რატომ იღებდნენ და იღებენ ფილმებს ბათუმში?
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ამ რამდენიმე ხნის წინ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის მცირე სკვერში საერთაშორისო პროექტის – ფარგლებში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. პროექტის მიზანია პოსტინდუსტრიულ, ზღვისპირა ქალაქებში კულტურული მემკვიდრეობის დაგეგმვასა და განვითარებაზე ხელოვანების (არტისტების) გავლენის შესწავლა. მისი პარტნიორი საქართველოდან „ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი“/B
იყო. პროექტით
რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლევან წულუკიძის მუსიკალური ვიდეოარტის „სუიტა კოორდინატი 41“ და ირაკლი ძნელაძის და ზაირა ნადირაშვილის არტ ინსტალაციის (პერფორმანსის) ვიდეოპრეზეტანციები.
რაც შეეხება ბოლო ორ გაერთიანებულ ღონისძიებას, მასზე წარმოდგენილი იყო შოთა გუჯაბიძის ფოტოების გამოფენა – „ბათუმი – კინოში და კინო – ბათუმში“. მათზე ჩვენს ქალაქში გადაღებული კინოფილმების კადრები და ამ ადგილების (შენობების) დღევანდელი მდგომარეობაა ასახული. იქვე მოეწყო გიორგი გოგიბერიძის არტ/ვიდეო ინსტალაცია „დუპლიკატი.“ ვიდეოარტში გამოყენებული იყო კინოკადრები ბათუმში გადაღებული ფილმებიდან და იმავე ადგილების ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეოპრეზენტაცია ერთიან კადრში.
როგორც შოთა გუჯაბიძემ გვითხრა, მას შემდეგ, რაც ამ პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს, გაუჩნდა იდეა, წარმოეჩინა კინოში გადაღებული და დღევანდელი ქალაქი.
– ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს. მე ბოლო ეტაპზე ჩავერთე. იგი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდებოდა, მათ შორის, ერთ-ერთი ბათუმია. უნდა გვეჩვენებინა, რა მდგომარეობაშია პოსტინდუსტრიული ქალაქი დღეს, რომელიც რაღაც დონეზე უნდა წარმოგვესახა როგორც „წყლის ქალაქი“, პროექტსაც „წყლის მეხსიერება“ ჰქვია. ჩვენი ქალაქის დაარსების ერთ-ერთი პირობა არის წყალი და მის ისტორიას, ცხოვრებას, გარკვეულწილად, წყალი განაპირობებს, ამიტომ გამიჩნდა იდეა, წარმომეჩინა ბათუმი, სადაც სწორედ ამ წყლის გამო არაერთი კინოა გადაღებული. აქ არის ზღვა, რომელიც ბევრ ფილმში დომინირებს. ეს იდეა შევთავაზე ზვიად ელიზიანს, რომელიც ამ პროექტის კოორდინატორი გახლავთ. ვუთხარი, რომ გადავიღებდი ბათუმში შექმნილი ძველი ფილმებიდან ადგილებს და ვაჩვენებდი, რა მდგომარეობაშია ახლა. იდეა მოეწონათ. დავიწყე განხორციელება, რაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ბევრი ადგილი, შენობა აღარ არის შენარჩუნებული. შევეცადე ისეთი კადრები შემერჩია, რომ მათგან რაღაც მაინც აღგვედგინა. . . სხვათა შორის, დიდხანს ვიღებდი, დამუშავებას, ბეჭდვასაც ხომ დრო უნდა, მით უმეტეს, ამ პანდემიის პირობებში, თუმცა შევძელი, რაც სასიამოვნო ფაქტია.
– ჩვენთან გადაღებული ძველი ფილმი რომელია?
– ეს არის 1912 წელს ციდან გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც იდენტიფიცირებულია. შემდეგია 1915 და 1919 წლებში შექმნილი კინოქრონიკა, პირველი მხატვრული ფილმი კი 1923 წელს გადაიღეს. ფოტოებზე წარმოდგენილებიდან ყველაზე ძველია „ამუკი“ (1927 წელი). შევეცადე ზოგიერთ ფოტოში რაღაც მხატვრული ელემენტები შემეტანა, ზოგი ყოველგვარი ჩარევის გარეშე გადავიღე.
– ალბათ, საინტერესო სამუშაო იყო. . .
– რაც კინოსთანაა დაკავშირებული, ყველაფერი მაინტერესებს, რადგან თავადაც კინორეჟისორი, მკვლევარი, ფოტოგრაფი, სამოქალაქო აქტივისტი ვარ და ვფიქრობ, ყველა ეს ჩემი თვისება ამ პროექტშია თავმოყრილი. აქ წარმოდგენილის გარდა, კიდევ მაქვს ძველი ფოტოები, რომელთა გამოფენა ვერ მოხერხდა. მომწონს ეს იდეა და შესაძლოა, კიდევ გავაგრძელო გადაღება. მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ეთნოფორის“ წამყვან მიხეილ გაბაიძეს, რომელიც დამეხმარა იდეის განხორციელებაში, – გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ფოტოები ფილმებიდან : „მონანიება“, „ჩამავალი მზე“, „ჩემი მეგობარი სიბილა“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ“, „მოცურავე“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“, „ამუკი,“ „მანანა,“ „სიყვარული და მტრედები“, „ფეოლა“. . . რა თქმა უნდა, ბათუმში გაცილებით მეტი ფილმია გადაღებული.
– ეს არის საავტორო კინოს ბათუმის კინოფესტივალის „ბიაფის“ ერთ-ერთი პროექტი – „კავშირი საქართველოსთან“ შვედ პარტნიორებთან ერთად. წამყვანი ქვეყანა იყო შვედეთი და მასთან ერთად პროექტში ვმონაწილეობდით ჩვენ და პოლონეთი. მისი განხორციელება დაიწყო შარშან, ოქტომბერში. იგი ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის არტისტების კოლაბორაციას ერთი თემის ირგვლივ. ამჯერად ეს გახლდათ „წყლის მეხსიერება“- ზღვისპირა ქალაქებში კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებული სიტუაციების დანახვა, მათი შეფასება არტისტების თვალით. პირველი ღონისძიება პოლონეთში გაიმართა, შემდეგ მათი აქ ჩამოსვლა იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ აქაური არტისტების ჩართულობით გაკეთდა რამდენიმე პროექტი. ერთია შოთა გუჯაბიძის, მეორე კი გიორგი გოგიბერიძის „დუპლიკატი“. აქაც ვიდეოარტია გადაღებული. ამ პროექტების წინა ეტაპი იყო „კოორდინატი 41“- ლევან წულუკიძის პერფორმანსი ზღვაში (მუსიკა, პოეზია. . .), მიძღვნილი ბათუმისადმი. კიდევ უფრო ადრე გაიმართა ირაკლი ძნელაძისა და ზაირა ნადირაშვილის ერთობლივი ღონისძიება ძველ ბათუმურ ეზოში. დღეს პროექტის ერთგვარი შეჯამებაა და სპეციალურად მოვაწყვეთ ღია სივრცეში, რათა გამვლელებსაც ენახათ, – გვითხრა „ბიაფის“ მენეჯერმა და პროექტის იდეის ავტორმა ზვიად ელიზიანმა.
– შარშან რამდენიმე ბათუმელი არტისტი ზვიადთან ერთად წავედით გდანსკში (პოლონეთი), სადაც ამ პროექტის („წყლის მეხსიერება“) პირველი ეტაპი გაიმართა. იქ სხვადასხვა მიმართულების არტისტები (დახლოებით 7-8 ქვეყნის წარმომადგენელი მხატვარი, მუსიკოსი, რეჟისორი. . .) მუშაობდნენ დამოუკიდებლად, მაგრამ ერთ სივრცეში. ბათუმიდან მე და ირაკლი ძნელაძე ვიყავით ჩართული პროექტში. პირველი შეხვედრიდანვე გამოიკვეთა, რომ შესაძლებელია არტისტების კოლაბორაცია. მუშაობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. . . მე და შოთა გუჯაბიძეს თავიდანვე კინო გვქონდა არჩეული და ფოტო და ვიდეოინსტალაციაც ერთობლივად შედგა, რაღაც ერთ კონცეპტუალურ ხაზს დაექვემდებარა. ვფიქრობთ, დამთვალიერებლისთვის ეს საინტერესო აღმოჩნდა,- გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, არტისტმა გიორგი გოგიბერიძემ.
შოთა გუჯაბიძის ფოტოებს, ვიდეოებს ინტერნეტში ვნახულობ. ის აცოცხლებს კინემატოგრაფიულ ბათუმს. სწორედ მისი ფოტოებიდან გავიგე, რომ ქალაქში არაერთი შესანიშნავი ფილმია გადაღებული და არა მხოლოდ საბჭოური. საერთოდ, ბათუმი ბევრი რამითაა კინემატოგრაფიული ქალაქი – ზღვით, მთით, სიძველით, არქიტექტურით. პირველი ფილმი თითქმის ასი წლის წინანდელია („ამუკი“). აქ „ბოლივუდმაც“ (ინდოეთი) გადაიღო ფილმი, თურქეთიც იღებს. თუ გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ბუნებრივია, მეტიც უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. ვფიქრობ, იდეა, რომელიც აქ გაჟღერდა ბათუმის კინომუზეუმის შექმნასთან დაკავშირებით (ხულოს ქუჩაზე, ძველი აბანოს შენობაში), ძალიან ღირებულია. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გახდება ტურისტებისთვის. ძველმა თაობამ კარგად იცის ცნობილი ფილმი „სიყვარული და მტრედები“, რომლის ერთ-ერთი საკვანძო სცენა სწორედ ბათუმშია გადაღებული (სხვათა შორის, მასში ჩვენი „რვაფეხაცაა“ აღბეჭდილი). ქალაქის არაერთი ადგილია აღბეჭდილი ფილმებში „მოცურავე“, „ფეოლა“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მონანიება“. . . გადაღებებს თან ახლავს საინტერესო ისტორიები. როცა მუზეუმი შეიქმნება, იქ არა მხოლოდ ფოტოები უნდა გამოიფინოს, არამედ ეს პატარა ისტორიებიც უნდა იყოს მოთხრობილი,- გვითხრა ბსუ-ს პროფესორმა, კინომოყვარულმა გიორგი მასალკინმა.

