გერმანე ქარცივაძე: უშფოთველად ერთი წელიც ვერ ვიცხოვრე
ოთარ ცინარიძე 99 85 21 14 –
ჩვენი სტუმარია აღრიცხვის დარგის ცნობილი სპეციალისტი, შუახევის რაიონის სოფელ ზემოხევის ყოფილი მკვიდრი გერმანე ქარცივაძე.
– ბატონო გერმანე, მალე დაბადებიდან 80 წელი გისრულდებათ. ცხოვრების, საზოგადო საქმიანობის ნაყოფიერი გზა გამოიარეთ. რას გაიხსენებდით გამორჩეულად?
– გასახსენებელი ეპიზოდები მრავლად მაქვს: სახელმწიფო სამსახურში დანიშვნა, ურთიერთობები ისეთ გამოჩენილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ ბატონები მიხეილ ხოზრევანიძე, არჩილ ბოლქვაძე, ლევან დავითაძე, ალექსანდრე თხილაიშვილი, ვახტანგ პაპუნიძე, ანზორ გოგიტიძე, ნოდარ შარაბიძე. ამ ადამიანებისგან ვსწავლობდი როგორც ხალხთან ურთიერთობას,ასევე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მუშაობის ანბანს. ჩემ, როგორც სპეციალისტის, ჩამოყალიბებაში წარმოუდგენლად დიდია შუახევის რაიონის ხელმძღვანელ მიხეილ ხოზრევანიძის წვლილი, რისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები. ამასთან, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში უდიდესი სიხარულია ოჯახის შექმნა, შვილების მოვლინება ამქვეყნად. . . დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად გაზეთის ერთი ნომერიც არ მეყოფა.
– მშობლიურ ზემოხევში, ჭვანელი ქარცივაძეების გვარში პირველი იყავით, ვინც უმაღლესი ეკონომიკური განათლება თბილისში მიიღო. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?
– საშუალო სკოლის იმჟამინდელმა დირექტორმა, ბატონმა დავით ანთაძემ არა მარტო გადამაწყვეტინა ეკონომიკური განათლების მიღება, არამედ თვითონ წამომყვა თბილისში და მისაღები გამოცდების ჩაბარებამდე არ მივუტოვებივარ, საშვებულებო ხელფასი სულ იქ დახარჯა, სასტუმროს, კვების ხარჯებს თვითონ იხდიდა. ამას დღეს ბევრი არ გააკეთებს. ბატონი დავითის უანგარო ზრუნვა, შეუძლებელია დავივიწყო. შემდეგ დავმეგობრდით კიდეც და ხშირად მისი შესანიშნავი ოჯახის სტუმარი ვიყავი.
– უმაღლესი განათლება უმთავრესია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სპეციალობით საქმიანობა. საპასუხისმგებლო თანამდებობები გეკავათ ნახევარსაუკუნოვან შრომით გზაზე. გაიხსენეთ ის ადამიანები, ვინც ნიჭი და შრომისმოყვარეობა დაგიფასათ.
– მიხეილ ხოზრევანიძესთან ერთად, მადლობა ეკუთვნით იმ პიროვნებებს, რომლებიც იმ დროს შუახევში მუშაობდნენ: მიხეილ ზოიძეს, მალხაზ ბერიძეს, მურმან თურმანიძეს და ავთანდილ დავითაძეს. მათგან ბევრი ვისწავლე და ავტონომიური რესპუბლიკის უწყებებში რომ გადამიყვანეს, უკვე ჩამოყალიბებული სპეციალისტი ვიყავი. ჩემს საოჯახო არქივში სათუთად ინახება სამთავრობო ჯილდოები, აჭარისა და საქართველოს დამსახურებული ბუღალტრის წოდებები.
– ზემოხეველი ქარცივაძეები ხელოვნების მოტრფიალენიც ხართ. ასაკის მიუხედავად, სცენას ვერ ტოვებს თქვენი ძმა ნოდარ ქარცივაძე. მისმა ხელოვნებამ „ნიჭიერის“ ფინალშიც გაიბრწყინა.
– მამაჩემი, ახმედ ქარცივაძე, ჭვანის ხეობის კოლორიტი პიროვნება იყო. მისი ხელდასმით ჩვენს ოჯახში ჩამოყალიბდა ანსამბლი. მამასთან ერთად ჩემი უფროსი და-ძმებიც მღეროდნენ, ცეკვავდნენ და იუმორით გაჯერებულ წარმოდგენებს მართავდნენ საქორწილო ცერემონიებში. უფროსი ძმა ალი ქარცივაძე, და ლეილა ქარცივაძე რესპუბლიკური ოლიმპიადის ლაურეატები გახდნენ. ჩემი და მიწვეული იყო პრესტიჟულ ფოლკლორულ ანსამბლში, მაგრამ მაშინდელმა მენტალიტეტმა არ მისცა საშუალება, ისე ეცხოვრა, როგორც მას სურდა. ნოდარმა ოჯახის ტრადიციები გააგრძელა და ამჟამადაც ხელოვნებაშია ჩართული.
– გვარების მკვლევარებს თუ ვერწმუნებით, ტაკიძეებელი ქარცივაძეების წინაპარი დიდი მოურავის ამალის წევრი ყოფილა. ზემოხეველ ქარცივაძეებს რა ნათესაური დამოკიდებულება გაქვთ ოლადაურელ, ტაკიძეებელ და გომარდულელ ქარცივაძეებთან?
– ჩვენამდე მოღწეული უტყუარი ცნობებით, ოლადაურელი და ჭვანელი ქარცივაძეები ძმების შთამომავლები ვართ. რაც შეეხება ზემოხეველებს – ტაკიძეებელ ქარცივაძეებს მცირემიწიანობის გამო ზემოხევში სეზონური სახლები (ყიშლები) გაუჩენიათ. ტაკიძეებში მიწები რომ აღარ იყო, ზემოხევში დაუწყიათ დასახლება. რაც შეეხება გომარდულელი ქარცივაძეების გიორგი სააკაძის ამალაში ყოფნას, ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან ტაკიძეებში მდებარე ციხე-სიმაგრე ოთოლთაში სულმნათ გიორგი სააკაძეს ღამეც კი გაუთევია. ციხე მაშინ როსტომ შალიკაშვილს ეკუთვნოდა. ამის თაობაზე უტყუარ ცნობებს გვაწვდიდა ცნობილი მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე.
– კარგი იქნება, ოლადაურელ ლომან ეფენდი ქარცივაძეს, ტაკიძეებელ ალი ეფენდი ქარცივაძესა და გომარდულელ მემედ ქარცივაძესაც თუ გაიხსენებთ.
– მე-19 საუკუნეში სტამბოლის უნივერსიტეტში ქარცივაძეთა გვარის ბევრმა წარმომადგენელმა მიიღო უმაღლესი საერო და სასულიერო განათლება. მათგან, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უპირველესი იყო ლომან-ეფენდი ქარცივაძე, ასევე ჩემი ბაბუა ახმედ-ეფენდი ქარცივაძე. განსაკუთებული აღნიშვნის ღირსია ალი-ეფენდი ქარცივაძის წვლილი 1918 წელს ხიჭაურში ჩატარებული რეფერენდუმის ჩაშლის საქმეში. დღის წესრიგში იდგა საკითხი – უნდოდა თუ არა ჭვანის ხეობას თურქეთის ქვეშევრდომობა. მან მოსახლეობა დაარწმუნა, რომ დედასაქართველოსთან ურთიერთობა უფრო სასარგებლო იყო. გომარდულელმა მემედ-ეფენდი ქარცივაძემ ასტროლოგიური და ფილოსოფიური განათლება მიიღო. იყო ფილოსოფიის დოქტორი. მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო მრჩევლის წოდება. ჩვენი გვარის ერთ-ერთმა უაღრესად განათლებულმა პიროვნებამ დურსუნ-ეფენდი ქარცივაძემ ძმასთან – ჰაჯიალთან ერთად ქართული წერა-კითხვა ზაქარია ჭიჭინაძისგან ისწავლა და შემდგომ ადგილობრივებს წერა-კითხვას თვითონაც ასწავლიდა. მემედ ქარცივაძის ინიციატივით, 1930 წელს სოფლებში ქართული სკოლების აღდგენა დაიწყო.
– შრომითი გზა შუახევში დაიწყეთ. ათწლეულებია ბათუმში ცხოვრობთ და საქმიანობთ. ზემოხევს, შუახევს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?
– უმაღლესში სწავლა და სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ერთი და იგივე არაა. უმაღლესში თეორიას გასწავლიან და შემდეგ გზას დაგილოცავენ. თუ მოხვდი ისეთ ხელმძღვანელებთან, როგორებთანაც მუშაობა მე მხვდა წილად, პრაქტიკოს სპეციალისტად ჩამოყალიბდები და იოლად გაიკვლევ გზას. ამიტომ ვემადლიერები ჩემს რაიონს, მის მაშინდელ ხელმძღვანელობას. მარტო მიხეილ ხოზრევანიძის რაიონის პირველ პირად მუშაობის დროს ჩამოყალიბდნენ ისეთი საჯარო მოხელეები, რომლებმაც შუახევსა და მის ფარგლებს გარეთ კარგი სახელი მოიხვეჭეს. არჩილ თავდგირიძე, მურმან ჭაღალიძე, ნოდარ ცეცხლაძე, ანზორ გოგიტიძე, ტარიელ ნიჟარაძე ქედისა და შუახევის რაიონების ხელმძღვანელები იყვნენ. შუახევი, ჭვანა ჩემთვის იყო და ბოლომდე დარჩება როგორც სალოცავი და ჩემი სავანე.
– თანასოფლელები, რომლებსაც ბავშვობიდან მოყოლებული, ეფერებით?
– ბავშვობის მეგობართა სია საკმაოდ მოკრძალებულია. ჩვენი ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა. დაწყებითი განათლება ზემოხევში მივიღე. ამის შემდეგ ჭვანისა და ბარათაულის სკოლებში ვსწავლობდი. გაჭირვებული ბავშვობა გვქონდა, ერთი სახელმძღვანელოთი მთელი სკოლა სარგებლობდა. 18 წლის ასაკში წამოვედი სოფლიდან. ჩემი სოფელი „საბუდარასავით“ თანდათან დაიცალა. ერთი-ორი თანასოფლელი მყავდა გვერდით, ისინიც წუთისოფლიდან ნაადრევად წავიდნენ. ჩემი სული და გული იყვნენ მიხეილ ქარცივაძე და ვაჟა კონცელიძე, რომელთა საფლავებს დღესაც ვეფერები და ველოლიავები, ცოცხლებში კი მხოლოდ შაქრო მჟავანაძე შემომრჩა, ისაა ჩემი პატარა სოფელიცა და სამეგობრო წრეც. . .
– მრავალთა მსგავსად, თქვენი თაობის ადამიანების ცხოვრება, კატაკლიზმებით იყო სავსე. ამას კოვიდ-19-ის პანდემიაც დაემატა. . . როგორია თქვენი ხედვა ქვეყნის, კაცობრიობის მომავალზე?
– მე დავიბადე გაგანია ომის პერიოდში, 1942 წლის 15 ნოემბერს. ცხოვრების გაუკვალავი გზა მრავალი კეთილი ადამიანის დახმარებით განვვლე. ჩემს თვალწინ გაიარა ქვეყნის აღდგენის, რეფორმების (ზოგჯერ მცდარის), კომუნისტების აღზევებისა და დაცემის, ეროვნული მოძრაობის დაწყების პერიოდებმა, სამოქალაქო ომმა თუ სააკაშვილის ავანტიურისტულმა მმართველობამ. . . შესაბამისად, ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთი წელიც არ იყო დაძაბულობის გარეშე. ამას დაემატა აფხაზებთან, რომელსაც რუსეთი ეხმარებოდა, ომის წაგება, ოსებთან კი სამარცხვინო, სამდღიანი ომის იმიტაცია და დამარცხება, აქაც რუსების ჩარევით. ყველაზე ამაზრზენი იყო დამარცხების შემდეგ ტაშ-ფანდურის მოწყობა. შემდგომ კვლავ იმედის მომცემი პერიოდი მოვიდა, მაგრამ აქაც სააკაშვილის მიმდევრები ქვეყნის კეთილმოსურნე კაცს წინ გადაეღობნენ და რა? ახლა სრულიად უიმედო პერიოდი დაგვიდგა. ამას დაემატა პანდემია, რომელიც ქვეყნის განვითარებას „ნაციონალებივით“ უშლის ხელს. ამიტომ, რისი იმედი უნდა გვქონდეს, უკვე აღარ ვიცი. ერთ-ერთ ნათელ წერტილს ვხედავ გიორგი გახარიას სახით!