„კაცი თუ ქალი, სანამ პოლიტიკოსი გახდება, ჯერ ადამიანია და აუცილებლად ადამიანად უნდა დარჩეს”
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ამ სათაურში გაცხადებული აზრი სწორედაც, გასათვალისწინებელია პოლიტიკოსებისთვის. იგი ჩვენს დღევანდელ ინტერვიუერს, „აჭარის“ მკითხველისთვის კარგად ცნობილ პოლიტიკოსს, მწერალს და პუბლიცისტს, ძირძველ ბათუმელს, ლაზარე ზაქარიაძეს ეკუთვნის. იგი ამჟამად თბილისში მოღვაწეობს და პოლიტიკურ პარტიას – ,,ახალი ძალა” ხელმძღვანელობს. დღეს გავეცნობით, როგორ აანალიზებს იგი საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
– საუბარი საქართველოში არსებული ვითარებით დავიწყოთ, რომელ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოყოფდით?
– პირველი, რა თქმა უნდა, პანდემიაა და პანდემიასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა თუ საგანი, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური იქნება ის თუ წმინდა სამედიცინო. ძირეულად შეცვლილია მსოფლიო, სერიოზულად დაპაუზებულ-დატყვევებული და გაქვავებული. იმთავითვე გამორიცხული იყო, ამას თავისი ასახვა არ ეპოვა ისეთ პატარა და ღარიბ ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა. ჰპოვა კიდეც. . . როგორც ხედავთ, ეს ასახვა თუ ანარეკლი უკიდურესად ნეგატიური და ღრმაა – ფინანსურ-ეკონომიკური, უპირველესად, როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი უაღრესად შეჭირვებული მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, სახელმწიფომ კონკრეტული სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ამ მიმართებით და რაც შეიძლება სწრაფად. ეს ღრმა და ვრცლად სასაუბრო თემაა.
– ოპოზიცია ქვეყნის არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს, მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება, თქვენ რას ფიქრობთ?
– ძველი თამაშის წესია ეს, რეალობისგან მოწყვეტილი და ვირტუალში ჩარჩენილი. ოპოზიცია ამას ამბობს, ხელისუფლება – იმას. რა დროს ესაა? მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უხილავი და გაურკვეველი წარმომავლობის მტრის წინაშე (პანდემია მაქვს მხედველობაში) უძლურია ყველა, განიარაღებული და უძრავი. ამას ემატება ისიც, რომ დემოკრატიული მმართველობის მთავარი პრინციპი ჩვენს ქვეყანაში უკანმოუხედავად დარღვეულია როგორც იურიდიულად, ისე ფაქტობრივად. ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ არჩევნების შედეგად. დანარჩენი თავად განსაჯეთ, ვინ რას ამბობს და როგორ.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით, ეს მისი ნაბიჯი მმართველ გუნდს დააზარალებს მმართველობის გახანგრძლივების თვალსაზრისით?
– მმართველი გუნდი აღარ არსებობს. თუკი კარგად დააკვირდებით, არსებობს მხოლოდ ხალხი და საზოგადოება, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი არჩევანი და შვას კიდეც ახალი ხელისუფლება, თუკი ამის აუცილებლობა დაუდგება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გაუჩნდება ამის რეალური შანსი და შესაძლებლობა. როდის მივალთ აქამდე, როდის დავინახავთ და შესაბამის დასკვნას როდის გამოვიტანთ, ეს სხვა თემაა უკვე. იმედია, ცხოვრება გვიკარნახებს – გამკაცრებული ცხოვრების წესი. პოლიტიკური პროცესისგან ივანიშვილის ფიზიკური დისტანცირებაც, სავარაუდოდ, ამას ემსახურება სისტემური დაკვეთიდან გამომდინარე. ჩვენი ყველას, მათ შორის ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლების, გონებიდან უნდა ამოვშალოთ ივანიშვილის ფაქტორი, როგორც, ერთი მხრივ, არსებული სისტემის ფსევდოსაყრდენი და მეორე მხრივ, შემაკავებელი ცოცხალი პროცესისა და ეს პროცესი აუცილებლად დაიძრება, აუცილებლად იპოვის თავის კალაპოტს და მიმართულებას, სწორედ ეს ხდება დღეს.
– ოპოზიცია მსჯელობს პარლამენტში შესვლა–არშესვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ბოიკოტი გამართლებულია?
– აბსოლუტურად. ეს ბოიკოტი არც არის, ის არის დაფიქსირება იმ უბრალო და მკაფიოდ დადასტურებული ისტორიულ-პერმანენტული ფაქტისა, რომ ძველი სისტემა ვეღარ და აღარ აგრძელებს თავის არსებობას ძველი თამაშის წესით. ერთი ხელისუფლებად ითვლება, მეორე – ოპოზიციად, სინამდვილეში ორივენი პრივილიგერებულნი არიან, ყველა თვალსაზრისით – ფინანსურად, იურიდიულად, მორალურად. ამ დროს ჩვენი საზოგადოება, უბრალო მოქალაქე ამ პატარა ქვეყნისა, ეწამება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პურის ფული არ აქვს უკვე, ვეღარ არსებობს. ამ თვალსაზრისით, ოპოზიციური პარტიების დღევანდელ პოზიციას – ბოიკოტს ვგულისხმობ, სრულებით ვიზიარებ, როგორც ერთადერთ სწორს, წმინდა პოლიტიკური და მოქალაქეობრივი მნიშვნელობით. სანამ უნდა ვისხდეთ იმ სავარძლებში, რომლებიც არავითარ დივიდენდებს არ იძლევა, გარდა პირადისა? ჰო, არსებობს კიდევ ერთი „დივიდენდი” – საყოველთაო აპათია არსებული ხელისუფლების მისამართით, თუგინდ მმართველი პარტია ერქვას მას და თუგინდ ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების ნაწილია იგივე.
– ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ მმართველ პარტიას სურს სამომავლოდ პოლიტიკურ ველზე დარჩენა, უნდა გაატაროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები, თქვენი აზრით, რა რეფორმებია გასატარებელი?
– ეს ყველაზე რთული თემაა და მთავარი, ამოსავალი წერტილი თანამედროვე დროისა. წინასაარჩევნოდ ჩვენს პარტიას არცერთი დაპირება არ გაუცია იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდით, ტყუილი აღმოჩნდებოდა ნებისმიერი დანაპირები. რა პროგრამები დაიდო, ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან და მერა რა? რომელიმე შესრულდა ან შესრულდება უახლოეს მომავალში?! სინამდვილეში ჩვენ ასე ვცხოვრობთ ბოლო 30 წლის განმავლობაში – ტყუილებით, დაპირებებით. უნდა შეიქმნას პრაქტიკოს -ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მიმართულების მეცნიერულ -მკვლევლური გონებით იქნება დაკომპლექტებული და მან უნდა განსაზღვროს პრაქტიკული ვექტორ-ორიენტირები სახელმწიფო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. სხვა სიტყვებით, ჩვენ ამას სახელმწიფო-სააზროვნო ღერძს ვეძახით, მაგნიტს,რომელიც მისაკრავს მიიკრავს და დატოვებს. ე. წ. „ლიბერალურ-დემოკრატიული „თამაში დასრულდა, პანდემიამ დაასრულა, ჩვენ თუ არა. თქვენი კითხვა ბევრად ღრმაა და ამომწურავ პასუხს ითხოვს.
– რაკიღა ოპოზიცია ვახსენეთ, საინტერესოა, რა მოცემულობა გვაქვს ამ მხრივ, რამდენად პასუხობს მოსახლეობის განწყობას?
– თუკი გაზეთ „აჭარის ” მკითხველი ჩვენი ინტერვიუების ლოგიკას მიყვება, ის აუცილებლად სწორად გაგვიგებს. ჩვენი აზრით, ნამდვილი ოპოზიცია აუცილებლად სისტემის და ზოგადად, ცხოვრების სხვა ბუნებას გულისხმობს: პირველად უნდა იყოს იდეა, ფესვი და არა მატერია, ფული. უპირატესად, ფულით მართულმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პროცესმა თავისი დანიშნულება ამოწურა, ვერ ვიტყვით, რომ წარმატებულად. რუკას გადახედეთ, გნებავთ გეოგრაფიულს და გნებავთ დემოგრაფიულს,ჯერი იდეაზეა. შესაბამისად ( ამიტომაც ვახსენე პასუხის დასაწყისში ჩვენი კითხვა-პასუხის ლოგიკა ინტერვიუდან ინტერვიუმდე). ოპოზიციური პარტიები დღეს კულისებშია, სცენის მიღმა, ანდა სცენის კუთხეში, მინიმუმ. ჩვენც ვართ ასეთი, მაგრამ ხომ იცით, რით სრულდება ზოგჯერ სცენის ნელ-ნელი შემობრუნება? ახალი პერსონაჟების გამოჩენით. ვიმედოვნებთ, დღესაც ასე მოხდება, უფრო ზუსტად, აუცილებლად მოხდება ასე.
– ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი პარტია დათმობაზე (რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით) თუ არ წავა, მაშინ ისინი ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, ეს რისი მანიშნებელია?
– არსებული სისტემის რღვევის. იცით რა? მოდით, ასეთი კუთხით შევხედოთ მოვლენებს, ვთქვათ, პარლამენტში ზიხარ ათეული წლების განმავლობაში (როგორც ჩვენი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა) და გრძნობ, რომ არაფერს წარმოადგენ, არავის – ვერც ამომრჩეველს რგებ, ვერც ქვეყანას, უკიდურესად დამთრგუნველია ასეთი მდგომარეობა. რაც უნდა ფინანსურად უზრუნველყოფილად გრძნობდე თავს და იურიდიულად პრივილეგირებულად, ასე ხომ პიროვნულად ნადგურდები სრულიად, ჯერ საკუთარი თავის წინაშე და მერე – ხალხის. ნუ დავივიწყებთ, კაცი თუ ქალი, სანამ პოლიტიკოსი გახდება, ჯერ ადამიანია და აუცილებელად ადამიანად უნდა დარჩეს, ამას სთხოვს მისი ადამიანური ბუნება. ასე რომ, ნურც ეს გაგვიკვირდება – ოპოზიციის ასე მტკიცე და კატეგორიული უარი არსებულ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი.
– თქვენი პარტია რატომ პასიურობს, ვგულისხმობ ტელეარხებში გამოსვლებს. სოციალურ ქსელში კი ჩანხართ. . . თქვენ როგორ გესახებათ ქვეყნის არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი?
– არ ვპასიურობ, უბრალოდ, არ გვიშვებენ, ვერ იძაბება არსებული სისტემის ძველი სისხლი და ძველი ბუნება ახალი სისხლის მიღებასთან დაკავშირებით, თითქოს ეშინია, თითქოს არ არის მზად, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვხედავთ და აღვიქვამთ ჩვენი ანალიტიკურ-პრაქტიკული ინდიკატორით. გეტყვით თამამად და სრულიად დაზუსტებით – სწორედ იმისთვის ხდება ყველაფერი (ერთ-ერთი ფაქტორია და არა – ერთი), რომ ჩვენ შემოვიდეთ- ახალი ძალა -ტყუილად და უსაფუძვლოდ არ დაგვირქმევია ეს სახელი და ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. თქვენ ვიდეომიმართვები ახსენეთ და ჩვენ ნამდვილად გვყავს ჩვენი აუდიტორია, რომელიც იზრდება და ვითარდება, სწამს ჩვენი, სჯერა, მოგვყვება. გამოსავალი ისტორიულ ფესვებთან ბმაშია, ამ ფესვის ინტერპრეტირებაში თანამედროვეობის კონტექსტში- პრაქტიკულ ბმაშია და არა თეორიულ დეკლარირებულში, რაც უზომო თავგანწირვას ითხოვს ჩვენგან და ამასთან, საგნის ზუსტ ცოდნას. პრაქტიკის თემაა სუფთა.
– ახლა ხშირად საუბრობენ მესამე ძალაზე, ახალ სახეებზე, შეიქმნა რეალურად მესამე ძალა?
– ახალი ძალა ჩვენ ვართ, ის მაგნიტი, რაზეც უნდა აესხას ეს ახალი და ნამდვილად ქართულ- სახელმწიფოებრივი ძალა. ვიმეორებ, თამამები ვართ გაზეთ „აჭარის” მკითხველის წინაშე, ღრმა მკითხველის და დაკვირვებულის, ტრადიციულად. მადლობა გაზეთს, რედაქციასა და მის მკითხველს.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ, თქვენი აზრით, ბაიდენის პოლიტიკა რამდენად პრინციპული იქნება რუსეთის მიმართ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში?
– რახან ჩვენს ვიდეოსაუბრებს აყურადებთ, ისიც შეამჩნიეთ ალბათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, არცერთი საერთაშორისო მოვლენა არ დატოვოს ყურადღებისა და პრაქტიკული ანალიზის გარეშე, რაც, ბუნებრივია, საქართველოს და ქართულ საზოგადოებას უკავშირდება. იგივე შეიძლება ითქვას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც თორმეტწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, როგორც იქნა, საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტა ეს დავა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს დიდი წარმატებაა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მხოლოდ დოკუმენტით დეკლარირება, თუნდაც საერთაშორისო სამართლის დონეზე და ხარისხში აყვანილი, არ კმარა, კი, მაღალი ინსტანციაა, მაგრამ კიდევ უფრო „მაღალი ინსტანციაა” რუსული სამხედრო-პოლიტიკური ძალა, რადგანაც მას სწორედ ძალა ჰქვია და ძალას წარმოადგენს მსოფლიოს როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე ფინანსურ-ეკონომიკურ ფრონტზე. არ დავივიწყოთ ეს და შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ კიდეც ყველა საშუალებით ნებისმიერ სახელმწიფოსთან მიმართებაში, მათ შორის, რუსეთთან. ოღონდ არა ვასალურ-მონური განწყობით და ფსიქოლოგიით, როგორც ეს ჩვენს ზოგიერთ ფსევდოპოლიტიკურ ფიგურას თუ ორგანიზაციას ახასიათებს – რა მნიშვნელობა აქვს ვისთან – თეთრი სახლი იქნება ეს თუ კრემლი თავისი დროებითი მკვიდრებით.
– კვლავ ჩვენს ქვეყანას დავუბრუნდეთ, ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოში შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს სახალხო მღელვარება არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რას ფიქრობთ?
– ყველაფერია მოსალოდნელი, ოღონდ ამ ამოსუნთქვას ვერცერთი დღეს მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ვერ წარუძღვება წინ და ვერც ყველა ერთად აღებული, ანუ ოპოზიციური გაერთიანება. არც წარსული გზის სიმართლე ეყოფათ და გამოადგებათ ამისთვის და არც დღევანდელი სიმართლე, შინაგანი რესურსი და პოტენცია ( მიუხედავად დღეს სწორად გადადგმული ნაბიჯისა ერთპარტიული პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით). ვიმეორებ, ეს შეუძლია მხოლოდ ხალხს, მაგრამ ხალხი დათრგუნული და დაკნინებულია მსოფლიო პანდემიით, ამ უხილავი და გაურკვეველი წარმომავლობის წინააღმდგომი ძალით, მაგრამ არსებობს სხვა ვულკანის ძალაც, რომელსაც მხოლოდ ღმერთი ხსნის და ღმერთს ემორჩილება, ის ჩვენ ჯერ არ გვინახავს, პრაქტიკულად არ შევხებივართ, ჩვენ – თანამედროვეები. „ახალი ძალა” სწორედ ამ ენერგიას წარმოვადგენთ, ვფიქრობ, გამგები ამასაც გაგვიგებს ბუკვალურად და აზრობრივადაც, წმინდად პოლიტიკური აზროვნება მაქვს მხედველობაში, ისტორიით ნასაზრდოები. ასე ხდებოდა მუდმივად და ასე მოხდება დღესაც: წმინდანი წარუძღვება ერს, სხვა დროს განვავრცოთ, სხვა პირობებსა და გარემოში როგორც წმინდად პოლიტიკური, ისე წმინდად ადამიანური თვალსაზრისით, დამიტოვეთ ამის შანსი და უფლება, გთხოვთ.
– და ბოლოს, არახალია, რომ მსოფლიოში დღეს პოლიტიკური კუთხით მართლაც ძლიერი რყევებია, რა საგარეო და საშინაო საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ?
– ჩემს მიერ ბოლო შეკითხვაზე გაცემული პასუხის ბოლო სიტყვები, ფაქტობრივად, გააგრძელა ამ კითხვამ, ეგზისტენეციურმა კითხვამ, შეიძლება ითქვას, ტრანსცენდენტურმა : ღმერთს უნდა მიენდოს და იმის რჩეულებს, ასე ყოფილა მუდამ და ასე იქნება, სანამ კაცობრიობა და ეს დედამიწა არსებობს. კრიზისი ბერძნული სიტყვაა და თუ არ ვცდები, გადატრიალებას, შეცვლას ნიშნავს. ცვლილებების ეპოქაში გვიხდება ცხოვრება, რომლის დროსაც, როგორც წესი, ახალი ძალის, ახალი აზროვნების შემოსვლა და გამარჯვება გარდაუვალია, მათ შორის მსოფლიო პოლიტიკურ თეატრში. ნამდვილი პოლიტიკა ხომ ჩვენი ცხოვრებაცაა სინამდვილეში და არა მხოლოდ თეატრი დ სპექტაკლი, მართლა, თუმცა ნამდვილი სპექტაკლიც ცხოვრებაა, ესეც უნდა ვაღიაროთ, ნამდვილი თეატრალების სასარგებლოდ. . . ჩემი თაყვანი და პატივისცემა გაზეთ „აჭარას” და მის მკითხველს.