„კოვიდპლატფორმა, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება, თავად არ მოგვაწვდის უხარისხო ვაქცინას”
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
,,მათთვის სასურველ სცენარზე საუბრობენ. შექმნან კომისია, გადაამოწმონ და თუ ერთ ადამიანს მაინც ნახავენ, ვინც იძულებით მომცა ხმა ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში ან ერთპროცენტიან გაყალბებას მაინც დაამტკიცებენ, ნებაყოფლობით დავთმობ დეპუტატის მანდატს. მე ჩემი თანამშრომლებიც კი არ ჩამირთავს საარჩევნო კამპანიაში, რათა არ მომეცდინა საექიმო პრაქტიკისგან“
პრემიერის გადადგომაზე საუბრები არ წყდება. ყველა თავისებურად ხსნის გიორგი გახარიას უეცარ გადაწყვეტილებას, ხოლო ღარიბაშვილის ძველ პოსტზე დაბრუნებას ბევრი იმედის თვალით შეჰყურებს. მთელ ამ ისტორიაში კი საინტერესო ოპოზიციის იმედიანი განცხადებაა – ვადამდელი არჩევნების დანიშვნას წინ ვეღარაფერი დაუდგებაო. მმართველი გუნდი თვლის, რომ ახალი პრემიერი უფრო პირდაპირი და მკაცრია, რაც თავისთავად გულისხმობს ოპოზიციის დესტრუქციულ ძალებზე იერიშს.
რას ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით და როგორ წარიმართება ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე.
– ბატონო ზაალ, ყველასთვის მოულოდნელი იყო გახარიას განცხადება გადადგომის თაობაზე. რა კომენტარს გააკეთებთ ამ ფაქტთან დაკავშირებით?
– პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო ჩემი საუბარი, რადგან ქვეყნის მართვის არცთუ დიდ პერიოდში, გიორგი გახარიამ მოახერხა დადებითად დაემახსოვრებინა თავი საზოგადოებისთვის. ყოფილმა პრემიერმა დიდი ძალისხმევა გაიღო კრიზისების მართვის კუთხით. ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის, ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის ყველა ეტაპზე. დავინახეთ, რომ მან შეუძლებელი შესძლო და კარგი შედეგი მივიღეთ მაშინ, როდესაც ბევრ მოწინავე ქვეყანას საკმაოზე მეტი პრობლემა დაუგროვდა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ ვთვლი,რომ გიორგი გახარია იყო ჩვენი გუნდის ღირსეული წარმომადგენელი. მან მართლაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, ყველაზე რთულ პერიოდში.
– რამდენად ღირდა ასეთი წარმატებული და პოპულარული პრემიერის გადადგომა ნიკა მელიას დაჭერა-არ დაჭერის გამო?
– ეს თავად პრემიერის გადასაწყვეტი იყო. ბატონმა გიორგიმ თავისი მოღვაწეობის ამ ეტაპზე ასე არჩია, რასაც ახლა ჩვენ ვერ გავაანალიზებთ. ცხადია, ჰქონდა ნაფიქრი. შესაძლოა გავიდეს დრო, საზოგადოებამ მოინდომოს ამ საკითხის უფრო ღრმად გაანალიზება და მედია უფრო მეტ დეტალს გააჟღერებს. რაც შეეხება ჩემს კომენტარს, როგორც უკვე ვთქვი, დადებითად და წარმატებულად მივიჩნევ მის მოღვაწეობას, თუმცა აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არსებობის არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია პრემიერის კანდიდატურის პრობლემა. ყველა მმართველი საქმიანი და ღირსეული იყო, ყველას ჰქონდა განსაკუთრებულად გამორჩეული მიდგომა ამა თუ იმ გლობალური საკითხის მიმართ. უბრალოდ, გახარიამ იმუშავა მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევის – პანდემიის პირობებში და აბსოლუტურად სწორი მართვით დაამახსოვრა მთელ ქვეყანას თავი.
– ადრეც იყო საუბრები მისი გადადგომის შესახებ, თუმცა თავადვე უარყოფდა. ახლა ისიც ითქვა, რომ მელიას თემა მხოლოდ საბაბი იყო, მისი წასვლა ივანიშვილის გადადგომას უკავშირდებაო.
– ამ კუთხით არ განმიხილავს ეს თემა, რადგან გახარიას გადადგომაზე მაშინვე დაიწყო საუბრები, როგორც კი ქვეყანას ჩაუდგა სათავეში. „მიდის, მიდის“ სულ ყვირიან ყველა წარმატებული თანამდებობის პირზე, ყველა ხელისუფლების პერიოდში. მსგავსი რამ ჩვენ გვჩვევია. ასე რომ, ახლა არ ღირს ამაზე სერიოზული ლაპარაკი.
– როგორ შეაფასებთ გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებებს და კომენტარებს გახარიას წასვლასთან დაკავშირებით?
– ამასწინათ, თქვენმა კოლეგამ ტელეეთერში დამისვა იგივე კითხვა და ასე ვუპასუხე: თქვენ ხომ იმ პერიოდში ცხოვრობდით, როდესაც სასამართლოდან ინფორმაციის გამოტანა ოჯახის წევრსაც კი უჭირდა. რა ხდებოდა შიგნით, არავინ იცოდა. ახლა ყველა არხზე ჩართული იყო მელიას სასამართლო პროცესი დაწყების პირველივე წუთიდან ბოლომდე, ანუ ყველაფერი ღიაა, საჯაროობის პრინციპი არ დარღვეულა. ეს ყველაფერი ხომ ამ ხელისუფლებამ მოიტანა? ეს მათაც იციან, ამიტომაც ეძებენ რაღაც წვრილმან თემებს ხმაურის გამოსაწვევად. მელიას თემაც გაბუქებულია, სასწრაფოდ გახადეს პარტიის თავმჯდომარე და ატეხეს აჟიოტაჟი. ახლა მიუკერძოებლად შევხედოთ ამ ვითარებას – რატომ არ უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული? მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ელემენტარულს ვხვდები, ისევე, როგორც ყველა. პოლიტიკური ნიშნით რატომ უნდა განვასხვავოთ ერთანეთისგან მოქალაქეები? ვისაც დეპუტატის მანდატი აქვს, ყველაფრის უფლება აქვს? იმ ასეულობით ადამიანმა, ვინც ამ სამაჯურით დადის, ვისაც გადასახადი აქვს დაკისრებული და ამისთვის სანათესაოს მიმართავს, ბანკებიდან პროცენტიანი სესხები გამოაქვს გირაოების გადასახდელად, რა დააშავა? მელიას რომ არ უჭირს ამ თანხის გადახდა, ყველამ იცის. რა გამოდის, განვასხვავებთ ადამიანებს პოლიტიკური სტატუსით? მათი ერთადერთი მიზანია არეულობის, დაპირისპირების და დესტრუქციის გამოწვევა. აბსურდულ ბრალდებებს გვიყენებენ. თუ ქვეყანას ასეთ ქაოსში ვაცხოვრებთ, მაშინ სამართლებრივი სახელმწიფოს სტატუსს დავემშვიდობოთ.
ოპოზიციას როგორ ჩაუშხამდა გახარიას გადადგომით გამოწვეული სიხარული, ეს კარგად ჩანდა ტელეეკრანებიდან, როცა ახალი კანდიდატის ვინაობა გაიგო. ძალიან კარგად იციან, რომ ის უსამართლობას და უკანონობას არ დაუშვებს.
– დარწმუნებული ხართ, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურას პარლამენტი მხარს დაუჭერს?
-100%-იანი მხარდაჭერა ექნება ჩვენი გუნდიდან.
– გამოდის, გახარია უშვებდა უკანონობას და უსამართლობას?
– ის უფრო კრიზისმენეჯერი იყო, თავს არიდებდა დაპირისპირებებს და ღია შეჯახებებს. იმ ეტაპზე, ალბათ, ისე მოქცევა იყო აუცილებელი. ახლა კი ახალი პრემიერი განსაზღვრავს, რა აჯობებს ქვეყნის სამართლებრივი სტატუსის შენარჩუნებისთვის.
– როგორ შეაფასებდით ღარიბაშვილის მოღვაწეობას, როცა ის პირველად იყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
– ღარიბაშვილის მოღვაწეობა მაშინ დადებითად შეაფასა როგორც საზოგადოებამ, ისე პოლიტიკოსებმა. მან ქვეყნის პირველი პირის პოსტზე ყოფნისას ბევრი სწრაფი და ეფექტური რეფორმით დაგვამახსოვრა თავი. ის საერთაშორისო შეთანხმებები, რასაც მაშინ მიაღწია, დღემდე რჩება ქმედითად ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც ახალი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხი დადგა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა მისი დიდი გამოცდილების გათვალისწინებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ისიც, რომ ბატონი ირაკლი აბსოლუტურად სამართლიანი, მცოდნე და მაღალკვალიფიციური პროფესიონალია, რომელიც ზედმიწევნით კარგად ერკვევა სახელმწიფო ინსტიტუციებსა და აღმასრულებელ სტრუქტურებში. მიმაჩნია, რომ იგი ამ მცირე პერიოდში შექმნილ კრიზისს განმუხტავს ჩვენი გუნდის ხელშეწყობით. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებას მოჰყვა უმრავლესობის მქუხარე ოვაცია. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.
– ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გახარიას წასვლა უფრო დააჩქარებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და „ქართული ოცნების“ დაშლას. . .
– მათთვის სასურველ სცენარზე საუბრობენ. შექმნან კომისია, გადაამოწმონ და თუ ერთ ადამიანს მაინც ნახავენ, ვინც იძულებით მომცა ხმა ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში ან ერთპროცენტიან გაყალბებას მაინც დაამტკიცებენ, ნებაყოფლობით დავთმობ დეპუტატის მანდატს. მე ჩემი თანამშრომლებიც კი არ ჩამირთავს საარჩევნო კამპანიაში, რათა არ მომეცდინა საექიმო პრაქტიკისგან. არც მათთან შეხვედრა ჩამიტარებია, ნახევარი საათიც რომ არ წამერთმია. ეს თავადაც კარგად იციან, მაგრამ აწყობთ ეს საუბრები. ჩაუვარდათ ეს პროექტი.
– თუ შეიძლება, თემიდან გადავუხვიოთ და ვისაუბროთ ვაქცინაციაზე, რომელიც გვიანდება. იმასაც ამბობენ, რომ უხარისხო წამალი უნდა შემოიტანოთ.
– ეს თემა უკვე დაძველდა. კარგად ვიცით, რა გამოწვევების წინაშეა მსოფლიო. თუ გადახედავთ ევროპის სტატისტიკას, ნახავთ, რომ ვაქცინები ვერ მიიღო ბევრმა ქვეყანამ. ელემენტარულად, ვერ ახერხებს მწარმოებელი ამ რაოდენობის ვაქცინის დამზადებას. ჩვენი მხრიდან რა რაოდენობის ვაქცინაც შევუკვეთეთ კოვიდპლატფორმაზე, იმის მოწოდებაში შეფერხება არ გვექნება. ვგულისხმობ 15 ათასი მედიკოსის, მაღალი რისკის ჯგუფის ვაქცინაციას. ამის შემდეგ სხვა გზებიცაა მოძიებული, რომ დაიწყოს პირველ ეტაპზე დაგეგმილი ჯგუფების ვაქცინაცია. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე მივიღებთ იმ შედეგს, რაც დაგეგმილი გვაქვს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ვაქცინის ხარისხს, კოვიდპლატფორმა, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება, თავად არ მოგვაწვდის უხარისხო ვაქცინას. იქიდან წამოვა პრეკვალიფიცირებული, სათანადო ორგანოების მიერ სერტიფიცირებული და გამოცდილი პრეპარატები.
– ამბობენ, რუსულ პრეპარატებზეა საუბარიო?
– არ ყოფილა მსგავსი რამ, მათთვის საყვარელი რუსეთის თემა ყველა ასპექტშია წამოწეული. რუსეთიდან ვაქცინის შემოტანა არც კი განხილულა პოლიტიკური ნიუანსებიდან გამომდინარე.
– თუკი ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდა, მოიხსნება შეზღუდვები?
-კიდევ ერთხელ თუ გადავხედავთ ევროპას, გააგრძელეს შეზღუდვები მარტის თუ აპრილის ბოლომდე. ჩვენთან შეზღუდვების კლებაა, ვითარება უმჯობესდება, რაც ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა. ხშირად აღნიშნავენ, რომ ქართველი ბუნებით არ არის კანონმორჩილი, თუმცა პანდემიამ კარგად დაგვანახა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ეკიდება შეზღუდვებს, იცავს ჯანმოს რეკომენდაციებს და ასრულებს ყველა მითითებას პირბადის ტარების თუ დისტანცირების კუთხით. როგორც დავრწმუნდით, სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნათ, რასაც მოქალაქეების და სამართალდამცველების დაპირისპრება მოჰყვა.
– რამდენად გვიცავს პირბადე?
– პირბადის როლი ამ სიტუაციაში მართლაც, უდიდესია. იმატა პირბადის ტარების პროცენტულობამ და იკლო შემთხვევების რიცხვმა. ეს მოხდა 20-ლარიანი ჯარიმის დაწესების შემდეგ. სულ მახსენდება, მანქანაში ღვედების ტარების თემა – სანამ საჯარიმო სანქციები არ მოჰყვა, მანამდე არ იკეთებდნენ. არადა, ამან რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა, ყველამ ვიცით. ჯერ კიდევ ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი, იმდენად შემცირდება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. ეს სკოლების გახსნამაც დაადასტურა. 1 თებერვლიდან დადიან ბავშვები სკოლებში და რამდენი შემთხვევა გვქონდა, კი იცით. ეს პირბადის დამსახურებაა, სხვა მხრივ, ათეულობით მეტი შემთხვევა იქნებოდა. თუკი ეს გვშველის, რატომაც არა. ამის გათვალისწინებით, ზაფხულის სეზონი გვექნება მშვიდი და ხალხმრავალი.