თამაზ ბაკურიძე: აქციას ყველა წესის დაცვით ჩავატარებთ
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
15 თებერვალს რეგიონის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე ჯგუფები მასშტაბურ აქციას გეგმავენ, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეა. რა მოთხოვნები აქვთ ადამიანებს ხელისუფლებასთან – ამ და სხვა საკითხებზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო თამაზ, გასაგებია, რომ ადამიანებს პრობლემები აქვთ, მაგრამ პანდემიის პირობებში რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა?
– ეს აქცია რამდენიმეჯერ დაიგეგმა და მე გახლდით ინიციატორი, რომ გადაგვედო სწორედ პანდემიის გამო, თუმცა კომუნიკაცია არ შემიწყვეტია სხვადასხვა პრობლემის მქონე ჯგუფებთან. მათი თხოვნის საფუძველზე, ასევე, ვეკონტაქტებოდი მთავრობის შესაბამის სამსახურებს და რაღაც დონეზე ყურადღებასაც იჩენდნენ, მაგრამ პრობლემები მაინც რჩებოდა დღის წესრიგში. ახლა, როცა ადამიანები ხედავენ, რომ მთავრობის სახლთან სამ თვეზე მეტია არ წყდება საპროტესტო აქციები, არავინ იცავს შესაბამის მოთხოვნებს, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის და ამ ყველაფერზე რეაგირება არ ხდება, ხალხმა ჩათვალა, რომ მათაც აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება. ჩვენ ყველა წესის დაცვით ჩავატარებთ აქციას, დავიცავთ დისტანციას და აქციის თითოეულ მონაწილეს ექნება პირბადე.
– რამდენიმე დღის წინ ხომ გამართეთ მსგავსი აქცია მთავრობის სახლთან? ამბობთ, რომ სხვადასხვა ჯგუფი გაერთიანდება. ვინ არიან ეს ადამიანები და რას ითხოვენ ხელისუფლებისგან?
– დავიწყებ ავტობანით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, ეს ყველამ ვიცით. გაზეთმა „აჭარამ“ არაერთხელ დაწერა ამ პრობლემაზე. ბუნებრივია, ყველა მასშტაბურ პროექტს მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვება ხოლმე, ეს იქნება ჰესი თუ ავტობანი ან სხვა. საქმის მწარმოებელ კომპანიას და ხელისუფლებას კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მათი ინტერესები ყურადღების მიღმა რჩება.
– რას გულისხმობთ?
– სალიბაურში, განთიადში, მახვილაურსა და მახინჯაურში, სადაც ახლა შემოვლითი გზის მშენებლობის ეპიცენტრია, არის ოჯახები, რომლებსაც პრეტენზიები აქვთ, რომ სწორედ მაშინ, როცა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო, მათ სახლებზეც გაჩნდა ბზარები. შარშან, როცა საპროტესტო აქცია გავმართეთ, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შეხვდნენ მოსახლეობას. იმის დადგენა, შემოვლითი გზის მშენებლობას მოსახლეობის პრეტენზიებთან აქვს თუ არა კავშირი, რთულია, მაგრამ ფაქტია, სწორედ მშენებლობის დროს გაჩნდა და იმატა სახლებზე ბზარებმა. ბევრი შენობა, მაგალითად, მახვილაურში ამორტიზებულია. შარშან შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრაზე იმუშავებდა, თუმცა, ვიდრე საბოლოო დასკვნა დაიდებოდა, კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა და ხელისუფლება იძულებული გახდა, ოჯახები ქირით გაეყვანა. სულ ახლახან მოვიდა დასკვნა, რომ 8 საცხოვრებელი ამორტიზებულია და შეკეთებას არ ექვემდებარება. ჩნდება კითხვა: თუ აქამდე მოსახლეობას არ ჰქონდა პრობლემა, რატომ დაიბზარა სახლები სწორედ გზის მშენებლობის დროს? როცა ოჯახები ქირით გაიყვანეს, ერთი თვის ქირის თანხა გადაუხადეს და ამით შემოიფარგლნენ. ფაქტობრივად, არსებობს საფრთხე, რომ დაზარალებული ოჯახები ღია ცის ქვეშ დარჩებიან. ვესაუბრე საგზაო დეპარტამენტს, სადაც გვითხრეს, რომ ისეთი რამ გააკეთეს მოსახლეობისთვის, რაც არ ევალებოდათ. ერთი სიტყვით, ყველა მხარე თავისებურად მართალია, მაგრამ, ერთხელ და სამუდამოდ, პრობლემა ხომ უნდა გადაიჭრას? კომუნიკაცია ხომ უნდა შედგეს ხალხსა და ხელისუფლებას შორის და გაირკვეს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი?
– გასაგებია თქვენი პოზიცია ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით. კირნათის მოსახლეობა რას ითხოვს?
– ორი წლის წინ კომისია შეიქმნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად. შედგა სია, თუ ვის რამდენი მიწის ნაკვეთი ქონდა საკუთრებაში და რა ნაწილი დაიტბორა ჰესის მშენებლობის გამო. ხელვაჩაურის მერიამ თვითნებურად შეუმცირა ადამიანებს მიწის ნაკვეთები და ოფიციალურ დოკუმენტებში არასწორი მონაცემები შეიტანა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს საკუთრებაში 5 ჰექტარი მიწა ჰქონდა, მერიამ 3 ჰექტარი ჩაუწერა. ამან მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან, შესაბამისად, კომპენსაცია ნაკლები აიღეს, ვირე ეკუთვნოდათ. საპროტესტო აქცია რომ გავმართეთ ამ დღეებში, კომპანიამ თქვა, რომ არასწორ მისამართზე აპროტესტებდნენ საკითხს, რადგან, გადაიხადეს იმდენი, რა მონაცემებიც მიაწოდა მათ მერიამ. საკარმიდამო ნაკვეთები, რომლებსაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდა, დატბორილია და ორი წელია ვერაფერი მოჰყავთ, შესაბამისად, შემოსავლის წყაროს გარეშე არიან დარჩენილები და კირნათში ასეთი დაახლოებით 80 ოჯახია.
– საპროტესტო აქციაში თვითდასაქმებულებიც მიიღებენ მონაწილეობას?
– ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მეზობელ თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ და იქ მუშაობდნენ. აჭარის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ თურქეთში გადასვლით ირჩენდა თავს. ამ ადამიანებს ერთჯერადად დაეხმარა სახელმწიფო 300 ლარით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზღვაში წვეთია, დღეს ფულად კომპენსაციას არავინ ითხოვს. თვითდასაქმებულები ხელისუფლებისგან ითხოვენ, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, შეძლონ მეზობელ ქვეყანაში გადასვლა.
– აქციის მონაწილეთა უმრავლესობა „ოცნების ქალაქის“ მცხოვრები იქნება, ის ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლება მუდმივად ეხმარება და მათთვის საცხოვრებელი კორპუსებიც კი შენდება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაზე თვითნებურად არიან შეჭრილები.
– რაც შეეხება „ოცნების ქალაქს“, თვითნებურად მხოლოდ ეს ტერიტორია არ აქვს მოსახლეობას დაკავებული. კომპლექსური მიდგომა უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან მსგავს საკითხზე, ასეთი ტერიტორიები უნდა გამოთავისუფლდეს და ვისაც დახმარება ეკუთვნის, დაეხმარონ. მართალია, „ოცნების ქალაქში“ კორპუსები შენდება და საზოგადოება ამბობს, მათ რა აქვთ გასაპროტესტებელიო, მაგრამ შენდება 582-ბინიანი კორპუსი.
– ეს პირველ ეტაპზე. . .
– როცა მთავრობამ მშენებლობას საძირკველი ჩაუყარა, დააანონსა, რომ მშენებლობა რამდენიმეეტაპიანი იქნებოდა. ამასთან, განსაზღვრავდა კატეგორიებს, თუ ვინ მიიღებდა საცხოვრებელ ფართს. მშენებლობა თითქმის დასასრულს უახლოვდება და მოსახლეობამ არ იცის, რომელი კატეგორია დაკმაყოფილდება ბინებით. მართალია, მთავრობა ამბობს, რომ უსახლკაროებს არ დატოვებს ბინების გარეშე, მაგრამ ასეთი იქ ძალიან ცოტაა. მეც მომხრე ვარ, იმ ადამიანებმა მიიღონ სარგებელი ხელისუფლებისგან, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ დახმარება, მაგრამ მხოლოდ უსახლკაროები არ არიან იქ. „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ მრავალშვილიანები, შშმ პირები, ვეტერანები და სხვა. სამთავრობო კომისიაში რეგისტარცია 1700 ადამიანმა გაიარა. ჩნდება კითხვა, 580 ბინა როგორ გადანაწილდება 1700-ზე? მთავრობა ამბობს, რომ მშენებლობა გაგრძელდება, მაგრამ მოსახლეობა მაინც შიშობს, რომ ასე არ იქნება. ამიტომ ითხოვენ კონკრეტულ პასუხს შესაბამისი დოკუმენტაციით, რომ მშენებლობა გაგრძელდება და მხოლოდ 580 ბინით არ შემოიფარგლება. „ოცნების ქალაქში“ სავალალო მდგომარეობაა, არ არის კომუნიკაციები სათანადოდ გამართული, ფეკალური მასა ამოდის ტერიტორიაზე, გაჩნდა ხანძარი და რამდენიმე სახლი დაიწვა კიდეც.
– ბატონო თამაზ, „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს რომ ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ აკლიათ, ეს ყველამ კარგად ვიცით.
– დიახ, თუმცა იგივე სასურსათო კალათა 120 ოჯახს არ მიუღია.