გიორგი გახარია: იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც, სწრაფი აღდგენის პირობებში, ზაფხულისთვის გაგვეხსნება
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
,,კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, სხვა ქალაქებში ყველაფერი გავხსენით, მათ შორის, ვაჭრობა, განათლება და მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ. ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ. რა არის ჩვენთვის ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი – როგორც კი ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4 პროცენტს, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, გახსნის უკვე წარმოდგენილი გეგმა დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4 პროცენტს, უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის უფრო სწრაფად გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზშედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა პირველ ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილს დაავალა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, უახლოეს პერიოდში, შეხვდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგების წარმომადგენლებს და მათთან აღნიშნული გეგმა განიხილოს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს საერთაშორისო ფრენების დაწყების შესაძლებლობას. ამასთანავე, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ. ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი უკიდურესად სამწუხაროა. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძიზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც, სწრაფი აღდგენის პირობებში, ზაფხულისთვის გაგვეხსნება. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს პატარა, მაგრამ უკიდურესად ღია ეკონომიკა, რომელიც გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ცალკე აღებული ქვეყანა, ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება.
„ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გაგვეხსნება, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი მართვით და ეპიდემიის გავრცელების ტემპების შემცირებით, ასევე ვაქცინაციის შესაძლებლობით, უკიდურესად სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და სხვა კოლეგები ამ კვირაში უკვე დაიწყებენ ტურისტულ სექტორთან შეხვედრებს იმისთვის, რომ შევათანხმოთ, როგორც პროტოკოლები, როგორ უნდა იმუშაოს ამ სექტორმა, ასევე გახსნის ის ეტაპები და ის მიზეზშედეგობრივი კავშირები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს მთავრობას მოუწევს, არის საგანმანათლებლო დაწესებულებების, პირველ რიგში კი დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცდება 4 პროცენტს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.
„თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტი არ არსებობს.
მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ქვემოთ მოდის. ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 5-6 ათასი შემთხვევაა, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში. როდესაც, მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის და დარგის გახსნას . . . უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება», – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.