ხელვაჩაურის ბიუჯეტი 581 514 ლარით გაიზარდა
ნათია იმნაიშვილი 27 48 93-
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 518 514 ლარით გაიზარდა. თანხა მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის დაიხარჯება. კერძოდ, სოფელ ზანაქიძეებში ფარტენაძეების, დიდმანიძეების და გურგენიძეების დასახლებებში შიდა სამანქანე ხიდის მოსაწყობად 121 210 ლარი გამოიყო, ხოლო სოფელ მირვეთში ცენტრის კეთილმოწყობისათვის 170 752 ლარი. გრძელდება წინა წელს დაწყებული, სასმელი წყლის ორი პროექტი. სოფელ წინსვლაში ვანელების დასახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის რეზერვუარისა და მაგისტრალის მოსაწყობად 67 707 ლარი და სოფელ სამებაში სასმელი წყლის ჭაბურღილის რეზერვუარისა და მაგისტრალის მოწყობად 106 845 ლარი დაიხარჯება.
– აღნიშნული თანხა მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ.
დღესვე სხდომაზე განიხილეს საკრებულოს წევრის ადგილმონაცვლეობის საკითხი. ნადიმ ვარშანიძის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის შემდეგ, საკრებულოში იგი ილია სირაბიძემ ჩაანაცვლა.