საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ნატალია ზოიძე აირჩიეს
ნინო ცხვარაძე 27 48 93 –
29 იანვარს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი ესწრებოდა, რომლებმაც ბულვარში 16- სართულიანი სახლის მშენებლობა გააპროტესტეს და სხდომა მალევე დატოვეს.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ნატალია ზოიძის კანდიდატურას დეპუტატებმა, ფარული კენჭისყრით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამ პოსტს მანამდე ლაშა სირაბიძე იკავებდა, რომელმაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დავით მახარაძე აირჩიეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების პერსონალურ შემადგენლობებში. კერძოდ, დამტკიცდა საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობები. აღნიშნული ცვლილებები განაპირობა საკრებულოს წევრის ლაშა სირაბიძისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტამ. გამომდინარე აქედან, საკრებულომ დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები შეეხო ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიისა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის პერსონალურ შემადგენლობებსაც, კერძოდ, საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე ვაჟა რამიშვილი საკრებულოში საქმიანობას აღნიშნულ კომისიებში გააგრძელებს.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 145 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხს. მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დავით კოპინაძის ინფორმაციით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით (№19/1420325163-03, 20.11.2020წ.) მიმართა გივი კომახიძემ, რომლითაც ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქ. №2-ში მდებარე 200,0 კვმ (ს/კ 05.21.10.007.04.516) ფართის წინ არსებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის იჯარით აღებას. ხსენებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე განმცხადებელი გამოთქვამს სურვილს, განათავსოს მსუბუქი კონსტრუქციის (რკინის კონსტრუქცია და მინა) ნაგებობა, მისი კუთვნილი კომერციული ფართის გაფართოების მიზნით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება უსასყიდლოდ. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკრებულომ თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტის მერს აღნიშნული მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ, გივი კომახიძეს მის საკუთრებაში არსებულ მოქმედ ობიექტთან ფუნქციურად დაკავშირებული სივრცის გამოყენების მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 5 წლის ვადით, იჯარით სარგებლობაში გადაეცემა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 145,0 კვმ მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების განახლებული ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა, ასევე, თანხმობა მისცეს ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ქ. ბათუმის N28-ე ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის რესან კონცელიძისათვის პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების მიზნით ფართის გამოყოფას სასყიდლიან სარგებლობაში (ქირავნობა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და შპს ,,ხიდი 2006“ -ს შორის 2018 წლის 18 მაისს დადებულ ,,ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში. აღნიშნული ცვლილება ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკში, რუსთაველის ქუჩის №34-ში (ს/კ №05.23.04.619) მდებარე, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, პირობებით გაცემული 11138 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 1416,70 კვმ ფართზე (საზღვაო პირსი) სამშენებლო სამუშაოების (სამშენებლო სამუშაოების დაწყების და დასრულების) განხორციელების ახალი ვადების განსაზღვრას ითვალისწინებს.
ცვლილები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაშიც. ცვლილება გულისხმობს ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), წყლის მიწოდებისა და წყალარინების საქმიანობის, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების მართვის სფეროში და სპორტის დარგში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია რ, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 პუნქტებით განსაზღვრული სპორტული ობიექტები (ღია, დახურული დასასხდომი ადგილებით ან მათ გარეშე), რომლებიც გამოიყენება პროფესიონალი ან/და სპორტული ღონისძიებების, შეჯიბრებების ჩასატარებლად, გარდა 93.13 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისა) გამოყენებული ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთის მოქმედების ვადის გაგრძელებას 2023 წლის 1 იანვრამდე.