო დროს დასავლეთიდან სულ უფრო მკაფიოდ გაისმის საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობის თაობაზე. ამ მხრივ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში მრავლისმთქმელია, ალიანსის მდივანმა სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი ნატოს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. რაც უფრო ინტენსიური ხდება საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა, რუსეთი მით უფრო ცდილობს და ერთი მხრივ, მცოცავი ოკუპაციის განვრცობას, მეორე მხრივ კი არწმუნებს დასავლეთს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებაში, რაც ცინიზმის კლასიკური მაგალითია. რეალურად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მანამ ვერ იქნება ნორმალური, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება, თუმცა პოზიტიური ის არის, რომ დღესდღეობით მკვეთრი დაძაბულობა არ შეინიშნება, თუმცა, როგორც ვიცით, რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა შეანელოს ევროპული კურსი და განამტკიცოს შიდა დემოკრატიული პროცესები. რატომ? იმიტომ, რომ დასავლეთი სწორედ დემოკრატიული განვითარების ინდექსით ხელმძღვანელობს ამა თუ იმ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით, ამ მხრივ კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან რუსეთმა შესაძლოა დასავლეთში (ეს მან გამსახურდიას მმართველობის დროს გააკეთა) დაიწყოს საქართველოს დემოკრატიული იმიჯის შელახვა, რათა საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეაფერხოს. ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს და ბოლოსდაბოლოს ურთიერთკომპრომისს მიაღწიოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში. ეს მათი მოვალეობაა, რადგან ამჟამად ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაერთიანების თვალსაზრისით შესაძლებლობათა ფანჯარა იხსნება და ამის არგამოყენება ისტორიული დანაშაული იქნება შთამმომავლობის წინაშე, ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ახლა მთავარია ჰააგის სასამართლომაც. დაადასტუროს რუსეთის დანაშაული ცხინვალის რეგიონში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზემოაღნიშნული სასამართლო, ძნელია თქმა. იმედია, ამ მხრივ სათანადოდ მოემზადა ქართული მხარე და უტყუარი მასალები გაუგზავნა სასამართლოს რუსეთის დანაშაულის შესახებ ცხინვალის რეგიონში, სადაც თვით ტალიავინის და ახლა სტრასბურგის სასამართლოს დასკვნითაც ქართველთა ეთნოწმენდა განხორციელდა.