მაია ჩიბურდანიძე – ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე, რომელიც სათავეში ედგა როგორც საბჭოთა გუნდს, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების სხვადასხვა თაობას
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
2021 წელი ქართულმა საჭადრაკო სამყარომ მაია ჩიბურდანიძის წლად გამოაცხადა – ლეგენდარულ მოჭადრაკეს 17 იანვარს 60 წელი შეუსრულდა. ვინც მაია ჩიბურდანიძეს ახლოს იცნობს, კარგად იცის, როგორი თავმდაბალი და მორიდებულია. 13 წლისამ გაიცნო ქალბატონი მაია საერთაშორისო დიდოსტატმა, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ, რომელიც მასთან ურთიერთობის წლებზე გვესაუბრება.
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის სახელით, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მივულოცო მაია ჩიბურდანიძეს 60 წლის იუბილე. მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული 15 წლისამ დაისაკუთრა (1976 წელს), ერთი წლის შემდეგ კი მან საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მოიპოვა. 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა და 17 წლის ასაკში ამ ტიტულის რიგით მეშვიდე და ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. მაიამ 30 წლის განმავლობაში, 1978 -2008 წლებში, ოლიმპიური ოქრო ცხრაჯერ მოიპოვა. ის არის ერთადერთი ქართველი ჩემპიონი, რომელიც სათავეში ედგა როგორც საბჭოთა გუნდს, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების სხვადასხვა თაობას. ათწლეულების განმავლობაში ასეთი მაღალი შედეგები მეტყველებს მისი საჭადრაკო უნარის უნიკალურობაზე, შინაგან ალღოსა და სიძლიერეზე. „ჩიბო“, როგორც მას საჭადრაკო სამყაროში სიყვარულით მივმართავთ, ქვეყნის ბრენდია!
ჩვენი თავმდაბალი ლეგენდა, ყველა თაობის მეგობარია. მახსოვს, აწ გარდაცვლილი შესანიშნავი მოჭადრაკე ნინო ხურციძის განსაკუთრებული ურთიერთობა მის მიმართ და ცხოვრების ყველა ეტაპზე მაიას მხრიდან ნინოს დიდი თანადგომა.
მაიამ არა მარტო შექმნა საჭადრაკო ეპოქა, არამედ არის აწმყოს შემოქმედი, დიდი სპორტსმენის და დიდი ადამიანის შერწყმა.
ვისურვებდი, რომ მისი უშრეტი ენერგია და განათლება გამოიყენონ როგორც საჭადრაკო სამყაროში, ასევე სხვა სფეროშიც. წარმატებას ვუსურვებ მაიას, მის მიერ დიდი რუდუნებით დაარსებულ „ჭადრაკის დედოფლის აკადემიას’’. მჯერა, რომ დღევანდელ არაჩვეულებრივ თაობაში გენიოს პატარა ვარსკვლავებს კიდევ არაერთხელ აღმოაჩენს და წარმატებისკენ გაუკვალავს გზას.
13 წლის ვიყავი, როდესაც ბათუმში გამართულ ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მას პირველად შევხვდი. ნოკაუტ სისტემის ერთ-ერთ ეტაპზე მაიას პარტიას სადემონსტრაციო დაფაზე ვაშუქებდი, სვლის გაკეთებამდე კი გულშემატკივრებთან ერთად მეც მთელი ემოციით ვითვლიდი დაფაზე არსებულ პოზიციას.
ჩემთვის პატივია, რომ ვარ მისი კოლეგა, პატივია, რომ შემიძლია მას სახელით მივმართო. ბავშვობის მოგონებების კვალდაკვალ, წლების შემდეგ, პატივი მხვდა წილად, მასთან ერთად მეთამაშა გუნდში და მის გვერდით მჯდომს, დამეცვა კლუბ „სამაიას’’ ღირსება. მახსოვს, ერთხელ, პარტიის დასრულების შემდეგ, მითხრა, პარტიის დროს ვფიქრობდი, რომ შენ სა-ლომ-ე მელია ხარო, შენი მეუღლე ლომი უნდა იყოსო.
ვამაყობ, რომ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ადამიანი, რომელთან ურთიერთობის დროსაც მისი სულიერი ძალა, უბრალოება და დადებითი განწყობა სხვებისთვისაც გადამდები ხდება, ჩემი პირველი წიგნის „ჭადრაკი ყველასთვის’’ რეცენზენტია, – თქვა ჩვენთან საუბარში სალომე მელიამ.
გაზეთ „აჭარის“ მკითხველის სახელითაც ვულოცავთ იუბილეს ჩვენს სახელოვან მოჭადრაკეს, ჯანმრთელობასა და ახალ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ მას.