გოგონა, რომელიც ულამაზესი ნახატებით აცოცხლებს ჭიქებს, დოქებს…
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
ბავშვობიდან უყვარს ქსოვა, ქარგვა, სხვადასხვა ხელსაქმე. მეგობრებსა და ახლობლებს უმზადებდა აქსესუარებს – თმის სამაგრებს, საყურეებს, სამაჯურებს. თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც ულამაზესი ნახატებით აცოცხლებს ჭიქებს, დოქებს.
წარმოგიდგენთ 30 წლის თათია მჭედლიშვილს, რომლის ნამუშევრებმაც უამრავი ადამიანი მოხიბლა.
– თათია, როგორ და რატომ დაიწყე ეს საქმე ?
– 3-4 წლის წინ ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს, ნამუშევრები სოციალურ ქსელში, გასაყიდად, ამეტვირთა. მანამდე ჩემს შემოქმედებას მხოლოდ ახლობლები იცნობდნენ. . . გადავწყვიტე მეცადა და გავაკეთე გვერდი. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, უამრავი კომენტარი და შეტყობინება მივიღე. ამის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი საქმე. ყველაზე მეტად მაინც ჩემი მომხმარებლების თბილი სიტყვები მახარებს და მაბედნიერებს, ამასთანავე, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავალიც, რაც ამით გამიჩნდა.
– ვინ ან რა არის შენი მუზა ?
– მუზა ჩემი მომხმარებლები და ის ათასობით ადამიანია, რომლებსაც მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, რომლებიც არ იშურებენ თბილ სიტყვებს. ეს ყველაზე დიდი სტიმულია ჩემთვის.
– რომელიმე ნამუშევარი თუ გიყვარს გამორჩეულად?
– სიმართლე გითხრათ, ყველა ჩემი ნამუშევარი ისე მომწონს და მიყვარს, რომ ზოგჯერ ვერც კი ვიმეტებ გასაყიდად.
– რა ადგილი და დრო უჭირავს ხელოვნებას შენს ცხოვრებაში ?
– ვაფასებ ხელოვნებას და ყველა ხელოვან ადამიანს. სულ მინდა რაღაც ახალი შევქმნა, სულ ამ საქმეში ჩაფლული მინდა ვიყო. ხელოვნება ჩემთვის არის ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალება, ყოფილა შეკვეთა, რომლის დამზადების დროს დამთენებია კიდეც. შესაბამისად, ეს არის ის, რითაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– რის გაკეთებას გეგმავ მომავალში ?
– მინდა მქონდეს საკუთარი სახელოსნო და მაღაზია, სადაც დავასაქმებ სხვადასხვა ხელსაქმის ოსტატებს. აქ გაერთიანებული იქნება თექა, ქსოვა, ქარგვა და მრავალი საინტერესო მიმართულება.