პირველი თებერვლიდან საზღვრის კვეთის რეჟიმი შემსუბუქდება
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის რეჟიმი მსუბუქდება, – ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენების განახლებასთან ერთად შევა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე დაამტკიცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ პისიარტესტის უარყოფითი პასუხი და რვადღიანი იზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით გაიკეთონ განმეორებითი ტესტი. ამასთან, როგორც თურნავამ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ წარადგენენ პისიარტესტის პასუხს, რვა დღის ნაცვლად, 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.
– მოგეხსენებათ, პირველი თებერვლიდან ხდება რეგულარული ფრენების აღდგენა. შესაბამისად, ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის გადახედვაზე. უფრო კონკრეტულად, ხდება შემსუბუქება, რაც ხელს შეგვიწყობს რეგულარული ფრენების აღდგენის პირობებში, ყველა ეპიდემიოლოგიური წესის დაცვით, თანდათან ავამოქმედოთ ტურისტული პოტენციალი. დღემდე საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ან ნეგატიური პისიარტესტით და ამ შემთხვევაში რვადღიან თვითიზოლაციაში გადადიან, ან თუ მათ არ აქვთ პისიარტესტი წარდგენილი, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან. პირველი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება გარკვეული შემსუბუქება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება – შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური პისიარტესტით და ძველებურად რვადღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი პისიარტესტი ჩაიტარონ. ამ შემთხვევაში, თავისუფლები არიან თვითიზოლაციიდან, – განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტიორებს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ნიშნავს ორ სრულ დოზას, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობოდ შემოსვლა.
– ვითვალისწინებთ, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი სამიზნე ჯგუფი თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებული ვიზიტიორებისთვის, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, შესაძლებლობა ექნებათ ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ პისიარტესტი, ანუ ჩვენ აქ პისიარ ტესტის ვალდებულებას ვაუქმებთ. მათ ექნებათ შესაძლებლობა მესამე დღეს ჩაიტარონ პისიარტესტი, კომფორტულად შემოვიდნენ და იგრძნონ თავი საქართველოში. ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით და დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ 72 საათში ჩატარებული პისიარტესტი ნეგატიური პასუხით ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შემდეგი კვირიდან ძალიან აქტიურად, ჩვენი ტურიზმის აქტიური ჩართულობით დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან, ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან ახალი წესების გასაცნობად.. გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები და ვიცი,, რომ ისინი ამას გაგებით მოეკიდებიან, პირიქით მონაწილეებიც არიან ამ რეკომენდაციების შემუშავების და უნდა დავიწყოთ ფიქრი, სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველი ჯგუფები უცხოელი მოქალაქეების, ვისაც სურთ, დაათვალიერონ საქართველო და ამისთვის იცით, რომ ჩვენ ეტაპობრივად დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით ვხსნით სხვადასხვა რეგიონს. ამ ეტაპზე ეს არის აჭარა და მივიჩნევთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული“, – განაცხადა თურნავამ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებაში. პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრების გავლით ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის ცვლილებაზე, პარალელურად გრძელდება ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებები ვითარების დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღება.
სხდომაზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციაზე ისაუბრა საბჭოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, დღეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ყველაზე ნაკლებია და 3.5 პროცენტს შეადგენს, ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი – 4.7 , ხოლო ბოლო 14 დღის – 5.8 პროცენტია. მისივე განმარტებით, სტაბილიზაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბოლო 14 და 7 დღის მონაცემებს და შესაბამისი გადაწყვეტილებები ნებისმიერი შეზღუდვის დამატებით შემსუბუქების მიმართულებით, სწორედ მაშინ უნდა გადაიდგას, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 4 პროცენტზე ნაკლები იქნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესში მაქსიმალურად თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს და რისკი არ შეექმნას როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ისე ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივას. აღინიშნა, რომ არსებული ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მისი შენარჩუნების შემთხვევაში, ეტაპობრივი გახსნა დაგეგმილზე უფრო ადრე დაიწყება. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა ბავშვებს სასწავლო პროცესის კლასებში განახლების შესაძლებლობა მიეცეთ და ასევე – ეტაპობრივად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რათა მიღწეული შედეგები სტაბილურად შენარჩუნდეს.
საბჭომ იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებსა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. როგორც ცნობილია, საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო აღიარებაა.

