„ფესვები“ მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის ანსამბლია“
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ნერიმან დიასამიძე, მერი თურმანიძე, აიშე ჭაღალიძე, თამარ დიასამიძე-მიქელაძე, ეთერ მჟავანაძე, ნანული გოგიტიძე ერთი თაობის არიან. მათ შუახევის რაიონის კულტურულ ცხოვრებაში თავისი წვლილი შეიტანეს. საბიბლიოთეკო მუშაობასთან ერთად, სცენასაც არ ღალატობენ. წელს თამარს საიუბილეო თარიღი აქვს. იგი დღემდე გამოვლილ გზაზე გვესაუბრება.
-დიასამიძეების გვარი ფურტიოში რამდენიმე ოჯახს ითვლის. ბრძენი, ჯან-ღონით სავსე წინაპრები გვყავდა. მევლუდ დიასამიძის რაზმში ფურტიოელი ილიას ხილაძეც იბრძოდა. ცნობილი ეთნოგრაფის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თედო სახოკიას მეგზური იყო ჩვენებური იუნუს ბერიძე. ზაზა შაშიკაშვილმა თურქეთის არქივებში მიაკვლია მასალებს მელიქიშვილების გვარის წინაპრების შესახებ. მათ ფურტიოში ეკლესიაც ჰქონდათ. არქეოლოგიური გათხრები სამი წლის წინ შედგა და მრავალ საინტერესო ექსპონატს მიაკვლიეს. ყველაფრის გვირგვინი მაინც ფურტიოს თაღოვანი ხიდია. 18 წლის, ახლად გათხოვილი გოგონა ვიყავი, როცა ფურტიოს თაღოვანი ხიდიდან, 1979 წლის ოქტომბერში, სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ დაიწყო. ისტორიული წარსული მე და ჩემს თანატოლებს საკუთარი ავტორიტეტის წარმოჩენისკენ გვიბიძგებდა.
– ოჯახური გარემო ხელს გიწყობდათ?
– მამას, მურთაზ დიასამიძეს, პირველი ცოლიდან 6 შვილი შეეძინა და ყველა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. 78 წელს მიღწეულმა, მეორე ცოლი, ქობულეთელი მერი ანანიძე შეირთო. 14-წლიან თანაცხოვრებაში 4 შვილი გავჩნდით. ორი ძმა და ერთი და ჩემზე უფროსები არიან. 6 წლის ვიყავი, როცა 92 წლის მამა გარდაგვეცვალა. ბევრს ახსოვს გასული საუკუნის 60-იანი წლები და ე.წ. ხრუშჩოვის ეპოქა. დედის მებრძოლი ხასიათი, სიძნელეებთან გამკლავების უნარი, კეთილმეზობლური ურთიერთობა და რაც მთავარია, მუსიკის სიყვარული რომ არა, შესაძლოა ჩვენი ცხოვრების გზა ავადმოსაგონარი ყოფილიყო. ვაჟებს საოჯახო საქმის გაძღოლა ასწავლა, გოგონებს ხელოვნება შეგვაყვარა. დედასთან ერთად ამაგს ვერ დავუკარგავ დაწყებითი კლასების მასწავლებელ ნაზიკო მახარაძეს. იგი დღესაც ცოცხალია. 84 წელი უკან მოიტოვა, მხნედ გამოიყურება. ხელოვნების მასწავლებელმა ვარდო სურმანიძემ, უფალმა მისი სული გაანათლოს, მეექვსე კლასის მოსწავლე სცენას მაზიარა. როგორც ამბობენ, ერთხელ თუ სცენის მტვერს ჩაყლაპავ, მერე მასთან განშორება ურთულესია.
– ალბათ, ნიჭს, სცენის სიყვარულს, ცეკვა-სიმღერისადმი ტრფიალს კლასიკური განათლებაც შეუხამეთ?
– ვინ დამაცალა. სკოლის მერხს გამოვემშვიდობე თუ არა, ფურტიოელი მიქელაძეების რძალი გავხდი. დინას, დიმას და თამუნას გაჩენამ განათლების მიღებაზე უარი მათქმევინა. მეუღლე ზაურ მიქელაძის, დედამთილ-მამამთილის თანადგომით სცენას არ ჩამოვცილებივარ. სოფლის კლუბის გამგედ დამაწყებინეს მუშაობა. კომუნისტური რეჟიმი უსაქმურობას არ გაპატიებდა. ფურტიო შუახევში მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი სოფელია. კლუბთან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ჩამოყალიბება მომთხოვეს. შუახევის კულტურის განყოფილების მაშინდელი ხელმღვანელების, ცალკეული სპეციალისტების თანადგომა არ დამავიწყდება. მათ მოტივაცია შემმატეს, გარკვეულ საფუძველს სკოლიდან გამოყოლილი გამოცდილებაც მაძლევდა – მეათე კლასში ვიყავი, როცა ფურტიოს საშუალო სკოლასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი რაიონულ დათვალიერებაზე წარმატებით წარსდგა და პირველი ადგილი დაისაკუთრა. მე წამყვანი სოლისტი გახლდით. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ბევრი რამ შეცვალა, თუმცა შუახევის კულტურის სფეროში დასაქმებულებმა სცენა, საყვარელი საქმე არ მივატოვეთ. 1993 წლის ივნისში უცხოეთში 80-წევრიანი ანსამბლით გასტროლზეც ვიყავით და გალათასარაის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატებიც გავხდით.
– ამ წლებმა კულტურისა და ხელოვნების მრავალი მოამაგე წარმოაჩინა. მათზე რას იტყვით?
– რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, ანზორ გოგიტიძის დამსახურებაა, რომ სცენას არ ჩამოშორდნენ „განდაგანას“ უბადლო ოსტატები მუხამედ ართმელაძე, ალიოსმან დავითაძე, მამია ჭაღალიძე, ხასან შარაშიძე. მეტი მოტივაცია გაუჩნდათ ლოტბარებს ნოდარ ფევაძეს, გელა ვადაჭკორიას, ქორეოგრაფებს ბადრი დარჩიძეს, ჯამბულ დავითაძეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში, სოფლებში ბიბლიოთეკები დახურეს, სასოფლო კლუბებს გზა-კვალი აურიეს. ხელოვნების სიყვარულმა თავისი ქნა და სხვათა აქტიურობით, შუახევის კულტურის ცენტრთან უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“ ჩამოყალიბდა. 2007 წლიდან მოყოლებული, ამ ანსამბლის წევრი ვარ. 14 წელი ხელოვნებისა და ხელოვანისათვის საკმაო დროა. „ფესვები“, მისი წევრების ხელოვნება ჩემს თვალწინ გამოიძერწა და წარმოჩნდა. უდიდესი აღიარება იყო ფოლკლორის ეროვნული პრემიის მოპოვება, გასტროლი პოლონეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში. „ფესვები“ მეგობრობის, თანადგომის, სიყვარულის ანსამბლია.
– ამ შეფასების საფუძველს რა გაძლევთ?
– მახსენდება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსაბლების 2009 წლის საანგარიშო შეკრება თბილისის სპორტის სასახლეში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ქვეყნისა და უკრაინის რესპუბლიკის პირველ პირებთან ერთად, დარბაზში შემობრძანდა. ანსამბლის უხუცესი წევრი ტარიელ მაკარაძე იმ მომენტში სცენაზე იდგა და ჩვეული არტისტიზმით, „ჰიდაინანოს“ ასრულებდა. . . ეს საოცრად ამაღელვებელი მომენტი იყო ყველასთვის.
უკან დაბრუნებისას ანსამბლის წევრი დავით მჟავანაძე ავტოავარიაში მოყვა, ჯერ ქარელის რაიონული საავადმყოფოს, შემდეგ გორის ჰოსპიტალის ექიმებმა მის გადასარჩენად ენერგია არ დაზოგეს. კულტურის ცენტრის მაშინდელი ხელმძღვანელი ზაურ დავითაძე რამდენიმე დღე მის საწოლს არ მოშორებია. „იკარუსის“ მარკის ავტობუსში 60-ზე მეტი მგზავრი ვიყავით. გზად ამბავი დაგვაწიეს, რომ დავითმა გონება დაიბრუნა. ახლაც თვალწინ მიდგას ქუთაისთან მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში გამართული ცეკვა-სიმღერა. ეს მეგობრის, ანსამბლის წევრის გადარჩენის პატივსაცემად გაკეთდა. ხუთი წლის წინ თურქეთის რესპუბლიკის ლაზურ სოფელში გამართულ ფესტივალზე მიგვიწვიეს. ტარიელ მაკარაძისთვის ეს უკანასკნელი გასტროლი აღმოჩნდა – სამი წელია იგი ჩვენს გვერდით აღარაა. მასთან ერთად გამოვდიოდით მე და ნანული გოგიტიძე. ნომერი რეპერტუარიდან არ ამოგვიღია. ტარიელი ლევან ფუტკარაძემ ჩაანაცვლა. ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ანსამბლიდან წავიდა ჯაბნიძეებელი ნუგზარ თავდგირიძე. წუთისოფელში აღარ არიან მუხამედ ართმელაძე, მამია ჭაღალიძე, ხასან შარაშიძე, ალიოსმან დავითაძე, არჩილ აბაშიძე. ანსამბლის უცვლელი ქორეოგრაფის, ბადრი დარჩიძის დამსახურებაა, რომ მათ ილეთებს შვილები, იმ სოფლის ან ხეობის მკვიდრები ასრულებენ. იმასაც აღვნიშნავ, რომ მუხამედ ართმელაძე ჩვენს ანსამბლში გამორჩეული იყო. ის სცენას აზანზარებდა, „განდაგანას“ თავისებური არტისტიზმით ასრულებდა.
– მარტო შუახევში კი არა, ქვეყნის სხვა რეგიონებშიც იცნობენ „ფესვების“ ხელოვნებას. ეს აღიარება რამ განაპირობა?
– „ფესვების“ უხუცეს თუ მომდევნო თაობის წევრებს ერთი სურვილი, ერთი მიზანი გვაქვს – დავრჩეთ ხელოვნების ერთგულები. ეს ლიტონი სიტყვები არაა. ერთი შემთხვევაც კი კარგად წარმოაჩენს თითოეული წევრის პასუხისმგებლობას. შარშანწინ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ინეგოლში „ჩვენებურების“ ფესტივალზე მიგვიწვიეს, ანსამბლის უხუცეს წევრს, 85 წლის შოთა (ობეხე) დიასამიძეს საბაჟო შემოწმებისას საჭირო საბუთები არ აღმოაჩნდა. იგი სასწრაფოდ დაბრუნდა უკან. დოკუმენტები აიღო და ტრაპიზონში მოგვისწრო. ესაა ანსამბლის წევრების პატივისცემა, დიდი პასუხისმგებლობა.
– „სცენის მტვერი“ მარტო თქვენ შეიყვარეთ თუ. . .
– დიმა მუსიკალური ინსტრუმენტების ვირტუოზია. დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული, ხალხურ საკრავებზე უკრავს. ორი შვილის მამა, ახლა ზღვებსა და ოკეანეებს სერავს. იგი უკრაინული კომპანიის გემის მეზღვაურია. ორი სტუდენტისა და უმცროსკლასელის დედაა დიანა, რომელიც შუახევის კულტურის ცენტრთან ჩამოყალიბებულ ქალთა ანსამბლ „ნაის“ წევრია. თამუნა ერთ შვილს ზრდის. ისიც შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული ანსამბლის – „ზე-კართან“ წევრია.
– საოჯახო ანსამბლის ჩამოყალიბებაზე არ გიზრუნიათ?
– ამ მიმართულებით ვმუშაობთ, თანაც საკმაოდ აქტიურად. მე და შვილები მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით ვმღერით, ხალხში დავიწყებულ ცეკვის ნიმუშებს ვეძებთ და სცენაზე გამოგვაქვს. საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი თოფუზ გაბაიძის, ენვერ ხალვაშის, ედემ (ქოჩახელა) სურმანიძის ხელოვნება. ახლაც წარმატებით გამოდიან ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები: „სხალთა“, „ვერნები“, „ხიხანი“, ფუშრუკაულელი ლევან სურმანიძის საოჯახო ანსამბლი. მათგან ბევრს ვსწავლობთ, სანიმუშო ილეთებს ვიღებთ და სცენაზე გამოგვაქვს, არც შუახეველი და ქედელი ხელოვანების საშემსრულებლო ოსტატობას ვუვლით გვერდს.