აკაკი ცენტერაძე -აჭარაში ტაეკვონდოს ფუძემდებელი
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
წარსულში ცნობილი სპორტსმენი, ქვეყნის ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი, საქართველოს მრავალგზის და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე, აჭარის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტაეკვონდოში აკაკი ცენტერაძე, დიდი ხანი არ არის, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტაეკვონდოს ფედერაციის მიწვევით გაემგზავრა. ბატონ აკაკის უდიდესი წვლილი მიუძღვის აჭარაში სპორტის ახალი სახეობის – ტაეკვონდოს დაფუძნებაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
დღეს გვსურს უფრო ახლოს გაგაცნოთ ადამიანი, რომლის თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს აჭარაში ტაეკვონდოს ეუფლებიან და ხელშესახები წარმატებებიც აქვთ. ყოველივე ამის შესახებ საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილე, სამაგიდო წიგნის „სპორტი აჭარაში“ ავტორი ლევან ჯიოშვილი გვიამბობს. სწორედ მასთან მივიდა პირველად 15 წლის ჭაბუკი თხოვნით, ჩამოეყალიბებინათ აჭარის ტაეკვონდოს ფედერაცია, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენს რეგიონში სპორტის ამ სახეობის განვითარებას.
როგორც ბატონმა ლევანმა გვითხრა, აჭარაში ტაეკვონდოს ფედერაციის დაარსებას საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც, ფაქტობრივად, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება.
– მაშინ აჭარის სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში ვმუშაობდი, – იგონებს ლევან ჯიოშვილი, – ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილი და ჩვენს იმჟამინდელ ხელმძღვანელს, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწე თენგიზ ბოლქვაძეს ტაეკვონდოს ფედერაციის ჩამოყალიბება სთხოვა. მაშინ ეს მთლად სერიოზულად ვერ აღვიქვით. ჯერ ერთი, აკაკი ძალიან ახალგაზრდა იყო, თანაც ჩვენ არ ვიცოდით საქართველოში სპორტის ამ სრულიად ახალი სახეობის შესახებ. ვიცოდით, მხოლოდ, რომ აღმოსავლური ორთაბრძოლების ერთ-ერთი სახეობა გახლდათ. კარატე, შოტოკან კარატე დო, კიო კუშინ კარატე – ამათ შესახებ, რა თქმა უნდა, ბევრი გვსმენოდა. მერე ტაეკვონდოს საერთაშორისო ისტორიას გადავხედეთ და აღმოჩნდა, რომ იგი იყო აღმოსავლურ ორთაბრძოლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, კორეული სახეობა, რომლისთვისაც ოფიციალური წესები გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწერა. ის ერთადერთი იყო იმ პერიოდში აღმოსავლურ ორთაბრძოლებს შორის, რომლებიც ოლიმპიურ სახეობად ითვლებოდა. დავინტერესდით, დავუკავშირდით საქართველოში ტაეკვონდოს ფუძემდებელს ავთანდილ მიქაძეს. მოგვიანებით, ის აკაკი ცენტერაძის პირადი მწვრთნელი გახდა. ავთანდილი რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა და მოპოვებული ჰქონდა მეხუთე დანი. იქიდან დაბრუნებულმა, 1991 წელს, სპორტის ეს სახეობა საქართველოში დანერგა. გაგვაოცა აკაკი ცენტერაძის, ამ ახალგაზრდა ბიჭის ასეთმა მონდომებამ. თვითონ წავიდა თბილისში, ჩამოიტანა ეროვნული ფედერაციის წესდება, რომლის შესაბამისადაც გადავწყვიტეთ მისი დახმარება და ფედერაციის აჭარაშიც ჩამოყალიბება. თუმცა მაშინ არც ტაეკვონდოს დარბაზი გვქონდა, არც ინვენტარი, არც წესები ვიცოდით. 1996 წლის დასაწყისში კი აკაკი საკუთარი ხარჯებით გაემგზავრა თურქეთში, სადაც 8 თვის განმავლობაში ტაეკვონდოს ცნობილ თურქ მწვრთნელთან, აწ გარდაცვლილ ოსმან ტატოღლისთან ვარჯიშობდა. მასთან საფუძვლიანად შეისწავლა სავარჯიშო-საშეჯიბრო-სამწვრთნელო წესები და იქიდან დაბრუნებულმა, იმავე წლის ბოლოს, ბათუმში პირველი სექცია დააარსა. აკაკი იმ პერიოდში მოქმედი სპორტსმენიც გახლდათ და მწვრთნელიც. დარბაზიც თვითონ გამოძებნა, ტატამიც. ინვენტარი მაშინ თურქეთიდანაც ჩამოიტანა, ოსმან ტატოღლიმ საჩუქრად გამოატანა. აკაკი იმდენად მონდომებული და დაინტერესებული იყო ტაეკვონდოთი, რომ მაქსიმალურად ვცდილობდით მის თანადგომას. იგი ბათუმშია დაბადებული, 1982 წლის 2 თებერვალს. 6 წლისა მშობლებმა აკრობატიკაზე მიიყვანეს, სადაც 1992 წლამდე დადიოდა. მალე კიოკუშინ კაი კარატეში დაიწყო ვარჯიში, სადაც აღმოსავლური ორთაბრძოლები უფრო კარგად შეისწავლა და პირველ წარმატებასაც აქ მიაღწია. სწორედ ამას მოჰყვა მისი ტაეკვონდოთი დაინტერესება. ის მოქმედი სპორტსმენიც იყო და მწვრთნელიც, პატარები აიყვანა და წვრთნიდა. აკაკი ცენტერაძე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო, მისი პირველი მწვრთნელი ტაეკვონდოში ავთანდილ მიქაძე გახდა. არაერთ საერთაშორისო ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული. სხვათა შორის, აკაკი საქართველოს ტაეკვონდისტებს შორის პირველი სპორტსმენია, რომელიც სიდნეის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში მონაწილეობდა, რომელიც შვედეთში ჩატარდა. იქ იმდენად კარგად წარმოაჩინა თავი და ისე კარგად იასპარეზა, რომ ტაეკვონდოს ერთ-ერთმა ცნობილმა კლუბმა ოფიციალურად მიიწვია და მათი სახელით ასპარეზობა შესთავაზა. აკაკიმ უარი განაცხადა, საქართველოს სახელით გამოსვლა არჩია. მალე ვაჟების სექციას გოგონებიც ჯგუფიც დაემატა და სერიოზულად მიჰყო ხელი მწვრთნელობას, დაიწყო ადგილობრივი სპორტსმენების აღზრდა. თავადაც მონაწილეობდა ტურნირებში. 2004 წლის ათენის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში პირველ ორთაბრძოლას იგებდა რუსეთის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ანგარიშით 2:1, მაგრამ მოწინააღმდეგემ ისეთი ილეთი გამოიყენა, რომ ტრავმა მიაყენა და აკაკი ასპარეზობას გამოეთიშა. 2005 წელს იზმირში მსოფლიო უნივერსიადაზე გამოვიდა, სადაც მწვრთნელის გარეშე იმყოფებოდა. იმხანად მეც იქ ვიყავი და რადგან მწვრთნელის გარეშე იყო, მის მოვალეობას ვასრულებდი. სამწუხაროდ, ტაეკვონდოს არავითარი წესები არ ვიცოდი და ბელარუსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვთხოვე დახმარება, მასვე ჩავაცვი ჩემი მაისური წარწერით -საქართველო. აკაკის ორთაბრძოლას მე და საქართველოს ფარიკაობის ნაკრების მწვრთნელი დავით სახვაძე ტრიბუნებიდან ვადევნებდით თვალს. აზიის ჩემპიონს ხვდებოდა და 2:1 მოუგო. ეს იყო სასწაული. მას პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსიც ჰქონდა. 2007 წელს მანჩესტერში შეეძლო ლიცენზიისთვის ებრძოლა, მაგრამ იქაც ფეხზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა ასპარეზობაში მაინც ჩაერთო. მეორე წრეში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ჩეხ ვიქტორ იანკოვსკის შეხვდა, ანგარიშით 3:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. აქ ჩინელ სპორტსმენთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე იბძოდა. ძირითადად, ამის შემდეგ დაიწყო მისი წარმატებული სამწვრთნელო კარიერა, რომელსაც ძალიან სერიოზულად მოჰკიდა ხელი. იყო პერიოდი, როცა საკუთარ ავტოსადგომში ტატამი დააგო და სავარჯიშოდ გამოიყენა, რადგან დარბაზი არ იყო. მოგვიანებით, დარბაზი გამოვუყავით. აკაკი იმდენად იყო შეყვარებული ტაეკვონდოზე, რომ ავტოსადგომი გაყიდა და აღებული ფულით ინვენტარი შეიძინა.
– 2002 წლის 27 დეკემბერს ჩამოვაყალიბეთ აჭარის ტაეკვონდოს ფედერაცია, რომელსაც ორი წელი გიორგი შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, 2004 წლიდან კი ფედერაციას აკაკის უმცროსი ძმა, ირაკლი ცენტერაძე, ჩაუდგა სათავეში, რომლის უცვლელი პრეზიდენტი გახლდათ 16 წელი. სწორედ ამ წლებს უკავშირდება აჭარაში ტაეკვონდოს აღორძინება და პოპულარიზაცია. ძმებმა ცენტერაძეებმა ძალიან ბევრი გააკეთეს აჭარაში სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის. მათი ინიციატივით გამოიყო სპორტული დარბაზები, შეძენილ იქნა სპორტული ინვენტარი, შეიქმნა მსაჯთა კორპუსი . . . დროთა განმავლობაში აკაკი ცენტერაძემ ჩვენს რეგიონში სპორტის ახალი სახეობის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი, რასაც მოზარდი თაობის სწორად აღზრდა და დაოსტატება მოჰყვა. შედეგიც სახეზეა – სამი ევროპული მედალი, ერთი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, რაც მართლაც დაუღალავი შრომის შედეგი და აკაკი ცენტერაძის დიდი დამსახურებაა. 2009 წელს მისმა აღზრდილმა გურამ კუტუბიძემ ევროპის ჭაბუკთა (კადეტთა) ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შემდეგ, 2017 წელს, ზურაბ კინწურაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასევე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, 2018 წელს კი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. სამწუხაროდ, როცა ზურაბი არგენტინაში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა, მას არ გააყოლეს მისი პირადი მწვრთნელი, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია სპორტსმენის შედეგზე. სხვათა შორის, ზურაბ კინწურაშვილმა ამერიკაში, იქაური ტაეკვონდოს ფედერაციის მიერ ჩატარებულ პირველ საერთაშორისო სარეიტინგო G-2 ტურნირზე, რომელიც საუკეთესო შეჯიბრებად ითვლება, ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა და სამშობლოში ოქროს მედლით დაბრუნდა. ეს მართლაც დიდი წარმატება იყო.
– სწორედ ამ დამსახურებისთვის, აჭარაში ტაეკვონდოს, როგორც სპორტის ახალი სახეობის შემოტანის და დამკვიდრებისთვის, მისი პოპულარიზაციისთვის, მოზარდი თაობის სწორად აღზრდისთვის, საერთაშორისო სარბიელზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობისა და წარმატებებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, 2019 წელს აკაკი ცენტერაძეს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა. აკაკი 2005 წლიდან ბათუმის სასპორტო სკოლაში მუშაობდა, 2014-2020 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯერ ჭაბუკთა, შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებებს, 2013-2014 წლებში საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულმა ფედერაციამ იგი ერთხმად აღიარა წლის საუკეთესო მწვრთნელად, არაერთგზის იყო დასახელებული წლის ათ საუკეთესო მწვრთნელთა შორის აჭარის მასშტაბით.
დღეს აჭარის ტაეკვონდოს ფედერაცია, რომლის პრეზიდენტი გახლავთ ნუგზარ ვარშანიძე, ფაქტობრივად, აგრძელებს იმ საქმეს, რომელსაც აკაკი ცენტერაძემ ჩაუყარა საფუძველი. როგორც აღვნიშნეთ, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა იქაური ტაეკვონდოს ფედერაციის მიწვევით. დარწმუნებული ვართ, რომ ის იქაც გამოიჩენს თავს პროფესიონალიზმით, პიროვნული თვისებებით, სპორტსმენებთან მეგობრული, თბილი დამოკიდებულებით და ძალიან ბევრ მოზარდს გაუკვალავს გზას დიდი სპორტისკენ. ისიც გვჯერა, როცა ამერიკა ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, აკაკის აღზრდილები, რომელთა შორის იქ მცხოვრებ ქართველებსაც ვიხილავთ, ამ ოლიმპიადის ლიცენზიასაც მოიპოვებენ. გვინდა მას გზა დავულოცოთ ახალ სარბიელზე და დიდი წარმატებები ვუსურვოთ. ჩვენ აჭარაში ტაეკვონდოს ჩამოყალიბებისა და დაფუძნების საქმეში მის მიერ შეტანილ დიდ ღვაწლს არასოდეს დავივიწყებთ. ეს წერილიც სწორედ ამიტომ დაიწერა. ისიც გვჯერა, რომ აკაკი ცენტერაძე თავისი საქმიანობით საქართველოს იქაც ასახელებს.
აი, როგორ იხსენებენ აღზრდილები საყვარელ მწვრთნელს:
გურამ კუტუბიძე, ევროპის კადეტთა ჩემპიონატის პრიზიორი:
– ბებიასთან ვიზრდებოდი, მშობლები ირლანდიაში იმყოფებოდნენ და მან, ჯერ კიდევ სულ პატარა, მიმიყვანა ტაეკვონდოზე. აკაკიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არა მხოლოდ კარგი სპორტსმენი, არამედ კარგი ადამიანიც ვყოფილიყავი. არასოდეს დავივიწყებ მის მიერ გაწეულ მამობრივ ამაგს. ის ჩემთვის უდიდესი მწვრთნელია.
ზურაბ კინწურაშვილი, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის პრიზიორი:
– პატარაობიდან ვვარჯიშობ აკაკი მასწავლებელთან. მისი დამსახურებაა ჩემი მიღწევები. მან არა მხოლოდ სპორტი შემაყვარა, წინააღმდეგობების გადალახვა, შრომისმოყვარეობა მასწავლა. წარმატება მინდა ვუსურვო ადამიანს, რომელმაც ჩემი წინსვლისთვის ბევრი გააკეთა.