როგორ მიიყვანა ქართველი გოგონა ნატალი სტიუარტ-ფოქსი ბედმა, რომელსაც თავად წერდა, შოტლანდიის სამეფო ოჯახის წევრობამდე
მარინა მითაიშვილი 593 31 73 90
გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთ მოთხრობაში („სამი ძმა კეჟერაძე“ ), არის ასეთი ფრაზა – „ადამიანი ადამიანისთვის დღეა“. იგი უნებურად გამახსენდა ნატალი სტიუარტ-ფოქსთან (ქალიშვილობის გვარი – მიქავა) ინტერვიუს დროს. ვუსმენდი და ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ჩაწერის დროს არ იქნებოდა ასეთი ხალისა, კეთილგანწყობილი და ნათელი, რადგან ისტორიაც. რომელსაც ასე გულიანად, დაუზარლად და მხიარულად მიყვებოდა, სავსე იყო ადამიანობით, მიზანსწრაფულობით, სიცოცხლის რწმენითა და სხვების დახმარების სურვილით. სრულიად თავისუფალია სტერეოტიპებისაგან და გულწრფელობით ქმნის საკუთარ ინდივიდუალურობას.
ქველმოქმედება ნატალის ოჯახისთვის ძირითადი და საყვარელი საქმეა. ვიქტორია მიქავას საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოქმედებს, არაერთ უპოვარს, დიდს თუ პატარას დაეხმარა გაჭირვებასთან ბრძოლაში. თავად ნატალიც, რომელიც ამჟამად შოტლანდიის სამეფო დინასტიის – სტიუარტების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლის რიჩარდ ალექსანდერ სტიუარტ- ფოქსის მეუღლეა და ამჟამად ინგლისში, უელსში ცხოვრობს, არაერთ შემოქმედ ადამიანს დაეხმარა თავისი ნიჭიერების გამომზეურებაში და ახლაც ეხმარება. მისი ოჯახის ღვაწლი საქართველოს უცხოეთში პოპულარიზაციისთვის იმდენად წონადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით (2013 წელს), ნატალი და რიჩარდ სტიუარტ-ფოქსებს ღირსების ორდენი გადაეცათ. ამისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოჯახურ წყვილს მარბელაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ეწვია და ანდრო ბარნოვმა ჯილდო ქალაქის მერის თანდასწრებით გადასცა. დანარჩენს ამ საინტერესო ბედისა და ხასიათის ადამიანზე ინტერვიუდან შეიტყობთ, მათ შორის იმასაც, რამდენი და რატომ აკავშირებს მას ბათუმთან, ჩვენ კი ერთ რამეს დავძენთ – მასთან საუბარი კიდევ ერთხელ გარწმუნებს, რომ ადამიანი საკუთარი ბედის მწერალია, როგორსაც დახატავს თავის ცხოვრებას, რა თვალითაც (პოზიტიურად თუ ნეგატიურად) უყურებს ამ წუთისოფელს, მისი ბედიც ისე წარიმართება. და ასეთი რწმენა იმედით, სიხარულით, სინათლით გავსებს, დიახ – „ადამიანი ადამიანისთვის დღეა“.
– საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება არცთუ ისე იოლი მისაღებია, თქვენს შემთხვევაში ეს როგორ მოხდა?
– წასვლიდან 21-ე წელს ეს ცოტა სენტიმენტალური ჩანს. . . ჩემი ცხოვრების არაერთმა ფრაგმენტმა დამანახა, რომ როგორადაც წარმოიდგენ შენს ცხოვრებას (აუცილებლად პოზიტიურად), ისეც წარიმართება ყველაფერი. მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითი. ჩემს ოჯახში განათლებას, უცხო ენების შესწავლას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. რუსულსაც ვსწავლობდი, ინგლისურსაც (5 წლიდან), ცამეტი წლისა იტალიურს შევეჭიდე, თითქოს ვემზადებოდი უცხოეთში საცხოვრებლად. ბავშვობიდანვე ვფიქრობდი, რომ მე საქართველოში არ უნდა მეცხოვრა. რომ გავიზარდე, ჩემი მსოფლმხედველობა, შინაგანი სამყარო მთლიანად დაკავშირებული იყო უცხოეთთან. წარმომედგინა, რომ ჩემი მეუღლეც აუცილებლად უცხოელი უნდა ყოფილიყო.
– რატომ, საქართველოში ცხოვრება თქვენთვის გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდა? მაგალითად, თავისუფლების ნაკლებობას?
– ნამდვილად არ ვიცი, რატომ. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, წინა საუკუნის 90-იანი წლების სიმწვავეც არ მიგრძნია, ყოველთვის მქონდა თავისუფლებაც, რამდენადაც შესაძლებელი იყო, მქონოდა. დედაჩემს, ვიქტორია მიქავას, დაფუძნებული ჰქონდა ქალთა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დღესაც მოქმედებს, ანუ იქით ვეხმარებოდით სხვებს. მან ერთ-ერთმა პირველმა დააარსა უფასო სასადილოები. დაიწყო ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედების დახმარებით, მერე – სოციალურად დაუცველი ბავშვების და ასე შემდეგ. მე და ჩემი მეგობრებიც ვიყავით ამაში ჩართულები. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა, შემდეგ სტუდენტობაც. . . და ყოველთვის მქონდა ეს იდეაფიქსი – საზღვარგარეთ ცხოვრების. ბიძაჩემი, ჰამლეტ ჭიპაშვილი, როგორც პიროვნება, პოლიტიკოსი და ერთ-ერთი სახელოვანი ქართველი დიპლომატი მაგალითი იყო ჩემთვის. . . შვიდი ენა იცოდა. შენც უნდა იცოდეო, მეუბნებოდნენ ოჯახის წევრები. ამანაც მოახდინა ჩემზე გავლენა, იმანაც, ალბათ, რომ ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ და ყოველთვის რაღაც განსხვავებული, არაორდინალური მიტაცებს. თავდაპირველად, იტალიაში წასვლაზე ვოცნებობდი და ამიტომ იტალიურის შესწავლა დავიწყე. ვსწავლობდი თბილისის 51-ე სკოლაში, რომელიც ერთადერთი იყო იმ დროს საქართველოში, სადაც ერთ ჯგუფში ( 7 მოსწავლე) იტალიურს ასწავლიდნენ. თანაც ჩვენი სკოლა დაუმეგობრდა პალერმოს, სადაც გაცვლითი პროგრამით იყო შესაძლებელი წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ ენას კარგად ვსწავლობდი (უძლიერესი პედაგოგი მედეა ფარცვანია გვასწავლიდა), იტალიაში წამსვლელთა შორის ვერ მოვხვდი მათემატიკაში ოთხიანის გამო (ხუთბალიანი სისტემით). ძალიან დამწყდა გული. ბოლოს მედეამ დაიყოლია დირექცია, რომ ჯგუფში ჩავესვით (რად უნდა ალგებრა-გეომეტრია იტალიაში წასვლასო), მაგრამ მოხდა 9 აპრილის მოვლენები, ჩვენ 14 აპრილს უნდა გავფრენილიყავით, ბუნებრივია, ვეღარ გავფრინდით. შემდეგ მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როცა განათლების სამინისტროდან კიდევ მოვიდა შემოთავაზება ორი მოსწავლის იტალიაში ორი წლით სწავლაზე და ისევ ვერ მოვხვდი ალგებრა-გეომეტრიაში ოთხიანების გამო. ეს იყო ჩემი ბავშვური ტრავმა და ამის შემდეგ ვთქვი, რომ აუცილებლად წავიდოდი და არა მარტო ვისწავლიდი უცხოეთში, არამედ ვიცხოვრებდი კიდეც.. ამ შემთხვევამ თავდაპირველი სურვილი უფრო გამიმძაფრა.
– როგორც ვხედავ, თქვენი ოცნების ახდენა ცოტა გაჭიანურდა?
– მშობლები სულ მპირდებოდნენ, რომ აი, ახლა წავიდოდი, ამასობაში დავამთავრე ინსტიტუტი. . . საბოლოოდ, სულ სხვანაირად აღმოვჩნდი საზღვარგარეთ – ინგლისში. დედაჩემის მეგობრის შვილი ოქსფორდის უნივერსიტეტში სასწავლებლად გაუშვეს და მეც გამაყოლეს ამ 16 წლის ბავშვს, მიხედავენ ერთმანეთსო. ინგლისზე მანამდე არ მიფიქრია, მაგრამ აი, ასე აღმოვჩნდი ოქსფორდში. . . ახლა ეს პატარა გოგო, თეა ბერულავა, ჩემი შვილის ნათლიაა, მე კი ცხოვრების ბოლომდე ამ არაჩვეულებრივი ოჯახის მადლიერი ვიქნები.
– და აქ, ბევრისთვის საოცნებო ოქსფორდის ბიზნესსკოლაში დაამთავრეთ მაგისტრატურა – საერთაშორისო ბიზნესადმინისტრაცია – MBA
, რთული იყო სახელოვან ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლა? ძალიან განსხვავდებოდა ჩვენი განათლების სისტემისგან? თქვენ ხომ იგივე სპეციალობაში საწყისი განათლება (ბაკალავრიატი) საქართველოში მიიღეთ.
– ოქსფორდის უნივერსიტეტამდე ჯერ მოსამზადებელი კურსები გავიარე, შემდეგ კოლეჯიც დავამთავრე (პრი მასტერ), რომ უფრო მოვმზადებულიყავი. სირთულე იყო ენის სრულყოფილად გამართვა, რადგან კი მეგონა, რომ ვსხლავდი ინგლისურს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყური უნდა მიჩვეოდა ნატურალურ ინგლისურს. თუმცა მალევე მივაღწიე იმას, რომ ჩემი ინგლისურის ცოდნა გამოცდაზე – როგორც მშობლიური, ისე შეაფასეს. თუ ენა იცი, სულაც არ არის ძნელი იქ სწავლა – ძალიან საინტერესო იყო, ოქსფორდის პროფესორ-მასწავლებლბს ისეთი გამოცდილება ჰქონდათ, ისეთი სფეროებიდან მოდიოდნენ და თავისი რეალური მაგალითებით გვიყვებოდნენ ისეთ კონკრეტულ შემთხვევებზე მსხვილ, წამყვან კომპანიებში, სადაც ისინი მუშაობდნენ, რაც ძალიან ნათლად გვიხატავდა რეალობას. ახლაც, მსოფლიო ეკონომიკაში ამდენი ცვლილების მერე, სიამოვნებით გავივლიდი კიდევ ერთ კურსს. უბრალო ინფორმაციებზე წვდომით ვერ შეაფასებ, ვერ ჩაწვდები. . . მაგრამ ამაში ხელი შემიწყო ჩემმა მეუღლემ, რომელთან შეხვედრაც ცალკე საინტერესო ისტორიაა.
– სიამოვნებით მოგისმენთ.
– ჩემი კოლეგაა, ბიზნესკონსულტანტი და სწორედ ამან დაგვაკავშირა ერთმანეთს. 2006 წელს დავამთავრე ოქსფორდის ბიზნესსკოლა. იმ პერიოდში სამსახურს ვეძებდი, ვიზაც გასაგრძელებელი მქონდა და გავაგზავნე ჩემი რეზიუმე კომპანიებში. ერთმა კომპანიამ გამოხატა განსაკუთრებული დაინტერესება. შემატყობინეს, რომ სხვა ქვეყანაში გადადიოდნენ და როგორც კი დალაგდებოდნენ, დამიკავშირდებოდნენ. ეს ქვეყანა აღმოჩნდა ესპანეთი. საინტერესო ისაა, რომ სწორედ ამ ქვეყანაში ვაპირებდი გადასვლას, თუ ვიზას ვერ გავაგრძელებდი, ხოლო, რომ ვიკითხე, რომელ ქალაქში გადადიოდნენ, აღმოჩნდა სწორედ იმ ქალაქის გვერდით, სადაც მე ვგეგმავდი ცხოვრებას. ესეც ბედისწერაა და ისიც, რომ ამ კომპანიის უფროსი – რიჩარდ სტიუარტ-ფოქსი, ინგლისის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი იყო, მისი დიდი დიდი ბაბუა ლორდთა პალატის წევრი გახლდათ, დედა – ჩარლი ჩაპლინის მეგობარი ქალი, ბალერინა, სამეფო ოპერის თეატრის „კოვენტ-გარდენსას“ მოცეკვავე, მამა – გოლფის ჩემპიონი. სტიუარტებთან განსაკუთრებული „დამოკიდებულება“ მქონდა პატარაობიდან. ჯერ ერთი – 5 დეკემბერს ვარ დაბადებული, ესაა მარიამ სტიუარტის დაბადების დღე. ბავშვობიდან სულ ვკითხულობდი შტეფან ცვაიგის „მარიამ სტიუარტს“, საუკეთესო მეგობარიც, ჯებორია, სწორედ სტიუარტია, რომელიც ჯერ კიდევ ოქსფორდში სწავლის დროს გავიცანი. იგი ამერიკელია, მაიამიდან და არაერთხელ დამპატიჟა თავის ქალაქში. ძალიან შემიყვარდა მაიამი და ყოველ წელიწადს რამდენიმე თვით ვცხოვრობდი და ვმუშაობდი კიდეც იქ… და აი, მეუღლედაც სტიუარტი შემხვდა. . .
– ანუ ფიქრების და აზრების კიდევ ერთი რეალიზაცია. . .
– აბა!. . ასე პასუხობს სამყარო ჩვენს ფიქრებს. ესპანეთი ერთმა ესპანელმა გოგომ შემაყვარა, რომელიც ინგლისში ჩემთან ერთად სწავლობდა და დამპატიჟა თავის სამშობლოში. ისეთი ხალხი, სითბო და დამოკიდებულება ვნახე, რომ ძალიან შემიყვარდა იქაურობა. სწორედ მათ დამათვალიერებინეს პირველად მარბელა, რადგან მის გვერდით მდებარე ქალაქში ცხოვრობენ. ძალიან მომეწონა მარბელა – ფეშენებლური, ულამაზესი ვილებით, სანაპიროთი, იახტებით. . . ესპანეთის მონაკოს ეძახიან. მაშინ ვერ ვიფიქრებდი, რომ ათი წელი მეუღლესთან ერთად აქ ვიცხოვრებდი. რიჩარდი, როგორც კომპანიის წარმომადგენელი, რომ გავიცანი, იმ პერიოდში ვიზა ვერ გავაგრძელე და სწორედ მარბელას გვერდით, ჩემი მეგობრის ქალაქში ვაპირებდი გადასვლას, მარბელაში კი, როგორც უკვე გითხარით, მისი კომპანია გადადიოდა. შევხვდით ესპანეთში. გერმანელი და უკრაინელი პარლამენტარები ჰყავდა სტუმრად და მითხრა, თუ სინქრონულ თარჯიმნობას გავუწევდი, სამსახურში დაუყოვნებლივ ამიყვანდა. გავართვი თავი და, როგორც მითხრეს, მოეწონათ ის, რომ პირდაპირ კი არ ვთარგმნიდი, ბიზნესის ცოდნის წყალობით, ამ საქმისთვის დამახასიათებელ ნიუანსებს ვითვალისწინებდი. ასეთმა პატარა შემთხვევამაც შემიწყო ხელი სამუშაოს მიღებაში. ამ მილიონერ ბიზნესმენებს შეხვედრისას დასჭირდათ ჩიპი, რომელიც არავის აღმოაჩნდა ჩემ გარდა და ჩათვალეს, რომ ძალიან მომზადებული ვარ. პირველად, უკრაინელებმა შემომთავაზეს სამუშაო ლონდონში. ხოლო რას მთავაზობდა რიჩარდი ამ დროს ჯერ არ ვიცოდი. ბოლოს გამოსამშვიდობებელ ვახშამზე, როცა სამსახური რამდენიმემ ისევ შემომთავაზა, უცებ რიჩარდმა გამოაცხადა, რომ უკვე მაქვს სამსახური. გადაწყდა, რომ ვრჩებოდი ესპანეთში.
– საინტერესოა, რომ თქვენი კარიერა და პირადი ცხოვრება ასე გვერდიგვერდ ვითარდებოდა. . .
– ქორწინების ამბავი ზეცაში წყდებაო, რომ ამბობენ, მართლაც, ასეა. ამას ჰგავდა ჩვენი შეხვედრა. ორივე ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს დიდი ხანია ვიცნობდით ერთმანეთს. მით უმეტეს, როცა საერთო პროფესია და ბევრი საქმე გაკავშირებს, გარდა ადამიანური სიმპათიისა. ეს მისთვისაც ძალიან კარგი იყო და ჩემთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობაა, არასდროს მიგრძნია ეს. იგი ენერგიული, დინამიკური ადამიანია. . . ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი შინაგანი მაღალი კლასი, გარკვეული დონე, ღირებულებები. . . მართალია, ისინი განსხვავდება ქართულისგან, მაგრამ ტიპური ინგლისელი არ არის, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში უცხოვრია. ძალიან აფასებს ჩვენს მენტალიტეტს, ოჯახურ ღირებულებებს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სხვანაირად დააფასა თავისი ოჯახი, რადგან მოეწონა ეს ქართულ-ოჯახური თავყრილობები და სითბო. ასე რომ, ის უფრო გაქართველდა, ვიდრე მე გავინგლისელდი, არადა, მეგონა პირიქით იქნებოდა . . .
– და თავად რა გასწავლათ მასთან თანაცხოვრებამ?
– მასწავლა ის, რასაც ვაფასებ. შეიძლება ცოტა პარადოქსული გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა, ზედმეტად ვიცით ერთმანეთის ცხოვრებაში შეჭრა და ძალიან მომწონს, რომ აქ ყველა პატივს ცემს იმ ზღვარს, რაც უნდა არსებობდეს ადამიანებს შორის და აქ ოჯახის წევრებიც იგულისხმება. მომწონს, რომ რიჩარდი პირად სივრცეს მიტოვებს. ჩვენს ოჯახში გამორიცხულია ერთმანეთის უჯრაში ჩახედვა, ან მობილურის შეტყობინების ნახვა, ერთმანეთის პირადი სივრცის გაკონტროლება. არავის არაფერი აუკრძალავს, არც დაუმალავს, მაგრამ არის შინაგანი კულტურა. ხუმრობს ხოლმე რიჩარდი, თქვენ კომუნისტურ საზოგადოებაში – „კომუნალკაში“ ცხოვრობდით და კომუნალური მენტალიტეტი გაქვთო. . . ასეთი დამოკიდებულება გეხმარება ურთიერთობებში. ნაკლებად ისტრესები. გყავს ვიწრო წრე, რომელიც ნამდვილად შენია. ეს ნამდვილად მან მასწავლა და მიხარია, რომ ჩემი შვილიც ასე იზრდება.
– ერთი შვილი გყავთ?
– დიახ, ჩარლი, 14 წლისაა. ძალიან უყვარს ურთიერთობები და ადამიანები. უფრო ქართველია, ვიდრე ინგლისელი. თქვენ მკითხეთ, როგორ განვითარდა ჩემი კარიერული გზა და მინდა გიპასუხოთ, რომ ძალიან დიდი სკოლა გავიარე ჩვენს კომპანიაში ესპანეთში მუშაობის დროს. რიჩარდს ვეხმარებოდი პროექტებზე მუშაობაში. უმეტესად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გვყავდა კლიენტები, რომლებსაც ვუმზადებდით პროექტებს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ამ კუთხით, ძალიან ღირებული სკოლა გავიარე. ბევრი ვისწავლე და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ისიც მინდოდა, კარიერა უფრო განმევრცო ოქსფორდის შემდეგ, მაგრამ ჩვილბავშვიანმა დედობამ ამის საშუალება არ მომცა. უმეტესად, ბავშვით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ბუნებით აქტიური ადამიანი ვარ. გენებში მაქვს ეს დედისგან, ბაბუისგან. ვერ მოვისვენე. საერთოდ, ინგლისურენოვანისთვის არაინგლისურენოვან ქვეყანაში, რომლის ენაც აკადემიურად არ იცი, თან ცხოვრობ ტურისტულ ზონაში, ზღვაზე, სადაც არანაირი ინდუსტრიული ცენტრი არ არის, ძალიან ძნელია რაღაცას მიაღწიო. . . მაგრამ 2010 წელს დავარეგისტრირე ქართული კულტურის ცენტრი „ევრო ჯორჯია“, რადგან დავინახე, რომ არაფერი ხდებოდა იქ ქართული. რამდენიმე ქართულ ოჯახთან, რომელიც იქ ცხოვრობდა, დავამყარე კონტაქტები, სხვა ბიზნესწრეებშიც გავწევრიანდით. ეს იყო 2010 წელს და ამავე წელს დავამეგობრეთ ბათუმი და მარბელა. აჭარიდან იყო ჩამოსული დელეგაცია, ტელევიზია. 2012 წელს დავინიშნე საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლად ანდალუზიის რეგიონში და აქტიურად ვაკეთებდი საქართველოზე, მათ შორის ბათუმზე პრეზენტაციებს სხვადასხვა ბიზნესწრეებში.
– მაინცდამაინც ბათუმთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ ამ თბილისელმა ქალბატონმა?
– მარბელაც ბათუმივით ზღვისპირა და საკურორტო ქალაქია და ამიტომ. სოჭიც (სოჩა) ცდილობდა მარბელასთან დამეგობრებას, მაგრამ ყურიც არ ათხოვეს. რა თქმა უნდა, ფურცელზე არ დარჩენილა ეს კავშირი. გახსოვთ, ალბათ, რომ 2012-13 წლებში ბულვარის ტერიტორიაზე ძალიან დიდი არტფესტივალი -ჩატარდა. ამ ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ჩვენი ორგანიზაცია. გრანდიოზული ღონისძიება იყო.
ესპანური დელეგაცია ჩამოვიდა ბათუმში მარბელას ვიცემერის ხელმძღვანელობით. ჩამოვიყვანეთ ცნობილი ადამიანები, მათ შორის კუბელი მომღერალი იანელა ბრუქსი, ქოვენტ გარდენის სოპრანო ჯული ანნ, ცნობილი ტენორი ჰოფმანი, საქართველოში კლასიკური ანდალუზიური ფლამენკოს პირველი კონცერტიც კულტურის ცენტრში ჩვენ ჩავატარეთ. ჩამოსული იყო პრინცი ჩარლზ ჩხოტუაც, რომელიც მარბელაში ცხოვრობს. ქართველი ბაგრატიონებიც მარბელაში ცხოვრობენ, რომლებთანაც დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მარბელას კინოფესტივალის დამფუძნებელიც ჩამოვიყვანეთ კინოფესტივალ „ბიაფზე“. კულტურული გაცვლა-გამოცვლები გვქონდა ბათუმთან. ქართულ-ესპანური ფესტივალი გავმართეთ მარბელაშიც. პარალელურად, მარბელაში დავაარსე საბავშვო ტალანტების საერთაშორისო მუსიკლური ფესტივალი დავაარსეთ საპროდიუსერო ცენტრი ცნობილ ინგლისელ პროდიუსერებთან როჯერ და ადამ ქუქებთან ერთად. მათ შექმნეს შესანიშნავი სიმღერა ამ შოუსთვის, ჰიმნი. ბავშვებს ვეხმარებოდით კლიპების ჩაწერაში ჩვენს სტუდიაში. აქედან მოხდა ჩემი მეორე პროფესიაში დაბადება (პროდიუსერის). 2016 წელს ბათუმშიც დავაარსეთ ამ შოუს ანალოგი – ფესტივალი „შავი ზღვის ვარსკვლავი“, რომელიც დიდი წარმატებით, არა გრანდიოზულად, მაგრამ აკადემიურად ჩავატარეთ. სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჟიურის წევრები. გამარჯვებული მოზარდები მიმყავდა სხვადასხვა ფესტივალზე, სადაც უკვე მე თვითონ ვიყავი მიწვეული ჟიურის წევრად. მარიტა ცეცხლაძე გეცოდინებათ, ჩემი გოგოა, სად არ ვიყავით, მაკედონიაში, მალტაზე… ორივედან გრანპრი ჩამოვიტანეთ. ძალიან გვასახელა. პატარა სანდრა გადელია, რომელმაც საქართველო წარადგინა ევროვიზიაზე, პატარა იყო ჩვენს ფესტივალში რომ მიიღო მონაწილეობა. ძალიან ბევრი უცხოელიც მონაწილეობდა. მეუბნებიან, რომ ნიჭიერ ბავშვებს კარგ ტრამპლინს ვუქმნი და ძალიან მახარებს ეს. სხვათა შორის, 2015 წელს მარბელაში პირველი ქართული რესტორანი – „თბილისი“ გავხსენით. ეს არის პირველი ქართული სამზარეულო ანდალუზიის რეგიონში. ამ პანდემიის დროს, ერთი წელია, გადმოვედით ინგლისში. ვცხოვრობთ უელსში. ლონდონში კია გაზრდილი საქართველოს ცნობადობა, მაგრამ უელსში – ნაკლებად. ამიტომ აქაც ვაპირებ ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. ამ პანდემიის დროს შევქმენი ოჯახური ბრენდი – ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს –
HOU(„სტიუარტების სახლი“). მისთვის შევქმენი გერბიც – ინგლისური და ქართული გერბების სინთეზი – ორივეს ელემენტებია შეტანილი.
– მეუღლეს მოეწონა, ალბათ, ეგ ამბავი?
– გაგიჟდა, ისე გაუხარდა, ძალიან ამაყია, რომ ვაფასებ. ვცდილობ, რომ ჩემს შვილს ორივე კულტურის სიყვარული და პატივისცემა ჩავუნერგო. მინდა საქართველოს ისტორია და კულტურა კარგად შეისწავლოს. იცოდეს, საიდან მოდის, რადგან ჩვენ არავისზე ნაკლები ერი არ ვართ. ბევრ ქვეყანაში გვიცხოვრია და ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ, თუმცა არც ისაა სწორი, რომ ყველაზე უკეთესები ვართ. არ ვეკუთვნი იმ გაგიჟებული ქართველების რიცხვს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ვართ, რაც ვართ, არავისზე მეტი არ ვართ, მაგრამ – არც არავისზე ნაკლები. ამით ვამაყობ. ერთადერთი, რაც გვაქვს განსხვავებული, ანუ მსგავსი არსად მინახავს, ესაა ქართული სტუმართმოყვარეობა და ცეკვა. მოკლედ, ჩვენი HOU არის ბრიტანულ-ქართული ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ქართველ მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის რეალიზებაში ინგლისისა და უცხოეთის ბაზრებზე.
– საქართველოს ნოსტალგიაზე რას იტყვი, ამბობენ, რომ ქართველებს ეს განსაკუთრებით გვახასიათებს – გაწვალებს საქართველოდან შორს ყოფნა?
– არა. ცოტა მრცხვენია ამის თქმის, მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ნოსტალგიამ მხოლოდ ახლა, პანდემიის დროს შემაწუხა, რადგან წელიწადნახევარია, ვერ ჩამოვედი საქართველოში. მანამდე, როცა ჩამოვდიოდი (წელიწადში მინიმუმ, ერთჯერ, მაქსიმუმ, სამჯერ), არ შევუწუხებივარ. შეიძლება იმიტომაა ასე, რომ ჯერ არ მაქვს ის ასაკი, ნოსტალგია გამიჩნდეს და აქაურობა მომბეზრდეს. მე მიყვარს გულწრფელობა. ჩემს შვილს ძალიან უყვარს საქართველო და ენატრება.
ინტერვიუს ბოლოს ნატალიმ ძალიან საინტერესო ამბავიც მითხრა, რომლის დედააზრი ის არის, რომ კარგ საქმეს ჯაჭვური რეაქციით მოსდევს ახალი კარგი საქმეები. მაგალითად, ის, რომ ნატალის მიერ დაარსებულ ფესტივალზე ჩამოსული მარბელას ვიცემერი ხოსე ლუისი ერთ-ერთი ლამაზი ქართველი გოგონათი მოიხიბლა. ვინაა ეს გოგონა და როგორ დაგვირგვინდება დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენელთა ურთიერთსიმპათიები? ამ ამბავსაც მალე მოგიყვებით. . .

