გახარია გადადგა, მელია თავისუფალია, მმართველმა გუნდმა კი პრემიერმინისტრობის კანდიდატი დაასახელა
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65
„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“ სიტყვების ავტორი ებრძვის არა რომელიმე პარტიას მხოლოდ, არამედ ქართულ სახელმწიფოს, მის დემოკრატიულ განვითარებას და ის წარმოადგენს არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციას. თუ ჩვენ გვსურს, გვქონდეს სახელმწიფო, სასამართლოს გადაწყვეტილება უპირობოდ უნდა აღსრულდეს. აღსრულების ფორმებზე და ვადებზე განსხვავებული მოსაზრებების არსებობა ნორმალურია“
პრემიერ – მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, მინისტრები კი ჯერჯერობით, მოვალეობის შემსრულებლებად გარდაიქმნენ. ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ გიორგი გახარიას პოსტიდან წასვლაზე, თუმცა ეს უკანასკნელი ირწმუნებოდა, რომ კი არ მიდიოდა, მოდიოდა. მოარული ხმები გამართლდა, მმართველმა პარტიამ კი პრემიერმინისტრობის კანდიდატი დღესვე დაასახელა. ესაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავის დროზე ასევე გადადგა, ირაკლი ღარიბაშვილი.
არადა, პრემიერმინისტრობის რამდენიმე კანდიდატი განიხილებოდა, მათ შორის ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე, დეპუტატი თეა წულუკიანი. ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს სიახლე. ერთი კი ცხადია – გახარიას წასვლამ ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა ქვეყანაში.
მაინც რატომ მიიღო პრემიერმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება? თუ მის განცხადებას დავეყრდნობით, მმართველ გუნდთან ნიკა მელიას საკითხზე ვერ შეთანხმდა, თუმცა, კარგა ხანია მისი პოსტიდან შესაძლო წასვლასთან ერთად, „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზეც საუბრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი არ იცავს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კვლავაც თავისუფალია, პარტიის ოფისში თანაგუნდელებთან, მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთადაა და არ აპირებს სამართალდამცავებს დაემორჩილოს. ოპოზიციისთვის ისევ აქტუალურია ვადამდელი არჩევნების საკითხი, მმართველი გუნდი კი ნიკა მელიას მოუწოდებს, დაემორჩილოს კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის და სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, გიორგი გახარიას გადადგომაზე განსხვავებული არგუმენტები მოვისმინეთ, რომლებსაც აქ გთავაზობთ.
პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე:
– თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნებისმიერ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის სახელმწიფოს ვალდებულება. ასევე, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად შესასრულებლად იღებს ადრესატიც. „არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“ სიტყვების ავტორი ებრძვის არა რომელიმე პარტიას მხოლოდ, არამედ ქართულ სახელმწიფოს, მის დემოკრატიულ განვითარებას და ის წარმოადგენს არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციას. თუ ჩვენ გვსურს, გვქონდეს სახელმწიფო, სასამართლოს გადაწყვეტილება უპირობოდ უნდა აღსრულდეს. აღსრულების ფორმებზე და ვადებზე განსხვავებული მოსაზრებების არსებობა ნორმალურია. ასლან ლორთქიფანიძის თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა არ იყო წინასწარ დაგეგმილი.
– თავად განაცხადა, რომ მას ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება პოლიტიკური გუნდის შიგნით სასამართლოს აღსრულების ვადებთან დაკავშირებით, რაც თანაგუნდელებმაც დაადასტურეს. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და არჩევნებში გამარჯვებული პარტია ირჩევს პრემიერს, აყალიბებს მთავრობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონსტიტუციით თანამდებობის დატოვების გარანტირებული უფლება აქვს. მან ეს უფლება გამოიყენა, – აცხადებს ასლან ლორთქიფანიძე.
როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები, დადგება თუ არა დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების საკითხი? კითხვაზე პოლიტოლოგმა გვიპასუხა, რომ ხვალ დასახელდება მმართველი პარტიის პრემიერობის კანდიდატი და მოკლე დროში პარლამენტი აირჩევს მას, თუმცა ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათში უკვე ცნობილი გახდა პრემიერმინისტრობის კანდიდატი.
– ნდობამოპოვებული პრემიერი პარლამენტს წარუდგენს ახალ მინისტრთა კაბინეტს. ქვეყანას ეყოლება ახალი პრემიერი, ახალი მთავრობა. ვადამდელ არჩევნებს პრემიერის გადადგომა არ იწვევს. საქართველოს კონსტიტუციით, ვადამდელი არჩევნები მხოლოდ ერთ შემთხვევაში ტარდება: თუ პარლამენტი ვერ მოახერხებს მთავრობის ფორმირებას. მმართველ პარტიას პარლამენტში 90-კაციანი უმრავლესობა ჰყავს, მთავრობის ფორმირებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაც კი საკმარისია. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მარტივად მოახერხებს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენი კი აუცილებლად აღსრულდება მას შემდეგ, რაც ქვეყნას განახლებული მთავრობა ეყოლება, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ასლან ლორთქიფანიძემ.
„ერთიანი ნაციონალურიდი მოძრაობის“ წევრი ასმათ დიასამიძე დედაქალაქში, პარტიის ცენტალურ ოფისში იმყოფება. გთავაზობთ მის სატელეფონო კომენტარს.
– ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა დავალება იყო და „ქართულმა ოცნებამ“ ეს დავალება პირნათლად შეასრულა. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განეიტრალება სურთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, პროცესები არის მართული და შესაბამისად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, – გვითხრა ასმათ დიასამიძემ. მისივე თქმით, ნიკა მელიას არასწორად წაუყენეს ბრალდებები.
– ზოგისთვის კანონი კანონობს, ზოგისთვის – არა. იმის უამრავი შემთხვევა გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ კანონებს სათავისოდ ირგებს, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ გირაოს ორჯერ ახდევინებენ ნიკა მელიას. მართალია, იურისტი არ ვარ, თუმცა ნიკა მელიასთან მიმართებით პროცედურები რომ დარღვეულია, ამაზე საუბრობენ მისი უფლებადამცველები, რომლებსაც ვენდობი. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას – ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას, სასამართლო რომ მიკერძოებულია ჩვენს ქვეყანაში, ესეც ყველამ კარგად ვიცით – ერთი კაცის მართული სასამართლო გვაქვს, – აცხადებს ასმათ დიასამიძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადადგომამ და მისმა განცხადებამ ცხადყო „ქართულ ოცნებაში“ არსებული რეალობა.
– ის, რომ ნიკა მელიასთვის გამოტანილი განაჩენი არასამართლიანია, გახარიამ თქვა კიდეც, რადგან გუნდთან ვერ შეთანხმდა. ფაქტია, ის ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მდინარაძე-კობახიძის რადიკალური ფრთისთვის, შესაბამისად, ყველა ხვდება, თუ რამხელა ზეწოლა განხორციელდა გახარიაზე, – გვითხრა ასმათ დიასამიძემ. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელს არ აძლევს ოპოზიციასთან დიალოგი და ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნებიც გარდაუვალი იქნება.რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჯერჯერობით, მმართველ გუნდში კომენტარები არ კეთდება. ჩვენ დავუკავშირდით უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატს, რომლებმაც გვითხრეს, რომ მოგვიანებით აუცილებლად გააკეთებენ კომენტარს, რასაც შემოგთავაზებთ კიდეც.