შოთა გუჯაბიძე: თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელში ბულვარი აღარ გვექნება
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97
ზღვისპირა პარკში გამართულ აქციაზე, სადაც ბათუმელებმა ბულვარის მეორე ზოლში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტეს, არაერთ გამომსვლელთან ერთად, სიტყვით გამოვიდა ბათუმის იერსახის ერთ-ერთი გამორჩეული დამცველი, საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე, რომელსაც მოგვიანებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
– ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი და საიდან დავიწყო არ ვიცი, – თქვა მან, – პირველ რიგში, მინდა გავიხსენო ზუსტად ერთი წლის წინ, ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირის მიერ დადებული პირობა, რომ ამ ადგილზე, რაზეც ნებართვა იყო გაცემული, იმაზე მეტი არ აშენდებოდა, მაგრამ. . . არსებობს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ, სადაც ჩამოთვლილია, თუ რა სახის სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს ძეგლის გადასარჩენად – რესტავრაცია, რეაბილიტაცია, კონსერვაცია და ასე შემდეგ. აქ ამათგან არცერთი არაა და, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, კანონი დარღვეულია. ქალაქის ამ ნაწილში დაუშვებელია მრავალსართულიანი ობიექტის მშენებლობა და მთავარი მაინც ისაა, რომ ბათუმელების აზრი არ არის გათვალისწინებული. ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო 15 წელი მაქვს მხედველობაში, ბულვარი კარგავს იერსახეს. არადა, ეს ადგილი არ არის ხელისუფლების საკუთრება, ეს ხალხის, ამ კუთხის, მთელი საქართველოს საკუთრებაა. თუ ჩვენ ახლა მათ მივცემთ უფლებას, განახორციელონ ის, რაც დაგეგმილი აქვთ, ჩათვალეთ, რომ რამდენიმე წელში ბულვარი აღარ გვექნება.
– ბატონო შოთა, არსებობს თუ არა განაშენიანების გენგეგმა და თუ არა, რატომ?
– გენგეგმის არარსებობა სწორედ იმ ხალხს აძლევს ხელს, ვინც ქალაქის ხარჯზე ფულის კეთებას აპირებს და აკეთებს კიდეც, გენგეგმა კი ამაში ხელს შეუშლის, რადგან ასეთი გეგმა მოწესრიგებულობას, სწორ განაშენიანებას, სწორ განვითარებას, ღირებულებების შენარჩუნებას ნიშნავს და ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუ კანონი იქნება, ეს მათ ხელს შეუშლის.
– რამდენი ხანია გრძელდება გენგეგმაზე მუშაობა?
– იცით, მინდა გითხრათ, რომ გენგემა ჩვენ გვაქვს მას შემდეგ, რაც ქალაქი დაარსდა, გამუდმებით, ამაში წყვეტა არ არის. ისევე, როგორც მეფის რუსეთის დროს, საბჭოთა პერიოდშიც და მისი დაშლის შემდეგაც რაღაც დოკუმენტები შედგა. . . მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა, ალბათ ასლან აბაშიძის დროსაც, რაღაც გენგეგმის მსგავსი დოკუმენტი, რომელიც ქალაქის განვითარების წინაპირობა იქნებოდა, არ გვაქვს. არის დოკუმენტი – მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც ქალაქის ზონირებას არეგულირებს. ზონირება ჰქვია, ვთქვათ, იმას, რომ ცალკეულ უბნებს მინიჭებული აქვს რაღაც ფუნქციური ზონის სტატუსი, სად რა შეიძლება აშენდეს – საქმიანი თუ საზოგადოებრივი და იმასაც, რომ იქ არ შეიძლება აშენდეს სასტუმრო, მაგალითად, „რივიერა“ (ეს ხშირად მომყავს საჩვენებლად). ანუ არის დოკუმენტები, რაც ამას კრძალავს, მაგრამ სჩადიან დანაშაულს. ამის უკან ყოველთვის კანონდარღვევაა. თუ კრიმინალური მენტალიტეტით მიუდგები დოკუმენტს, თუნდაც ასეთი არსებობდეს, შესაძლოა ისიც დაარღვიო. . .
– დავუბრუნდეთ ორსართულიან ბალნეოლოგიურ შენობას, რომელიც აქ იდგა. . . თავიდან რამდენი სართული იყო განსაზღვრული?
– თავიდან სამი სართული და ვერანდა (მანსარდი) იყო გათვალისწინებული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს იყო შეპარვითი პოლიტიკა, რაც ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი, თორემ მე და ქალბატონ ნინო ინაიშვილს ამისთვის წლების განმავლობაში დიდი ომი გვაქვს გადატანილი, იგივე საბჭოში (რომელმაც ახლა მოიწონა 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა), სადაც მოყავდათ აგრესიული ადამიანები და სწორედ ამ კანონდარღვევით ითხოვდნენ რაღაცას (უკანონობის დაკანონებას), საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მისულა, რაც საზოგადოებამ არ იცის.
– ბატონო შოთა, მშენებლობას თუ დავაკვირდებით, გამოკვეთილად ჩანს, რომ ის მეოთხე სართული მანსარდი კი არადა, მომდევნო სართულის ასაშენებლად გამზადებული ფართია. . .
– ცხადია, ასეა. ის, რაც შენდება, პროექტის მიხედვით არაა გათვალისწინებული, კანონდარღვევითაა გაკეთებული. ამათ ასეთი ტაქტიკა აირჩიეს. . . მოდით, ჯერ სამის ნებართვას ავიღებთ და მერე უფრო მეტს ავაშენებთ, ანუ ნელ-ნელა დაამატებენ სართულებს. 16-იანი მოითხოვეს და ალბათ ეს 16-იც არ არის ზღვარი. დარწმუნებული ვარ, ნებართვის გამცემებს ეცინებათ – ჩვენ 16 სართულს ვაპროტესტებთ და მათ ალბათ სიტყვიერი თანხმობა უფრო მეტზე აქვთ მიცემული.
– როგორ ფიქრობთ, საზოგადოების პროტესტი რამეს შეცვლის?
– ცხადია, შეცვლის, იმიტომ, რომ საზოგადოების პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი და დავა ბევრჯერ დადებითად გადაწყვეტილა. დარწმუნებული ვარ, ახლაც საფიქრალი გავუჩინეთ, ამხელა კრიტიკა და აგრესია მათ მიმართ ქალაქელებისგან არ უნდა იყოს სასიამოვნო, „ქალაქის მტერს“, „მოღალატეებს“ რომ გიწოდებს შენი ქალაქი, არავის მოსწონს, ყველას შვილები ჰყავს, ახლობლები, ამის სანაცვლოდ რა უნდა მიიღო?
– აქციამ მიმართა რამე დოკუმენტით ხელისუფლებას?
– ჩვენ სამართლებრივად ბრძოლას ვაგრძელებთ. ამ აქციით კი დავანახეთ, რომ ყველაფერი ისე არ გაკეთდება, როგორც მათ სურთ. მიუხედავად პანდემიისა, გადაადგილების პრობლემისა, მაინც ამდენი ადამიანი გამოვიდა. ახლა რომ ხელისუფლებას დასჭირდეს, ამდენ ადამიანს ვერანაირად შეკრებს, თუ რაღაც ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენა, ვიღაცა რაღაცით არ დააშინა. ამ აქციისთვის ჩვენ არანაირი ძალისხმევა არ გამოგვიყენებია, უბრალოდ, ქალბატონმა ზეინაბ დიასამიძემ, მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარის“ აქტიურმა წარმომადგენელმა, სოციალურ ქსელში დაწერა აქციის ადგილი და დრო. . . ეს ხალხი თავისით მოვიდა, გულისტკივილმა მოიყვანა. ხალხის შეკრება არაა ადვილი, მე არაერთი აქცია მაქვს ჩატარებული და ვიცი, ეს როგორ ხდება, დიდი ძალისხმევა სჭირდება. . .
– აქციების ჩატარებას კიდევ გეგმავთ?
– რა თქმა უნდა, აუცილებლად, პროტესტი უფრო დიდ მასშტაბს და ხასიათს მიიღებს. ადამიანები, ვინც ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები მიიღო, აუცილებლად აგებენ პასუხს.
***
P.S აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა „საზოგადოება ბათომის” წარმომადგენელ შოთა გუჯაბიძეს ამ სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსი 22 იანვარს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე შეუწყვიტა.
„22 იანვარს გამოცემული ბრძანების თანახმად, შოთა გუჯაბიძეს სტატუსი სააგენტოს პოლიტიკის მიმართ მისი განსხვავებული კრიტიკული მოსაზრებების გამო შეუწყვიტეს, რაც სააგენტოს „მიზანმიმართულ დისკრედიტაციად” შეაფასა ზაურ ახვლედიანმა”, ეს ნაწყვეტია იმ წერილობითი გამოხმაურებიდან, რომელიც „საზოგადოება ბათომის“ ფეისბუქგვერდზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ შოთა გუჯაბიძის როგორც საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო 28 იანვარს გამოქვეყნდა.
„დღეს, 28 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაურ ახვლედიანმა თვითნებურად, შოთა გუჯაბიძის კრიტიკული მოსაზრებების გამო, საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა, რაც ცალსახად დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. იგი ემსახურება შოთა გუჯაბიძის დასჯას სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამო. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება საბჭოს სხვა წევრების დაშინების მცდელობაცაა მომავალში კრიტიკული მოსაზრებების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია „საზოგადოება ბათომის“ განცხადებაში.
აღნიშნულ ბრძანებაში შოთა გუჯაბიძის განთავისუფლების მიზეზად წერია: „საბჭოს სხდომის ოქმებში ნათლად იკითხება, რომ შოთა გუჯაბიძე საბჭოს სხვა წევრების მიმართ გამოხატავს შეურაცხმყოფელ შენიშვნებს. ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე რაცხავს სისხლის სამართლის დანაშაულების ჩამდენებად, რაც მიგვაჩნია რომ არის ცილისმწამებლური გამონათქვამები“ (სტილი დაცულია).