სარესტორნო ბიზნესი და მათი პრობლემები
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
დღეს პროტესტის ნიშნად, თბილისში არსებულმა 100-ზე მეტმა რესტორანმა და კვების ობიექტმა მიტანის სერვისი შეაჩერა. მათი განცხადებით, ეს იქნება პროტესტი იმ რეგულაციებზე, რომელთა გამოც რესტორნები სრულფასოვან მუშაობას ვერ ახერხებენ. ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ რთული ფინანსური მდგომარეობა აქვთ და თუ რეგულაციები არ გაუქმდება, მათ შესაძლოა პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართონ.
შეგახსენებთ რომ პირველი თებერვლიდან მხოლოდ აჭარაში არსებული კვების ობიექტები განაახლებენ მუშაობას და მომსახურების უფლება ღია სივრცეშია შესაძლებელი, თუმცა, შეზღუდული რჩება ქორწილები და სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისში იმ შეზღუდვებით და წესების დაცვით, რაც მოქმედებდა დღეისთვის.
ობიექტების ამუშავებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინა ზოიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვენეტაძე ჩვენს რეგიონში მოქმედი სარესტორნო ბიზნესის რესტორნების ხელმძღვანელ პირებს შეხვდენენ და ღია სივრცეების ასამოქმედებლად საჭირო რეგულაციები გააცნეს.
ძირითადი სავალდებულო ნორმები, რომელთა შესრულებაც კვების ობიექტებსა და მომხმარებლებს მოუწევთ, კოვიდუსაფრთხოების სტანდარტის დაცვაა. კვების ობიექტებმა სხვა რეგულაციებთან ერთად, რიგების მართვა, ობიექტზე ერთდროულად მომხმარებელთა დაშვების კონტროლი, ასევე ეტაპობრივად პერსონალის ტესტირების ერთიან სისტემაში ჩართვა უნდა უზრუნველყონ.
შეგახსენებთ, რომ რესტორანი და კაფე -ბარები რეგულაციების თანახმად, პირველი თებერვლიდან შაბათ-კვირას ვერ მოგვემსახურებიან. აჭარაში მოქმედი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაციების აღსრულებისთვის მზად არიან, თუმცა იმის გამო, რომ 21 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, ყველაზე დატვირთულ დროს სტუმრების მიღებას ვერ შეძლებენ. ამას გარდა, ყველა ობიექტს არ აქვს ღია სივრცეში მაგიდების განთავსების შესაძლებლობა მომხმარებლის მომსახურებისთვის. ისინი დროებით კვლავ გატანის სერვისზე იმუშავებენ.