მუხრან ვახტანგაძე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ ქართული ჭიდაობის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ ჯემალ წულუკიძესთან და ბერძნულ-რომაულის პრეზიდენტ ანზორ ლაზიშვილთან ერთად ბრიფინგი გამართა.
მუხრან ვახტანგაძე მის მიმართ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს. მისი თქმით, არანაირი დაპირისპირება მასსა და აღნიშნული ფედერაციების მოქმედ პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა, ის კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეხლა-შემოხლას თუ დაჭრას. როგორც ის ამბობს, მას არცერთი ფედერაციის პრეზიდენტობა არ სურს.
– გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და სრული აბსურდი. ქართული ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია ჯემალ წულუკიძე, ბერძნულ-რომაულის – ანზორ ლაზიშვილი. არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო რომელიმე ფედერაციის პრეზიდენტი. არც დაჭრილი ვარ. შეგიძლიათ შემამოწმოთ. კონფლიქტში არც კანონიერი ქურდების ჩარევა ყოფილა, ესეც სრული აბსურდია. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, არც არავინაა დაჭრილი და დაშავებული, – თქვა მუხრან ვახტანგაძემ.
-არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა ჩვენს შორის, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჭორი. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მუხრან ვახტანგაძე ნამდვილად არ არის პრეზიდენტობის კანდიდატი. რაც შეეხება იმას, რომ დღეს ჩატარდა ფედერაციის ყრილობა, ესეც ტყუილია. მსგავსი შეკრება არც დღეს ჩატარებულა და არც გუშინ, – აღნიშნა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ.
– ეს დეზინფორმაცია ემსახურება ერთადერთ საქმეს, რომ შეილახოს მუხრან ვახტანგაძის ავტორიტეტი, რაც შეეხება კანდიდატს, ჩემი ინფორმაციით ერთ-ერთ ბიზნესმენს სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, – განაცხადა აჭარის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ანზორ ლაზიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები 10 თებერვალსაა ჩანიშნული.

