გამოსათხოვარი
სარქის სარხაიანი – მაგიდის ჩოგბურთის ბათუმელი ვირტუოზი
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა უდიდესი სპორტსმენი, თავისი დროის ლეგენდა, მაგიდის ჩოგბურთის ვირტუოზი, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, მსოფლიო სტუდენტური თამაშების გამარჯვებული (გუნდურ შეხვედრაში პირადად ჰყავს დამარცხებული ჩინეთის უძლიერესი ნაკრების სპორტსმენები), მაგიდის ჩოგბურთის პაგანინად წოდებული სარქის სარხაიანი. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს, რუსეთისა და იტალიის ნაკრებების მიღწევებში. უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მხოლოდ ამ ქვეყნებში, არამედ მსოფლიოს მცირე ჩოგნის საჩოგბურთო სამყაროში.
საერთაშორისო კლასის ოსტატი სარქის სარხაიანი დაიბადა ბათუმში 1947 წელს, დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი (1978), იყო მსოფლიო ჩემპიონატების მეორე (1975 – შერეული წყვილი) და მესამე (1973 – გუნდური) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატების ხუთგზის მეორე (1966, 1968-გუნდური, 1970 – შერეული წყვილი, კაცთა წყვილი, გუნდური) და ორგზის მესამე (1974,1976) პრიზიორი, სსრ კავშირის 23-გზის ჩემპიონი ერთეულებში, კაცთა და შერეულ წყვილებში, მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ოთხგზის ჩემპიონი, სსრკ-ის წლის საუკეთესო მაგიდის ჩოგბურთელი (1971წ.), იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
სარქის სარხაიანს ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა ფეხბურთშიც (მანამდე მძლეოსნობაშიც მოსინჯა ძალები და არცთუ ცუდად). ერთხელ, ბულვარში, როცა მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდა, შემთხვევით შეესწრო აჭარის ჩემპიონი სპორტის ამ სახეობაში თემურ ცინცაძე, რომელსაც მოეწონა მოზარდი და შეეცადა მის „გადაბირებას“. თავიდან ბიჭი უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. ასე აღმოჩნდა ის ცნობილ მწვრთნელთან კარლო გუგუშვილთან. ერთი წლის შემდეგ, 1959 წელს, ბათუმში პერსპექტიული სპორტსმენების გამოსავლენად ქალაქის პირველობა ჩატარდა. საუკეთესოებად 11 წლის სარქის სარხაიანი და 12 წლის თემურ რამაზაშვილი დასახელდნენ, ერთი წლის შემდეგ კი ის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში შეიყვანეს. 1962 წელს ვილნიუსში, საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაზე, ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა სარქის სარხაიანმა. 1960-იანი წლებიდან იწყება მისი მრავალწლიანი წარმატებული სპორტული კარიერა. როგორც აღვნიშნეთ, ის სხვადასხვა თანრიგში 23-ჯერ იყო სსრკ-ის ჩემპიონი, პარალელურად, არაერთი მედალი მოიპოვა საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის – ევროპისა და სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატებში. სარხაიანს მოპოვებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. მას შემდეგ მან არაერთხელ იზეიმა გამარჯვება როგორც ერთეულებში, ისე კაცთა და შერეულ წყვილებში. სარქის სარხაიანი 13 წელი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წამყვანი სპორტსმენი. გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ჩოგბურთელი შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში. იგი აჭარის ათ საუკეთესო სპორტსმენთა სიაში შედის.
წლების განმავლობაში ნაყოფიერი მოღვაწეობის შემდეგ, როცა სპორტული კარიერა დაასრულა, იგი დაინიშნა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად. 1982-1991 წლებში ნაკრები მისი ხელმძღვანელობით, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე ყოველთვის წარმატებებს აღწევდა. იტალიაში ჩატარებულ ერთ-ერთ ტურნირზე, მასთან მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრაზიდენტი მივიდა და იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ხანგრძლივი კონტრაქტი შესთავაზა. ოჯახთან მოლაპარაკების შემდეგ, ის დათანხმდა და აღნიშნული კონტრაქტით იტალიაში 17 წელი იმუშავა. ამ ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მალე ის სლოვაკეთში, კერძოდ, ბრატისლავაში გადავიდა სამუშაოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, ინსულტი მიიღო და იქ მკურნალობის გარკვეული კურსის შემდეგ, სარქის სარხაიანი შვილმა, ედგარმა, მოსკოვში წაიყვანა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა.
სარქის სარხაიანს ძალიან უყვარდა მშობლიური ქალაქი: „ აქ გაიარა ჩემმა საუკეთესო წლებმა – ბავშვობამ, მოზარდობამ“, – ამბობს იგი წიგნში „ბათუმი – ისტორია სახეებში“ (ავტორი ბაგრატ თავბერიძე), – „ჩემთვის ბათუმი ყველაზე უკეთესი ქალაქია მსოფლიოში. დიახ, მე მთავაზობდნენ თბილისში, მოსკოვში გადასვლას. . . ერევანში სამოთახიანი ბინაც კი მაჩვენეს, სადაც შემეძლო მეცხოვრა, მაგრამ ვუთხარი, სანამ ვთამაშობ, ვითამაშებ მხოლოდ საქართველოსთვის, ბათუმისთვის. იმ პერიოდში ბათუმის ცენტრში მომცეს ბინა, საუკეთესო ადგილზე, ჩემ საყვარელ ზღვისპირა პარკთან. . . ჩოგბურთი ჩემი ბედია, ბათუმი კი გულია, რომელიც დღეს ძალიან მაკლია. . .“
სარქის სარხაიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. . .
დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ არა მარტო შესანიშნავ სპორტსმენს, არამედ არაჩვეულებრივ ბათუმელს, ჩვენს თანაქალაქელს. აჭარის სპორტსაზოგადოებამ, აჭარის სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა, აჭარის ვეტერან სპორტსმენთა კავშირმა, წიგნის „ბათუმი – ისტორია სახეებში“ ავტორმა ბაგრატ თავბერიძემ, უბრალო ბათუმელებმა, მრავალმა სხვამ, ინტერნეტსივრცეში ამ შესანიშნავ ადამიანს გულთბილი სტრიქონები მიუძღვნეს. დიდი სპორტსმენის, ღირსეული პიროვნების სახელი „ოქროს ასოებით“ დარჩება აჭარის, საქართველოს სპორტის ისტორიაში…
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს.