საქართველოში ახალი კორონავირუსის 557 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 21 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში ახალი კორონავირუსის 21 შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის კლინიკებში 160 პაციენტი მკურნალობს. ამ ეტაპზე 47 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 7 ადამიანი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროში რჩება 128 მოქალაქე. რეგიონის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 100 ადამინი. თვითიზოლაციაში იმყოფება 684 პირი.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით,11 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
– ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 890 კვლევა, მათ შორის 13 380 – ანტიგენის ტესტით და 8 510 – პისიარტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 557 დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 264 158-ს შეადგენს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღეის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღეში – 3.5%, ხოლო 7 დღეში – 3.23%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 256 024-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 10 შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 3 321 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 209, აჭარაში – 21, იმერეთში – 113, ქვემო ქართლში – 43, შიდა ქართლში – 63, გურიაში – 33, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 960, აჭარაში – 160, იმერეთში – 448. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456, მათ შორის თბილისში – 188, აჭარაში – 47, იმერეთში – 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში – 7, იმერეთში – 17.
290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 128 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, ხოლო აჭარაში – 100. სულ 6 ოქტომბრიდან 10 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 713 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 456, აჭარაში – 684, იმერეთში – 1 380, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.