ილია ვერძაძე: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება – მრავალთაგან ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი შეარჩია
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
მმართველმა გუნდმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში დაასახელა და ის ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიგით მეორე პრემიერი გახლდათ.
– მისი მოსვლა ნიშნავს სტილის შეცვლას, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და იქვე დასძენს, რომ „ქართული ოცნება“ ლოიალური აღარ იქნება.
– რეალურად გადაიდგა პოლიტიკური ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ქართული პოლიტიკური სპექტრი შეიცვლება. მმართველი პარტიის შეცვლასთან ერთად შეიცვლება ოპოზიცია. შეცვლაში ვგულისხმობ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა ნიშნავს სტილის შეცვლას, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო მკვეთრი ქცევა ექნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ღარიბაშვილის დაბრუნებით უფრო მკვეთრი ხაზი გაივლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ხშირად ასეთი ზღვარი წაშლილი იყო. ისეთი შემთხვევები როგორიც იყო ლოიალურობა „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადრე იყვნენ უსამართლობაში შემჩნეული და არ დადგა სამართალი მათ მიმართ, ვფიქრობ, შეიცვლება. შესაძლოა, ღარიბაშვილისა და პარტიის ხაზი იყოს ერთმანეთთან ჰარმონიაში და არ გამოიწვიოს ისეთი პრობლემა, რაც გახარიასთან. ირაკლი ღარიბაშვილის ხელწერა გამოვლინდება ისეთ მოვლენებში, როგორშიც გამოვლინდა მისი თავდაცვის მინისტრობის დროს. მან დავით გარეჯის საკითხი წამოწია და შეიძლება ითქვას, რომ მფარველობდა კიდეც, – აცხადებს პოლიტოლოგი.
– ღარიბაშვილი არის ხისტი პოლიტიკოსი, ძალიან მკვეთრი და პირდაპირი. გახარიას გადადგომის შემდეგ შეიქმნა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ვითარება, ოპოზიციამ ჩათვალა ეს როგორც გამარჯვება, „ქართულმა ოცნებამ“ სტატუს-კვოს აღდგენა მოინდომა და სწორედ ის პიროვნება წარადგინა პრემიერმინისტრობის კანდიდატად, რომელმაც პირველივე გამოსვლაზე განაცხადა, რომ სამართალი იქნება აღსრულებული. ხელისუფლებას შეეშინდა, რომ პროცესი წავიდოდა უფრო ღრმად და ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამ ნაბიჯისა, საკმაოდ შეიცვალა დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი ჩვენს პარტნიორებში. ისინი საუბრობენ ორივე მხარეზე, მაგრამ მიანიშნებენ, რომ ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯები არ უნდა გადადგას. ნოემბრიდან დღემდე, როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა სრული მხარდაჭერა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციური სპექტრისადმი დამოკიდებულება ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო ჩამოსული და პოლიტიკური თვალსაზრისით პულსი ძლივს ესინჯებოდა, ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია დააბრუნა ერთ-ერთ აქტიურ მოთამაშედ პოლიტიკაში. თუ ხელისუფლება ისეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს, პირველ რიგში, საფრთხეს შეუქმნის ხელისუფლებას. ღარიბაშვილი ნამდვილად არის ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გამტარებელი, გამომდინარე მისი მოღვაწეობიდან. მინდა ვიფიქრო, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება გაითვალისწინებს იმას, რასაც პარტნიორები ურჩევენ და დიალოგისკენ წაიყვანს საქმეს, – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი კრიზისის განმუხტვის ერთადერთ სწორ გზად ვადამდელ არჩევნებს მიიჩნევს, მოლაპარაკებები, მათი მოსაზრებით, ფასილიტატორების ჩართულობით უნდა გაიმართოს.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „აჭარასთან“ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრმა ილია ვერძაძემ ისაუბრა.
– ბატონო ილია, გიორგი გახარია თანამდებობას რომ დატოვებდა, ამაზე ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ, რასაც მმართველ გუნდში დაპირისპირებას უკავშირებდნენ.
– „ქართულ ოცნებაში“ არანაირი დაპირისპირება არაა. რაც შეეხება გიორგი გახარიას გადადგომას, როგორც თავად განმარტა ყოფილმა პრემიერმა, გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ნიკა მელიასთან მიმართებით მიმდინარე პროცესებს. შეთქმულების თეორიებს თავი რომ დავანებოთ, ცოცხალი და ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია ის, რომ მსჯელობა გაიმართა კონკრეტულ საკითხზე და სამწუხაროდ, აზრთა სხვადასხვაობის გამო, ბატონმა გიორგი გახარიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო.
– პრემიერის გადადგომიდან რამდენიმე საათში „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც „ქართული ოცნების“ რიგით მეორე პრემიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავად განაცხადა, პოლიტიკიდან წავიდა, პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის კანდიდატურას საზოგადოების ნაწილი მაინც მის გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
– ბატონი ბიძინა დისტანცირდა პოლიტიკიდან. ამას მოწმობს ისიც, რომ გახარიას განცხადება ბევრი დეპუტატისთვის მოულოდნელიც კი იყო, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არანაირი კოორდინაცია, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილთან, არ ყოფილა. რაც შეეხება კანდიდატის მალევე წარდგენას, ეს ორი რამითაა განპირობებული. პირველი ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ღირსეული ლიდერები ჰყავს და კანდიდატის შესარჩევად დიდი დრო არ სჭირდება. მეორეც, საღად მოაზროვნე ადამიანები არიან პარტიის სათავეში და მათ იციან, მსგავს სიტუაციაში კანდიდატის წარდგენის დაყოვნება ქვეყნისთვის არასახარბიელოა. ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე როცაა, ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება – მრავალთაგან ერთ- ერთი ღირსეული კანდიდატი შეარჩია. დიახ, პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა ის, ვინც თავის დროზე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყანა ევროპის გზაზე დააყენა, ვიზალიბერალიზაციას გზა გაუხსნა, ვინც იყო თავისუფლებისათვის შეუპოვარი მებრძოლი და ა. შ.
– რატომ აჭიანურებს „ქართული ოცნება“ იმ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერაბას, რომლებმაც ამის თაობაზე მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს?
– ესეც ჩვენი სწორი მიდგომის მაგალითია, თუმცა ოპოზიცია დამახინჯებულად, როგორც მათ აძლევს ხელს, ისე წარმოაჩენს ამ საკითხს. ჩვენ ყოველი გადაწყვეტილებით ვადასტურებთ იმას, რომ ვართ კონსტრუქციულები, მოწადინებულები კონფლიქტის დასარეგულირებლად, კონფლიქტის დეესკალაციისთვის. გვინდა პოლიტიკურ სივრცეში გადმოვიტანოთ პროცესები. კანონის ფარგლებში ჩვენს ოპონენტებს შესაძლებლობა მივცეთ, მოისმინონ ევროპელი მეგობრების მოწოდება და დაუბრუნდნენ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. ეს კარი „ქართულმა ოცნებამ“ ღია დატოვა, თუმცა, დესტრუქციულ ძალასთან ასეთ მიდგომებს ნაკლები შედეგი რომ აქვს, ცხადია. მათი მთავარი მიზანი ქვეყნის არევაა, რადგან არჩევნების გზით ვერ მოვიდნენ, ტყუილებზე გადადიან. რამდენიმე თვეა მედიასაშუალებებით გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ოქმში დისბალანსი გაყალბებას არ ნიშნავს, ახლა კი ამაზე აღარ აპელირებენ და ნიკა მელიაზე გადაერთნენ. გიორგი ბარამიძემ ისიც კი თქვა – მე რომ შს მინისტრი ვყოფილიყავი, მელიას მაშინვე დავიჭერდიო. წარმოიდგინეთ, მელია რომ დაეჭირათ, დაიწყებდნენ საუბარს, საბაბი გვაქვს ხალხი ქუჩაში გამოვიყვანოთო. „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“, ისინი ცდილობენ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას. მიკვირს ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორის, ამას რომ ვერ ხედავს და „ნაცმოძრაობიდან“ მიწოდებულ ნარატივს იმეორებს.
-„ქართულ ოცნებას“ რა უშლის ხელს, უცხოელ პარტნიორებს საკუთარი ნარატივი მიაწოდოს?
– საერთაშორისო პარტნიორების უმრავლესობა ადეკვატურ რჩევებს აძლევს ოპოზიციას, რაც ჩვენი აქტივობის, მათ შორის, შედეგია.
-ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ თავშეკავება. . .
– ვფიქრობ, შტატების ეს განცხადება ეხება ოპოზიციას, რადგან იმას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა მოგვიწოდებს, ჩვენ ვითვალისწინებთ კიდეც.
– ოპოზიციის ულტიმატუმი უცვლელია – გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.
– რიგგარეშე არჩევნებს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა სჭირდება, რისი საფუძველიც არ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, დაასაბუთონ თუნდაც ერთპროცენტიანი ცდომილება და ვადამდელ არჩევნებზეც თანახმანი ვართ, მეტი რა უნდა ვთქვათ?
– რჩება თუ არა პოზიციასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შანსი?
– ჩვენ მზად ვართ ყველა დონეზე და ფორმატში დიალოგისთვის.