თებერვლიდან ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
ფერმერები დიზელის საწვავს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად კვლავ მიიღებენ. პროგრამაში რეგისტრაცია პირველ თებერვალს დაიწყება, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. ფერმერებს ფასდაკლებით სარგებლობა უკვე ელექტრონულადაც შეუძლიათ და ბენზინგასამართ სადგურებზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა აღარ მოუწევთ. საწვავზე ფასდაკლების დასტური გაიცემა დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებით.
ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას კვლავ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც აქვთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა-სა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვრისა, ან ის პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არა უმეტეს 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან – 16 თეთრის ფასდაკლებით.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიზელის შეუფერხებლად გაიცემა დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ – პირველი თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, გაიცემა არაუმეტეს 2 000 ლიტრი საწვავი, პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით – დამატებით 1 500 ლიტრი, ხოლო პირველი მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – დარჩენილი რაოდენობა.
ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე, მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში. ასევე, შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია ცხელი ხაზზე დარეკვა – 1501
გასულ წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ ფარგლებში ფასდაკლებით ისარგებლა 125 ათასმა ფერმერმა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს.