განაცხადი, რომელსაც სახელმწიფო 2024 წელს გააკეთებს… რა გამოცდების ჩაბარება მოუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის?
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რადიო „იმედის” ეთერში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების წარმატებით იმპლემენტაცია, ვიზალიბერალიზაციის წარმატებით შესრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საშუალებას იძლევა, მოხდეს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაცია, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და სწორედ ამ ნაბიჯებმა მიიყვანა ქვეყანა იმ წერტილამდე, საიდანაც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი ხდება. მისი განმარტებით, ეს წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ 2024 წელს გაკეთდება განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
რამდენად რეალისტურია 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება და საერთოდ, რა სახის დივიდენდებს მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას? ამის გასარკვევად იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, ევროპული და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს მიხეილ ნაკაშიძეს მივმართეთ:
– ბატონო მიხეილ, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება?
– ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას წინ არაფერი უდგას. ვფიქრობ, რაც უფრო ადრე გაკეთდება, განაცხადი, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან განაცხადის გაკეთებიდან გაწევრიანებამდე ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი გზაა გასავლელი. ამასთანავე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, უნდა გავითვალისწინოთ ორი მნიშვნელოვანი გარემოება: რამდენად არის ჩვენი ქვეყანა მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთის, ანუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ამისთვის და რამდენად არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის.
– უფრო დეტალურად განგვიმარტეთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი ქვეყანა, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს?
– საქართველომ, ისევე როგორც ევროპის კავშირში გაწევრიანების მსურველმა ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ, უნდა შეასრულოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ასახულია 1992 წლის მაასტრიხტის შეთანხმებასა და 1993 წლის კოპენჰაგენის დეკლარაციაში.
როგორც ევროპის კავშირში გაწევრიანების პრაქტიკა ცხადყოფს, გაწევრიანების საკითხის განხილვისას უპირველესად, ყურადღება ექცევა გეოგრაფიულ კრიტერიუმს. 2011 წლის 17 ნოემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ აღიარა საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მოუწოდა ევროპის კავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და საგარეო ურთიერთობათა ევროპულ სამსახურს, აღიარონ ისინი, მათ შორის ის მისწრაფებები, რომლებიც ეფუძნება ევროპის კავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის დებულებებს. გეოგრაფიული კრიტერიუმის გარდა, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფო, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ასევე, უნდა აკმაყოფილებდეს 1993 წლის კოპენჰაგენის დეკლარაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს/კრიტერიუმებს. კერძოდ, პირველია პოლიტიკური კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც წევრობის მსურველ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს მყარი ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებისა და უმცირესობათა უფლებების დაცვას. არსებობს, ასევე, ეკონომიკური და სამართლებრივი კრიტერიუმებიც. პირველი მოითხოვს, რომ კანდიდატ ქვეყანას ჰქონდეს ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა, ხოლო მასში მოქმედ ბიზნესსა და საწარმოებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაუმკლავდნენ ევროკავშირის ბაზარზე არსებულ კონკურენციას, მასთან დაკავშირებულ ზეწოლასა და სიძნელეებს, ხოლო მეორე – სამართლებრივი კრიტერიუმი, ევროპის კავშირში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს ავალდებულებს თავიანთი კანონმდებლობები მაქსიმალურ შესაბამისობაში მოიყვანონ ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 1 მარტს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა და მოიწონა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა. დოკუმენტი, ერთი მხრივ, კონსოლიდაციას უკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ხოლო მეორე მხრივ, მასში გაწერილია საქართველოს მომავალი ამბიციური გეგმები, მათ შორის რეფორმები, რომლებიც სცდება ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციულ პროცესებს მოიაზრებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, „საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი, რომლის მიზანია რეფორმების გზით ქვეყნის მომზადება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“. დოკუმენტში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების თარიღები არ არის მითითებული, თუმცა მინიშნება გაკეთებულია ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლზე და ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოლოო მიზანი სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებაა.
– როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ?
-ვფიქრობ, საკმაოდ პოზიტიური, რაზეც მეტყველებს 2014 წლის 23-25 მაისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებამდელ უკანასკნელ სესიაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც აღინიშნა, რომ „ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის თანახმად, მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, ევროპული პერსპექტივა აქვთ და შეუძლიათ ევროკავშირში წევრობის განცხადების შემოტანა, თუმცა აუცილებელია დემოკრატიის პრინციპების დაცვა, ფუნდამენტური თავისუფლების, ადამიანის უფლებების და უმცირესობების უფლებების პატივისცემა, კანონის მმართველობის უზრუნველყოფა.” ასევე, საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზეა საუბარი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ოთხივე სხდომის ერთობლივ განცხადებაში. კერძოდ, 2017 წლის 15-16 თებერვლის სხდომის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს ევროპის კავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში და ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროპის კავშირის წევრობისათვის.
– კონკრეტულად რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ევროკავშირში გაწევრიანება და რამდენ ხანს შეიძლება იგი გაგრძელდეს?
– გაწევრიანების პროცედურა იწყება ევროპის კავშირის საბჭოში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადის წარდგენით, რის საფუძველზეც ევროპის კავშირის საბჭო იწყებს კონსულტაციებს ევროკომისიასთან, გაწევრიანების მსურველი ქვეყნის მიმართ მისი პოზიციის გასარკვევად. ამის შემდეგ, სახელმწიფოს ენიჭება ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და დგინდება მოლაპარაკებების დაწყების თარიღი. მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს კანდიდატ ქვეყანასა და ევროპის კავშირის ყველა წევრ ქვეყანას შორის მინისტრებისა და ელჩების დონეზე.
ევროკომისია, როგორც ევროპის კავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი და მისი წარმომადგენელი, ატარებს ამ მოლაპარაკებებს და ამზადებს სათანადო მოხსენებებს. მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წლიდან ათეულ წლამდე, ან უფრო დიდხანს. გაწევრიანების მზადების პროცესში ევროპის კავშირი მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს კანდიდატ ქვეყნებს. გაწევრიანების შესახებ შეთანხმება ფორმდება ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც წინ უსწრებს ევროკომისიის დასკვნა და ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გაწევრიანების შეთანხმება ფორმდება, რომლის რატიფიცირებაც ხდება ევროპის კავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტების მიერ, რატიფიცირების შემდეგ კი შეთანხმება ძალაში შედის მასში მითითებული თარიღისამებრ, რის საფუძველზეც კანდიდატი ქვეყანა ხდება ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო.
– რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება?
– ევროკაშირში გაწევრიანება დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, ასევე, პოლიტიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სარგებელთან. ეკონომიკურ სარგებლად მიიჩნევა ერთიან ბაზარში ჩართვა, რაც ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ექსპორტის განვითარებას; ერთიანი ვალუტის (19 წევრი ქვეყნისათვის) არსებობა, რაც ხელს უწყობს სავალუტო ბაზრის ინფლაციისა და არასტაბილურობისაგან დაცვას; ადამიანების თავისუფალი გადაადგილება ევროპის კავშირის მთელ ტერიტორიაზე დასაქმების, სწავლის ან ცხოვრების მიზნით, რაც გამორიცხავს ვიზის აუცილებლობას და სხვა ბიუროკრატიულ ბარიერებს; მომსახურების, კაპიტალის, საქონლისა და მუშახელის შეუფერხებელი მოძრაობა ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე და ა.შ.
პოლიტიკური სარგებელი კი გამოიხატება პოლიტიკურ სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაში; უფრო დახვეწილი და მოქნილი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობაში; ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში;
ერთიანი მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სივრცეში და ა.შ.
ევროპის კავშირის მიერ გაწერილი სტანდარტების მიხედვით ხორციელდება მოქალაქეთა ინდივიდუალური უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, განათლების, ინფორმაციულობის და უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნა.
– რა ვალდებულებების შესრულება მოუწევს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების შემდეგ?
– გაწევრიანების შემდეგ ქვეყანამ უნდა შეასრულოს პოლიტიკური, სამართლებრივი, ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკით განსაზღვრული ვალდებულებები. კერძოდ:
პოლიტიკური – დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისულებების მაღალი სტანდარტების შენარჩუნება და მათი სრულყოფა;
სამართლებრივი – გაწევრიანების შემდეგ ევროპის კავშირის ერთიანი ორგანოებისა და ინსტიტუტების მიერ მიღებული სხვადასხვა სფეროებისადმი მიკუთვნებული ნორმატიული აქტების დანერგვა ქვეყნის კანონმდებლობაში და მათი შესრულება;
ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკა – ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფა, დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკა, ევროკავშირის ერთიან ბიუჯეტში სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლებით განსაზღვრული თანხის შეტანა, საერთო ბაზრის თამაშის წესების დაცვა, რაც გულისხმობს ვაჭრობის შიდა ბარიერების არარსებობას, ერთიან საბაჟო ტარიფებს; უსაფრთხო სურსათისა და სხვა საქონლის წარმოების და იმპორტის უზრუნველყოფას, მომსახურების, ინტელექტუალური საკუთრების, ინვესტიციების, მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
– ეკისრება თუ არა ევროპის კავშირს გაწევრიანების დროს რამე ვალდებულების შესრულება?
– ევროპის კავშირში გაწევრიანება ორმხრივი პროცესია, შესაბამისად, ეს პროცესი მხოლოდ ერთი მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებას არ უკავშირდება. მაგალითად, გაწევრიანების დროს გასათვალისწინებელია ევროპის კავშირის ე.წ. ათვისების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის მიერ ისეთი ინსტიტუციური რეფორმების გატარებას, რომლებითაც უზრუნველყოფს ახალი წევრი სახელმწიფოს სრულფასოვან ჩართვას ევროპის კავშირის ინსტიტუციებში.
– როგორ ფიქრობთ, რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროკავშირში გაწევრიანება?
– დღემდე მსოფლიოში სახელმწიფოთა მსგავსი ნებაყოფლობითი გაერთიანება არ ყოფილა და გეტყვით – რატომ. იდეეები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის შექმნას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერტ შუმანის 1950 წლის 9 მაისის გეგმას უკავშირდება. ამ იდეების თანახმად, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება და თანამშრომლობა არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპაში მყარ მშვიდობას, ეკონომიკურ აღმავლობასა და დემოკრატიულ განვითარებას. უკვე ნახევარი საუკუნეა, ადამიანები, საქონელი, კაპიტალი და მომსახურება წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილდებიან. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე დიდ სავაჭრო მოთამაშედ და ყველაზე დიდ ინვესტორად გვევლინება. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია და აღსანიშნავი, ის განსაკუთრებით უწყობს ხელს როგორც წევრობის კანდიდატ, ასევე ახალ წევრ ქვეყნებს ეკონომიკის სტაბილურ და მდგრად განვითარებაში. ეს სწორედ ის გახლავთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყოველმხრივ მაქსიმალური მზაობით შევხვდეთ იმ დღეს, როცა ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტები ჩვენი ქვეყნის კავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვას დაიწყებენ.

