„იმედი მაქვს, მომავალი პრემიერი უპრობლემოდ ჩაანაცვლებს წასულს და შეძლებს ისეთივე წარმატებით მართოს ქვეყანა, როგორც აქამდე მართავდა გახარია“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
„პრემიერმა ჩამოაყალიბა სამთავრობო ინსტიტუციური სისტემა, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად და უკვე შეძლებს პიროვნული ჩარევის, ხარვეზების გარეშე ფუნქციონირებას“
პრემიერის გადადგომას ოპოზიცია გახარებული შეხვდა, საკუთარ გამარჯვებად მიიჩნია და ნიკა მელიას პოლიტიკურად დაჩაგრულის სტატუსი განუმტკიცა.
გახარიას მოულოდნელი გადაწყვეტილებით გაოცებული მმართველი გუნდი მალევე გამოფხიზლდა და ზედიზედ გაკეთებული კომენტარებით შეარბილა ქვეყნის პირველი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანმდევი რეაქცია.
რას ფიქრობენ ამაზე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წარმომადგენლები, ამაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე გვესაუბრება.
– ბატონო ტიტე, როგორ შეაფასებდით ქვეყნის პირველი პირის გადადგომას
-ეს მისი სუბიექტური გადაწყვეტილებაა. მას აქვს ამის უფლება. მით უმეტეს, რომ კარგად ახსნა, რის გამო გადადგა ეს ნაბიჯი. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა ქვეყნის მართვის სისტემა, რომელიც არ არის ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული. მსგავსი პრაქტიკა იმდენად მიღებული იყო საბჭოეთში, ვერ წარმოედგინათ ქვეყნის მომავალი, თუკი პირველი პირი დატოვებდა პოსტს. ამჯერად, არაფერი ამდაგვარი არ ხდება. პრემიერის გადადგომა არ აღიქმება მთავრობის რღვევად და მისი სხვა ძალებით ჩანაცვლებად. ერთ პრემიერს მეორე შეცვლის, ხოლო კარგად აწყობილი სახელისუფლებო სტრუქტურა ისევ ისე გამართულად იმუშავებს, როგორც აქამდე.
– გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა პოლარიზაციას. პარტიის შიგნით თუ ოპოზიციასთან დაპირისპირებას გულისხმობდა?
– პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში უპირატესობა ენიჭება სასამართლოს გადაწყვეტილებას და კონსტიტუციას. ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, უკანა პლანზე გადადიოდა დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ეს ორი ძირითადი მამოძრავებელი ბერკეტი. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას წინ ვერ აღუდგება საქართველოს ვერცერთი მოქალაქე, ვერც პოლიტიკური, ვერც მორალური და ემოციური მოტივით – ეს გამოირცხულია.
– გამოდის, რიგითი მოქალაქე კი არა, თავად პრემიერი აღუდგა წინ?
– როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გახარიას წინააღმდეგობა დაკავშირებული იყო არა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან, არამედ ამ აღსრულების ვადებთან. რაც შეეხება პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გამოიყენონ მოტივად, რაც თავისთავად იწვევს დაპირისპირებას და არასასურველი გარემოს ჩამოყალიბებას. თავისი წასვლით, გახარიამ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და დატოვა პრემიერის სავარძელი, ანუ გაამართლა მელიას დაჭერის ვადების გადაწევა.
– ამიტომ გადადო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაპატიმრება?
– ჩვენ ხისტად არ უნდა შევაფასოთ არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ცხადია, ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომლის გათვალისწინებით აგვარებს მთავრობა ვითარებას, ჭრის ყველა საკითხს და პრობლემას. შესაბამისად, სწორად მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ამ დაძაბულ ვითარებაში გადაავადა მელიას დაპატიმრება, რითაც ოპოზიციურ პარტიებთან შეჯახებას განერიდა.
– მელიას აღარ დაიჭერენ?
– ეს მხოლოდ დროში გადავადებაა, რაც არ ნიშანვს იმას, რომ ნიკა მელიას არ დააპატიმრებენ, ანუ აუცილებლად შესრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება. ნებისმიერ ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეასა და თურქმენეთშიც კი, სრულდება სასამართლოს განჩინება. ამაზე დავაც არ ღირს. ეს არის ქვეყნის არსებობის უპირობო მექანიზმი. შესაბამისად, როდესაც გვაქვს პრეტენზია დემოკრატიულობაზე და ამ დემოკრატიის შესანარჩუნებელი ბერკეტებიც ამუშავებულია, თან გვაქვს იმის საშუალებაც, რომ გარე მტრულ ძალებს არ მივცეთ დესტრუქციის და პოლიტიკური არეულობის შექმნის შანსი, ცხადია, სწორად განსაზღვრა სამინისტრომ მელიას დაპატიმრების დროებით შეჩერება.
– აქამდე რამდენიმეჯერ გაიჟღერა გახარიას გადადგომის თემამ. მელიას დაჭერა-არდაჭერის, ერთი შეხედვით, უნიშვნელო საკითხის გამო გადადგა პრემიერი, რომელიც დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა ხალხში, თუ ეს მხოლოდ საბაბი იყო?
– როდესაც პრემიერ-მინისტრი აკეთებს გადადგომაზე განცხადებას, ეს არ არის ერთ წუთში, ემოციებით, დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილება. კანონმდებლობიდან გამომდინარე, სწორედ მას აკისრია აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა. თავად გახარიამ ძალიან კარგად ახსნა წასვლის მიზეზი. მისი თქმით, ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება და მელიას საქმე არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი, როგორიც თავიდან ჩანდა. მისი დაპატიმრებით, ისედაც პოლარიზებული ქართული საზოგადოება დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს და შესაძლებელია, შეჯახებაც მომხდარიყო. ამისთვის რომ ემზადებოდა ოპოზიცია, ყველამ ვიცით. გახარიამ გარკვევით თქვა: „გაუმართლებლად მიმაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.“
– როგორ შეაფასებდით გადამდგარი პრემიერის მოღვაწეობას?
– გიორგი გახარია ძალიან კარგად უძღვებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. სათავეში მოვიდა ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის უმძიმეს პერიოდში. ამის მიუხედავად, შეძლო ვითარების დასტაბილურება და მაშინ, როდესაც მსოფლიო იყო დაბნეული, ვირუსის ჩარჩოებში მოქცევა. მის პირად კონტროლს ექვემდებარებოდა ყველა კრიზისული სიტუაცია, რომლის მართვას და დალაგებას პროფესიულად ახერხებდა. არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს უკვე გადამდგარ პრემიერს პანდემიის პერიოდში მიღებული კარგი შედეგი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ახერხებდა ქვეყნისთვის უსაფრთხოდ ლავირებას და თამაშობდა განმმუხტველის როლს, ანუ იყო ერთ-ერთი ძლიერი კრიზის-მენეჯერი, რომელმაც მაქსიმალური ძალისხმევით შეძლო ქვეყანაში სტაბილიზაციის შენარჩუნება. შეიძლება ითქვას, თამასა აგვიწია მთელი მსოფლიოს თვალში მისი გუნდით და მისი უპრეცედენტო გადაწყვეტილებებით. პრემიერმა ჩამოაყალიბა სამთავრობო ინსტიტუციური სისტემა, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად და უკვე შეძლებს პიროვნული ჩარევის, ხარვეზების გარეშე ფუნქციონირებას.
– ყველა სისტემას სჭირდება ლიდერი.
– დიახ, სჭირდება სერიოზული მმართველი, სერიოზული ძალა და იმედი მაქვს, მომავალი პრემიერი უპრობლემოდ ჩაანაცვლებს წასულს და შეძლებს ისეთივე წარმატებით მართოს ქვეყანა, როგორც აქამდე მართავდა გახარია. რაც მოხდა დღეს, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. ერთის წასვლა და მეორის არჩევა დემოკრატიული ნორმაა. ცუდი იქნებოდა ის, რომ 20-30 წელი გვყოლოდა ერთი მმართველი, როგორც იყო „ნაციონალების“ თუ შევარდნაძის მმართველობის პერიოდებში. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც ფიქრობს რევანშზე, რევოლუციაზე, ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. აპირებს საქართველოს ისევ დაპატრონებას. საბედნიეროდ, ქართველ ხალხს გააჩნია სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, აქვს ჭკუა და გონება, რაც ნიშნავს, რომ არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ გვემუქრება.
– გადადგა პრემიერი და ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად დარჩა. როგორია ხელისუფლების აღდგენის შემდგომი პროცედურა?
– ორი კვირის განმავლობაში უნდა წარუდგინონ ახალი პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პარლამენტს, ხოლო საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს ან უარყოფს კანდიდატურებს.
– შესაძლებელია, რომ არ დაამტკიცონ?
-ვფიქრობ, ამ შემთხვევში გუნდურობის პრინციპი ითამაშებს თავის როლს, წარდგენილ გუნდს დაამტკიცებს პარლამენტი და გვეყოლება წარმატებული აღმასრულებელი მთავრობა.
-კულუარებში იმ აზრმაც გაიჟღერა, რომ წავიდა გახარია და დაბრუნდება ივანიშვილი.
– ბატონმა ბიძინამ გააკეთა წასვლის განცხადება სათანადო ახსნა-განმარტებებით. ახლა სასაცილოდაც მეჩვენება კულუარული ჭორები ივანიშვილის დაბრუნების თაობაზე. ამ ადამიანმა შექმნა პარტია, დაამარცხა წინა ხელისუფლების ავტოკრატიული რეჟიმი, გადაარჩინა საქართველო, ჩამოაყალიბა გამართული სახელისუფლებო სტრუქტურები და წავიდა, აგრძელებს ცხოვრებას როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე.
– ხომ არ იცით, კიდევ ვინ აპირებს პოლიტიკური არენის დატოვებას?
– პოლიტიკურ არენას დატოვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დესტრუქციული მოსაზრებებით და ქმედებებით. ამით დამანგრეველი ძალებისგან გაიწმინდება ოპოზიციური ველი. კარგად გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიკონსტიტუციურად განწყობილი ადამიანებით შექმნილი პარტია. როდესაც არ ემორჩილები სასამართლოს განჩინებას და მიზეზად მოგყავს არსებული ხელისუფლების მიმართ ოპონირება, სხვა რა უნდა ვთქვა? ამ დროს ყოველთვის მიჩნდება შეკითხვა, მაშინ რატომ იხდის სემეკის მიერ დაკისრებულ დენის, სხვა კომუნალურების თუ საშემოსავლოს გადასახადს? ანუ სხვა რეგულაციებს ემორჩილება, ხოლო როდესაც პირადზე მიდგება საქმე, აღარ ემორჩილება სახელმწიფო ინსტიტუციებს? კარგად ჩანს მელიას სახე, როდესაც ამ უსუსური საბაბით ცდილობს გმირის, წამებულის მანტია მოისხას. რა გააკეთა? „ბრასლეტი“ გადააგდო, დაკისრებული გადასახადი არ გადაიხადა? რომელია აქ გმირობა? „ტანჯული და ბედკრული საქართველოს მხსნელად“ მოაქვს თავი? კომენტარის გაკეთებაც არ მოგინდება ასეთ აბსურდზე. ხალხის ემოციებზე თამაშობენ, თუმცა არაფერი გამოუვათ. ქვეყანაში პანდემიაა, უდიდესი სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ასე რომ, ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანაა, საქართველოს და ქართველ ხალხს მივხედოთ, ეკონომიკა აღვადგინოთ ისე მაინც, პანდემიამდე რომ იყო, დავასტაბილუროთ პოლიტიკური ვითარება და გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულ რიტმში. ასევე, აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სპექტრიდან ამოძირკვა. მათ ხალხი მიუჩენს თავის ადგილს, შესაბამისად, ისტორიაც.
-„ნაციონალები“ აცხადებენ, „გადადგომით გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მელიას საქმე პოლიტიკურია“. . .
-ეს არის „ნაციონალების“ მუდმივი ნარატივი. თუკი დეპუტატმა დააშავა, მას უნდა მოუხსნან იმუნიტეტი, რაც არ ნიშნავს, რომ საკითხი პოლიტიკურია. კანონის წინაშე ყველა თანაბარია. არ შეიძლება გარეწარი ამოეფაროს პოლიტიკას და პასუხი არ აგოს დანაშაულზე.
– ოპოზიცია ელოდება ვადამდელ არჩევნებს.
– უსაფუძვლოა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების თუ მისიების წარმომადგენელთა აღიარებით, არჩევნები არ გაყალბებულა და ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ, გამჭვირვალე გარემოში. დადგება გაზაფხული და დარწმუნდებიან, რომ ხალხი ჩვენ გვიჭერს მხარს და პასუხს მოსთხოვს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ნდობის მანდატი ჩააბარა, თუმცა ამაოდ.