როგორ ემზადებიან სკოლები საკლასო ოთახებში სწავლის განახლებისთვის?!
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93-
პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აჭარის რეგიონშიც სასწავლო პროცესი ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განახლდება.
რეგიონის მასშტაბით დაიწყო ტესტირება, რომელიც 9000-მდე პედაგოგსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდება. პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის ტესტირებაში ჩართულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი თავისი რაიონული განყოფილებებით, დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო და ბათუმის პოლიკლინიკები. უსაფრთხოების წესებისა და ჯანდაცვის რეკომენდაციების შესახებ ისტრუქცია და განმარტებები პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. რეგიონის ყველა სკოლაში შექმნილი უნდა იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო და სწავლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით უნდა წარიმართოს. არსებული ინფორმაციით, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული, მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება კი ორ კვირაში ერთხელ იგეგმება.
რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ახალი კორონავირუსი არ გავრცელდეს მოსწავლეებში, სკოლებში, შემდეგ კი ოჯახებში? რჩება თუ არა ძალაში დისტანციური სწავლება? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს დავუკავშირდით.
– სასწავლო პროცესი პირველ თებერვალს განახლდება ყველა საჯარო და კერძო სკოლაში არა დისტანციურ ფორმატში, არამედ საკლასო სივრცეში. დეტალურად გავიარეთ თითოეული ნაბიჯი, რომ სასწავლო პროცესი განახლდეს უსაფრთხო გარემოში, ყველა რეკომენდაციის და წესების დაცვით. მინდა აღვნიშნო, რომ სკოლების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა სრული მზადყოფნა სასწავლო პროცესის აღსადგენად. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის რაც შეიძლება ფართო საზოგადოების ნაწილამდე მიტანა – თუ როგორ მოხდება სასწავლო პროცესის წარმართვა. ამის ინსტრუქტაჟიც არსებობს და ბუნებრივია, სკოლების დირექცია და დამრიგებლები აქტიურად ჩერთვებიან ამ ინფორმაციის გავრცელებაში. სკოლის ფართისა და ბავშთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეულ შემთხვევაში, იყოს საჭირო ჰიბრიდული მოდელის გამოყენება. ამ ყველაფერს კონკრეტულად, სკოლების დირექციასთან ერთად გადავწყვეტთ. განხილული იქნება ალტერნატიული ვარიანტებიც. ბათუმის მხოლოდ რამდენიმე სკოლის შემთხვევაში შეიძლება იყოს ჰიბრიდული სწავლების საჭიროება, თუმცა, ძირითადად, ამის აუცილებლობა სკოლებში არ გვაქვს.
– მშობელთა ნაწილი ამბობს, რომ არ აპირებენ თავიანთი ბავშვების სკოლაში გაშვებას, პირველ კვირას მაინც. . . ისინი თავს იკავებენ, აქვთ ეჭვები და ა.შ. თუკი დასწრება ნაკლები იქნება, განიხილება თუ არა ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა?
– დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით აზრები გაიყო, თუმცა აქამდე ცალსახად იყო მოთხოვნა, რომ სასწავლო პროცესი აღდგენილიყო და ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციების, სპეციალისტების შეფასების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში არის იმედისმომცემი და იმის მანიშნებელი, რომ სწავლა განახლდეს უსაფრთხოდ. ამას ასევე ამყარებს ის, რომ ჩვენს სკოლებში მზაობის კუთხით კარგი ვითარება გვაქვს. დისტანციური სწავლების მოთხოვნები სკოლებში და სამინისტროში არ შემოსულა. შესაბამისად, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეპიდემიოლოგების რჩევით და სკოლებში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მზად ვართ, რომ სასკოლო სივრცეში განახლდეს სწავლა. მოვლენების სავარაუდო განვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არსებობს პროტოკოლები, სადაც გაწერილია თითოეული შემთხვევა – ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში როგორ უნდა რეაგირებდეს სკოლა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროსთან ერთად. ასევე, სწრებადობის მიხედვით რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება თავიდან უფრო ეფექტიანად ავიცილოთ, სკოლებში ბუფეტებისგან, კვების ორგანიზებისგან პირველ ეტაპზე თავს შევიკავებთ. არსებული საკითხის მოწესრიგება სასურველია ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდეს, შესაბამის გადაწყვეტილებებს კი მოვლენების განვითარების მიხედვით მივიღებთ. პარალელურად, შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ სკოლებში კვების ობიექტები სწორად ამოქმედდეს. ამჟამად, რეგიონში მიმდინარეობს სკოლის თანამშრომლების და მასწავლებლების ტესტირების პროცესი. პარალელურ რეჟიმში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად. ისინი დეტალურად აწვდიან სკოლის თანამშრომლებს, მასწავლებლებს ინსტრუქციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნას დაცული რეკომენდაციები, წესები, რომლებიც სამედიცინო პროტოკოლითაა გათვალისწინებული. იმ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხების დაცვა, რომლებსაც სასწავლო სივრცეში მოსწავლეებთან და ერთმანეთთან შეხება მოუწევთ, ჩვენი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი გაგრძელდება ყოველ 2 კვირაში ერთხელ, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
რა პროცედურები ჩატარდა სკოლაში და როგორ ემზადებიან სასკოლო პროცესის აღსადგენად, ამის შესახებ ბათუმის №1 საჯარო სკოლის დირექტორ ნატალია მგელაძეს გავესაუბრეთ.
– ჯერკიდევ სექტემბრის დასაწყისში გავიარეთ შრომის ინსპექციის შემოწმება. კითხვარი იყო საკმაოდ მოცულობითი და ითვალისწინებდა ძალიან ბევრ რამეს, დაწყებული სადეზინფექციო ხსნარების და სხვა მარაგების არსებობით, დამთავრებული კლასებში დისტანციის დაცვით, ყველაფრის უზრუნველყოფით, დერეფნებში მარკირების გაკეთებით და ა.შ. ამ კითხვარის მიხედვით სკოლა მოვამზადეთ და შემოწმებაც წარმატებით გავიარეთ. სწავლა სექტემბერშივე რომ დაგვეწყო, ეს მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეები მიგვეღო, რადგან აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა, რომელიც იყო გაწერილი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ, იყო უზრუნველყოფილი. მას მერე ვიყავით დისტანციურ სწავლებაზე და ფაქტობრივად, მარაგიც არ დაგვიხარჯია, თუმცა ორი დღის წინ მივიღეთ დამატებითი მარაგიც – ის კონცენტრანტები, რომლებიც დეზინფექციისთვის გამოდგება და დამატებითი რაოდენობის პირდბადეებიც. ამის გათვალისწინებით, სკოლას აქვს აბსოლუტურად ყველანაირი საშუალება, რომ სასწავლო პროცესში მოსწავლეებს ხელების ხშირად დამუშავება შეეძლოთ. სველი წერტილები არის მოწესრიგებული, უზრუნველყოფილია ხელსაშრობებით, ხელსახოცებით, ჰიგიენური საშუალებებით, რომლებიც ისედაც ყოველთვის გვქონდა. ამჟამად კიდევ ერთხელ გენერალურად დავალაგეთ სკოლის ყველა წერტილი, შაბათ-კვირას მთელ შენობას დეზინფიცირებას ჩავუტარებთ – სპეციალური ხსნარით დამუშავდება ორივე კორპუსი, რათა ორშაბათს მოსწავლეების მიღება შევძლოთ მათთვის უსაფრთხო გარემოში. ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებდით, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება მუდამ პრიორიტეტული უნდა იყოს ,ზოგადად, საგანმანათლებლო სივრცეებში, მაგრამ ახლა ამას, განათლებასთან ერთად, გასაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. შევეცდებით, რომ ბავშვებს მაქსიმაულად უსაფრთხო გარემო დავახვედროთ.
– თქვენი აზრით, დაწყებულიყო უნდა თუ არა სასწავლო პროცესი ახლა, როცა ჯერ კიდევ არ დაგვიმარცხებია კოვიდინფექცია?
– მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ კითხვებს ვერასოდეს ავარიდებდით თავს, მიუხედავად იმისა სასწავლო პროცესი მარტში დაიწყებოდა თუ აპრილში. ყოველთვის იქნებოდნენ ნეგატიურად განწყობილი მოქალაქეები, საზოგადოების ნაწილი. ყოველთვის იარსებებდა ის მოსაზრება, რომ ახლა ამის დრო არ არის. მიმაჩნია, რომ თუ სკოლა შეეცდება, მაქსიმალურად უზრუნველყოს ბავშვთა უსაფრთხოება, თუ ჩვენთან ერთად, ასევე, პასუხისმგებლობას აიღებს და გაიზიარებს მშობელი, პირისპირ სწავლება გაცილებით ბევრი თვალსაზრისით უკეთესი იქნება მოსწავლეებისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როცა ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე ვიყავით, მოსწავლეებისგან არაერთი ზარი, შეტყობინება, თხოვნა და სურვილი მოდიოდა, რომ პირისპირ სწავლებაზე გადავსულიყავით. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სკოლის ადმინისტრაციაც, მასწავლებლებიც და მშობლებიც ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით ყველაფერს და ამ რთულ პერიოდში სასწავლო პროცესს ღირსეულად წარვმართავთ.
– დისტანციური სწავლება, სურვილისამებრ, ძალაში რჩება?
– ამ ეტაპზე, ჯერჯერობით არ გვაქვს მშობელთა მომართვიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით. არცერთი მშობელი არ მოსულა სკოლის ადმინისტრაციაში და არ განუცხადებია ამის შესახებ. ერთი წლის განმავლობაში ჩვენს შვილებს თავშეყრის ადგილებს ვარიდებდით და მესმის, რომ მშობლებს აქვთ შიში. ცდილობენ დაიცვან ბავშვები და ეს ბუნებრივია, შეიძლება გარკვეული მიზეზებიც ჰქონდეთ, რის გამოც შეიძლება თავი შეიკავონ ბავშვის სკოლაში გამოშვებისგან, მაგრამ თუ კი დარწმუნდებიან იმაში, რომ სკოლა მაქსიმალურად ცდილობს, დაიცვას ყველა რეგულაცია, ყველა ზომას მიმართავს ბავშვების უსაფრთხოებისთვის, ვფიქრობ, ნელ-ნელა გაუქრებათ ეს განცდა და მეტ ნდობას გამოუცხადებენ სკოლებს. თუ სწრებადობა ნაკლები იქნება, შევისწავლით მიზეზებს, რატომ არ გამოცხადდნენ სკოლაში და შევეცდებით, ყველანაირად დავარწმუნოთ მშობელი იმაში, რომ სკოლამ შეძლო ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით №3 საჯარო სკოლისა და ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ გერმანული ენის მასწავლებელ ლილიანა ვასაძის მოსაზრებაც მოვისმინეთ.
– ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო ცნობა პირველი თებერვლიდან ცოცხალი სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ. ეპიდემიოლოგებისა და ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავიცავთ, თუმცა სკოლის ფარგლებში რამდენად მოხერხდება დისნტაცირება, რთული საკითხია. პირბადე და პირადი ჰიგიენის დაცვა, რასაკვირველია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ამჟამად მასწავლებლების ტესტირებებიც მიმდინარეობს და სკოლების დირექციებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოემზადონ, თუმცა წინასწარ არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება.
– როგორც მშობელი, აპირებთ თუ არა შვილი სკოლაში გაუშვათ?
– როგორც მშობელი, ძალიან ვშიშობ. ინფორმაცია ვრცელდება, რომ ეპიდემიის მესამე ტალღა იქნება, ბავშვებში უცნობი ვირუსის მუტაცია ხდება, ლაპარაკია ბრიტანეთის უცნობ შტამზეც. . . ეს ყველაფერი ერთმანეთს ლოგიკურად რომ დავუკავშიროთ, ნამდვილად მოულოდნელი იყო ახლა სკოლების გახსნა, ვფიქრობ, ცოტა საფრთხის შემცველიც კი. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვიქნები იმ მშობელთა სიაში, ვინც ასე ფიქრობს. ძალიან რთულია, წინასწარ ყველაფრის პროგნოზირება. თუ ბავშვებში ვირუსის მუტაცია მართლაც დაიწყება, შედეგებს როგორ გავუმკლავდებით? სავარაუდოდ, ჩემს შვილს პირველი კვირების განმავლობაში სკოლაში ვერ გავუშვებ. ყველა დედამ იცის მისი შვილის იმუნიტეტის შესახებ და ამის მიხედვით საზღვრავს. ჩემს შვილს ახალი კორონავირუსი გადატანილი აქვს და ეს ცოტათი მამშვიდებს, თუმცა იმდენად ვერაგი ვირუსია, არავინ იცის, შემდგომში რას გამოიწვევს, ამიტომ „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“. სკოლები მარტის თვიდან რომ გახსნილიყო, უკეთესი იქნებოდა. ეს ჩემი პირადი აზრია, რადგან თებერვალში, კორონავირუსს რომ თავი დავანებოთ, სხვა ვირუსების მომრავლებაცაა. ბავშვების იმუნიტეტიც როგორია? – მთელი წელი სახლებში ისხდნენ და ვიტამინებს სვამდნენ. . . თუმცა, როგორც მასწავლებელი, ვალდებული ვარ გავიდე სამსახურში და დავიცვა ყველა წესი, მივყვე ეპიდემიოლოგების რჩევებს. პედაგოგებმა უნდა დავიცვათ როგორც მოსწავლეები, ისე საკუთარი თავი, – გვითხრა ლილიანა ვასაძემ.