„საინტერესო მუხლი ჩავდეთ ბიუჯეტში – დონორული დაფინანსების თანადაფინანსება“
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწევს არჩევანის გაკეთება, ამისთვის კი აუცილებელია განვიხილოთ და გავაანალიზოთ, რა და როგორ გაკეთდა აჭარის ცალკეულ მუნიციპალიტეტში.
ამჯერად, გთავაზობთ ინტერვიუს ქედის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან გორგილაძესთან, რომელიც უკვე მეოთხე წელია, ხელმძღვანელობს საკუთარ კუთხეს და ცდილობს, მაქსიმალურად გაითვალიწინოს მოსახლეობის მოთხოვნილებები და ინტერესები.
– ბატონო ლევან, ცოტა უცნაური იყო თქვენი, როგორც ექიმის, ხილვა მერად, თუმცა, როგორც ქედელები ამბობენ, მართლაც ბევრი საქმის გაკეთება მოასწარით.
– ჩემი კანდიდატურის ქედაში მერად წარდგენა „ქართული ოცნების“ გუნდის გადაწყვეტილება იყო. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე ვარკვევდით, რა სჭირდებოდა მათ, რისი გაკეთება სურდათ რაიონში. შემდეგ ეს ყველაფერი შევაჯამეთ, გავაანალიზეთ, დავამუშავეთ. ამ ბოლო დროს გადავხედეთ გაკეთებულ საქმეს და გაირკვა, რომ დაპირებებიდან 80%-ზე მეტია შესრულებული.
– ანუ 20% შესასრულებელი დაგრჩათ?
-არა. ამის შემდეგ კიდევ ხომ იყო არჩევნები, მაშინაც დავდიოდით ხალხში და ვარკვევდით, რა ახალი მოთხოვნები გაუჩნდათ – წლები გადის და ინტერესები იცვლება. ასე რომ, ძველს ახალი დაემატა და პრიორიტეტებიც სხვა დაისახა.
– მაინც რას ითხოვს ქედის მოსახლეობა?
– უპირატესად, ითხოვდნენ გარე განათებებს, წყლის გაყვანას, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას, ფერდსამაგრ სამუშაოებს. ასევე, მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო, არის თავად მართვის დეცენტრალიზაცია და ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა. ამ კუთხით დიდი სამაუშაოები ჩავატარეთ და კარგი შედეგიც მივიღეთ. მერი ბევრ საკითხს აღარ წყვეტს ერთპიროვნულად, ანუ ყველა უწყება თავად გეგმავს და ატარებს ამა თუ იმ ღონისძიებას და თავადაა პასუხისმგებელი ყველაფერზე.
– მერს რა ფუნქცია დარჩა?
– მერი პრეზენტაციამდე ამოწმებს, რა გაკეთდა და ხომ არ არის მისი საქმეში ჩართვა აუცილებელი, თანაც, გამოგვითავისუფლდა დრო არასამთავრობოებთან, აჭარის და ცენტრალურ მთავრობებთან თუ დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან ახალი პროექტების შესაჯერებლად, მუნიციპალიტეტში ფართო სპექტრის, სტრატეგიული მნიშვნელობის სამუშაოების განსახორციელებლად.
– მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა როგორ უზრუნველყავით?
– ბიუჯეტის ფორმირებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მოსახლეობაში ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკითხვა. 600 ადამიანს ვკითხეთ, რა სახის პრიორიტეტები დაგვესახა. შემდგომი ეტაპი იყო ორ ლოკაციაზე (დაბა ქედა და დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული) განხორციელებული 150-ათასიანი პილოტური პროექტები – მოსახლეობას უნდა შემოეთავაზებინა იდეები, თავად უნდა აერჩია, რომელი პროექტი განხორციელებულიყო. ამისთვის არჩევნებიც კი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული ბიულეტენებით, სადაც აისახა ასარჩევი პროექტები. ვისაც რომელი მოსწონდა,არჩევნების პრინციპით, იმ ბიულეტენს აგდებდა ყუთში.
– თქვენ რა ეტაპზე ჩაერიეთ?
– ჩვენმა ადმინისტრაციამ გაარკვია, რამდენად ეხებოდა ეს პროექტები მუნიციპალიტეტს. სხვათა შორის, მსგავს პროცესში მოსახლეობის 20-პროცენტიანი თანამონაწილეობა ითვლება ნორმალურ მაჩვენებლად, ხოლო 30% – ძალიან კარგად. ჩვენ ერთ ადგილზე მოსახლეობის 50%-ზე მეტი ჩაგვერთო, მეორეზე- 70%-ზე მეტი.
-კონკრეტულად რა გაკეთდა ამ ჩართულობით?
– ქედაში გაიმარჯვა ახალგაზრდული ცენტრის პროექტმა, თავისი საგანმანათლებლო და სპორტული მიმართულებებით, დოლოგანში კი ხმები გაიყო. იქ რამდენიმე მცირე მასშტაბის პროექტი დაფინანსდება. ორივე პროექტი, ჯამში, 300 ათასი ლარის ღირებულების იყო. წელს ამ მიმართულებით, ბიუჯეტში 950 ათასი ლარი ჩაიდო. ეს ნიშნავს, რომ ყველა სოფელს თავისი თანხა ექნება და პროექტების შერჩევა იგივე პრინციპით ჩატარდება. თქვენ იცით, რომ აჭარის ყველა სოფელში პროექტები ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ ფარგლებში. პატარა სოფლებისთვის გათვლილია 10 ათასი ლარი, საშუალოსთვის – 12 ათასი, ხოლო დიდისთვის – 16 ათასი. ჩვენი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მინიმუმ, ერთ იმდენს დავუმატებთ და მოსახლეობის სურვილის მიხედვით, გავაკეთებთ თავშეყრის ადგილს, ან გარე განათებებს ან სხვა რამეს.
სოფლის დონეზე თვითმმართველობის ჩამოყალიბების კიდევ ერთი პროექტი გვაქვს, რომელიც არ იქნება ბიუჯეტზე დამოკიდებული. მაგალითად, არის ასეთი სოფელი – გარეტყე, სადაც 28 ოჯახი სახლობს. ძალიან მეგობრულად, შეთანხმებულად ცხოვრობენ, თანაც არ ჰყავთ არც ერთი სოციალურად დაუცველი. აქ ყველა მოსახლე გაერთიანდება ერთ კოოპერატივში, რომელიც ჩამოყალიბდება იურიდიულ პირად, რომელსაც გაუფორმდება მემორანდუმი და მუნიციპალიტეტი გადასცემს ამ სოფლისთვის განკუთვნილ თანხას. მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, ამ ფულით რა გააკეთოს, რა უფრო სჭირდება. შესაძლოა, რაღაც თავადაც დაამატონ ან ადამიანურ რესურსში ნაკლები ფული გადაიხადონ. მოკლედ, სოფელი განკარგავს თავის სახსრებს საკუთარი მოსახლეობის გადაწყვეტილებით. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუკი მსგავს სოფელში დონორი შემოვა არასამთავრობო სექტორის დახმარებით, მათთან თანამშრომლობის გაცილებით მეტი შანსი გაჩნდება. ცხადია, ეს გამოიწვევს სხვა სოფლების დაინტერესებას.
– მთავრობა რას ფიქრობს ამაზე?
-მთავრობამ მოიწონა, რადგან ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის დონეზე განვითარდეს თვითმმართველობები.
– როგორც ვიცით, თქვენ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განახორციელეთ?
– მილიონი ლარის ფარგლებში გაკეთდა ბელტურის ხიდი, რომელიც სოფლის ქვედა ნაწილს აკავშირებს გზატკეცილთან. აქ მცხოვრებ მოსახლეობას არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი ცენტრთან. იგივე მდგომარეობა იყო აქუცას ხიდთან მიმართებაში. მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება. ორივე ამ ხიდს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან კრავს შემოვლით გზას. სხვათა შორის, მეწყრის გამო რომ ჩაიკეტა გზები, სწორედ ბელტურის ხიდის მეშვეობით ვახერხებდით მოძრაობას. შემოვლითმა გზამ ზვავის ხიდის რემონტის საშუალებაც მოგვცა, რასაც ამდენს ხანს ვერ ვახერხებდით, რადგან კვაშტა, ვაიო და აქუცის საკმაოდ დიდი ნაწილი მოწყდებოდა გარე სამყაროს.
– სოციალური სახლები თუ აშენდა?
– კი, როგორ არა. 12-ბინიანი სახლი დავასრულეთ ქედის ცენტრში, 20-ბინიანს ვაშენებთ სოფელ აგარის მიმდებარედ, რადგან ქვედა აგარის მოსახლეობა დამეწყრილია, ზოგი სახლი ქვათა ცვენის ზონაშია. ასე რომ, ეს ოჯახები დაკმაყოფილდებიან საცხოვრისით. მინდა აღვნიშნო,რომ დაბა ქედის ცენტრალური პარკი რემონტდება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. სამომავლოდ, იმედი გვაქვს, მოწესრიგებული ცენტრი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. საინვესტიციოდ გავამზადეთ, გავალამაზეთ საკმაოდ დიდი ტერიტორია მდინარის პირას, რომელიც შეიქმნა ჯებირის გაკეთების შედეგად.
– არასამთავრობო სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობთ?
– დიახ, მართლაც დიდ მხარდაჭერას გვიწევენ. მათი თანადგომით საგრანტო პროექტები მოვიძიეთ. აღსანიშნავია ევროკავშირის მილიონიანი პროექტი „ქედა-ლიდერი“, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სენი“ ახორციელებს.
– ბიუჯეტში რა სიახლეები გაქვთ?
– ერთი საინტერესო მუხლი ჩავდეთ კანონში ბიუჯეტის შესახებ – დონორული დაფინანსების თანადაფინანსება. თუკი პირი მუნიციპალური საჭიროებებისთვის ან სოციალურად გამართლებული პროექტისთვის გრანტს მოიგებს, ბიუჯეტის ამ მუხლით გვეძლევა საშუალება, დავუფინანსოთ თანადაფინანსება.
– განათლების კუთხით რა გაქვთ ახალი?
– დავასრულეთ წიგნიერების ცენტრის შექმნა ქედის ცენტრში. დაიდგა მძლავრი კომპიუტერები. იქ ტრენინგებს გაივლიან, კომპიუტერულ, თუ სხვა ტექნოლოგიებს შეისწავლიან, არაფორმალურ განათლებას მიიღებენ ახალგაზრდები, დაინტერესებული პირები. სოციალურად დაუცველებისთვის ყველაფერიუფასოდ იქნება.
– პროფესიული განათლების მხრივ რა გაკეთდა?
– ისევ არასამთავრობოების დახმარებით, წელს ვაპირებთ პროფესიული სასწავლებლის გახსნას. უკვე გამოვყავით ტერიტორია, შენობა და ვიწყებთ რემონტს.
– სკოლები რამდენად არიან მზად მოსწავლეების მისაღებად?
– ჩვენ ტრენინგები ჩავუტარეთ სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს, ავუხსენით, რა და როგორ უნდა გააკეთონ მოსწავლეების მისაღებად და მათთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, გავაცანით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და მათი შესრულების წესები, რაც ჩვენი მხრიდან, მკაცრ მონიტორინგს დაექვემდებარება.
– როგორც ექიმი, როგორ შეაფასებდით კოვიდვითარებას ქედაში?
– ჩვენ პიკი უკვე კარგა ხანია გადავიარეთ. იყო შედარებით მასობრივი შემოტევა, მარამ ახლა მხოლოდ ერთეული შემთხვევა ფიქსირდება. იმ პერიოდში, ჩვენც იგივე პრობლემები გვქონდა, როგორც სხვებს, თუმცა მადლიერებით მინდა აღვნიშნო ჩემი კოლეგების მუშაობა -არანაირი შეფერხება არ გვქონია მათი მხრიდან. სასწრაფო დახმარების ექიმები კარგად იყვნენ მომზადებულნი კოვიდთან ბრძოლის კუთხით. არცერთს არ გაუცდენია სამსახური, არც კი წამოცდენიათ, დავიღალეთო. აქვე აღვნიშნავ, რომ პანდემიის მიუხედავად, არანაირი სამუშაო არ შეჩერებულა. 2020 წლის არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ ჩაგვიგდია. მხოლოდ რამდენიმე პროექტი დროში გადავანაცვლეთ, ანუ გავხადეთ გარდამავალი. კორონავირუსის გავრცელების საპროფილაქტიკოდ, მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგების, სადეზინფექციო სამუშაოების თუ სხვა საჭიროებისთვის თანხები იმ პროექტებიდან (სპორტული, კულტურული) ამოვიღეთ, რომლებიც იმ ეტაპზე ვერ განხორციელდებოდა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ქედის განვითარების სტრატეგიაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შევქმენით კონცეფცია. უკვე ვიცით, რა მიმართულებით წავიდეთ. შემდგომ ეტაპზე ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას, რასაც სჭირდება ინდიკატორების შექმნა, რაც გარკვეული დროის შემდეგ გვაჩვენებს, რამდენით წავიწიეთ წინ. ეს ცოტა რთულია, დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ. ახლა ამ საკითხში გამოცდილების მქონე არასამთავრობოების მოძიების პროცესში ვართ.
– პრობლემები თუ გაქვთ?
– პრობლემა დროშია. გული გვწყდება, რომ ამ ეტაპზე ვერ ვასწრებთ დაბის კეთილმოწყობას, ლამაზი ნაგებობების აშენებას, თუმცა ერთ საკითხს ნამდვილად მოვაგვარებთ: მოგეხსენებათ, შიგ ქედაში, მუნიციპალური ტრანსპორტი არ გადაადგილდება. აქედან გამომდინარე, პრობლემები ექმნება ქედელებს. ახლა იაპონიის საელჩო დაგვპირდა ელექტრო მინიავტობუსს, რომელიც უფასოდ ან მცირე საზღაურის ფასად იმოძრავებს წრიულზე. კიდევ ბევრი ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ უკვე გაკეთებულსა და გასაკეთებელზე. იმედია, მათზე შემდეგ ინტერვიუში ვისაუბრებთ.