ლადო მგალობლიშვილი: ხელისუფლება მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ულტიმატუმი შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს პარტიის ოფისში დააკავეს. ოპოზიციის ლიდერის დაკავებას წინ უძღოდა ქვეყნის პრემიერის გადადგომა. გიორგი გახარიამ პოსტი, როგორც თავად განაცხადა, სწორედ, იმის გამო დატოვა, რომ ნიკა მელიას საკითხზე გუნდში საერთო ენა ვერ გამონახა.
თუ ყოფილი პრემიერი მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო, მთავრობის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ხისტი აღმოჩნდა. ოპოზიციის ლიდერის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რასაც, ერთი მხრივ, ქართული ოპოზიციური სპექტრის გაღიზიანება და, მეორე მხრივ, უცხოელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.
ოპოზიცია სამ მოთხოვნას უყენებს ხელისუფლებას – ნიკა მელიას გათავისუფლება, ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგი არ შედგება.
-ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს იმ ფონზე, როცა რთულია ახსნა, როცა კონკრეტული პარტიის ხელმძღვანელი, რომელსაც შეიძლება, ფორმალურად უჭირავს თავმჯდომარის თანამდებობა, დაკავებულია მის ოფისში. ეს პირველი ნიუსი, რომელიც გადის ქვეყნის გარეთაც, ერთი შეხედვით, არის დამაზიანებელი და ამაში ვეთანხმები, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება არ მიუღია ხელისუფლებას, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, არის თავად ის ადამიანი, რომელიც დღეს დაპატიმრებულია. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, რომ ამ დეტალების შესახებ უფრო მეტი დისკუსია და მსჯელობა გაიმართოს და ჩვენი ოპონენტების პროვოკაციული ქმედებები არ გახდეს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის კრიტიკის საფუძველი. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, ვილაპარაკოთ საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, რა აწყობს „ნაცმოძრაობას“. პროვოკაციებს, რომლებიც, როგორც ვხედავთ, საბოლოო ჯამში, ქვეყნის წინააღმდეგ მიიმართება ხოლმე, თავი დაანებოს ყველამ. რიტორიკას არავინ ცვლის, ერთი – პრინციპული დამოკიდებულებაა კანონთან და მის აღსრულებასთან დაკავშირებით და მეორე – პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ რაც არ უნდა ინტერესები გააჩნდეს რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ეს ჩვენ ვიქნებით, „ნაცმოძრაობა“ თუ სხვა, ყველას ერთად გვაქვს ვალდებულება, ვილაპარაკოთ საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და არა მხოლოდ იმაზე, თუ რა სურს ვთქვათ, “ნაცმოძრაობას”, – აცხადებს უმრავლესობის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე, რომელიც ირწმუნება, რომ ოპოზიცია პარტნიორების განცხადებებში უსმენს, უყურებს და ტირაჟირებს მხოლოდ იმას, რაც ხელს აძლევს, ეს კი ორმაგი სტანდარტია.
ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე სვენ მიქსერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
– მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საქართველოს მთავრობას და ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, დაუყოვნებლივ გადადგან საჭირო ნაბიჯები, რომლებიც პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისთვის არის საჭირო, რათა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისგან და დიალოგს დაუბრუნდნენ.
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება სარგებლის მომტანი არანაირად არაა და არ წარმოადგენს კრიზისის დაძლევის გზას. ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო შეძლებს ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას ისე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები საფრთხის წინაშე არ დადგეს, არის ის, რომ ყველა მხარემ უკან დაიხიოს, თავი შეიკავოს რიტორიკისა და ქმედებებისგან, რომლებიც პოლარიზაციას აღრმავებს და კვლავ ჩაერთოს დიალოგში, – ვკითხულობთ ევროპარლამენტარების განცხადებაში.
ოპოზიცია ისევ ქუჩაში რჩება და საპროტესტო აქციებს განაგრძობს, დათმობაზე არც მმართველი გუნდი მიდის. როგორ გაგრძელდება მოვლენები და როგორი დასასრული ექნება რამდენიმეთვიან ხმაურიან პოლიტიკურ პროტესტს საქართველოში, პროგნოზის გაკეთება რთულია. მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე „აჭარასთან“ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წევრმა ლადო მგალობლიშვილმა ისაუბრა.
-ბატონო ლადო, გიორგი გახარიას გადადგომით რომ დავიწყოთ, მისი პოსტიდან წასვლა მხოლოდ ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, თუ ამას „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაც დაედო საფუძვლად, რაზეც კულუარებში კარგა ხანია საუბრობენ.
– ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ თითოეული ადამიანის, მათ შორის ბატონი გიორგი გახარიას გადაწყვეტილებასაც. ის საკმაოდ წარმატებული პრემიერი იყო, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი სახე. იმის თქმის საფუძველი, რომ „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება იყო, არ გვაქვს. როგორც თავად აღნიშნა ბატონმა გიორგიმ, ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, რის გამოც დატოვა თანამდებობა. ვფიქრობ, პოლიტიკაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტრად მოვიკიდოთ.
-გიორგი გახარიას გადადგომისთანავე საზოგადოების ნაწილს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გაახსენდა, რომელმაც თქვა, რომ ვისურვებდი, „ქართული ოცნება“ ვიხილო ოპოზიციაში და ახალი ძალა გამოჩნდესო. შესაძლებელია თუ არა, გიორგი გახარია ვიხილოთ ახალი ძალის ლიდერად?
-მესმის, რომ ბევრ ვერსიას განიხილავს საზოგადოება, მაგრამ, ამ ეტაპზე, ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს.
-ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებასაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ.
-პრემიერმინისტრობის კანდიდატურის განხილვაში უშუალოდ არ ვმონაწილეობდი და არც იმის თქმა შემიძლია, თუ რატომ შეაჩერა „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილზე არჩევანი. ბატონ ირაკლის აქვს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის გამოცდილება, მისი პრემიერობის დროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და შესაძლოა, ესეც ყოფილიყო მისი კანდიდატურის დასახელების მიზეზი.
-პრემიერის ხისტ ხასიათზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ რადიკალურ ზომებს გაატარებს ოპოზიციასთან მიმართებით, რაც უკვე ვიხილეთ კიდეც ნიკა მელიას დაკავებისას. . .
-ბევრი ფაქტორით იყო განპირობებული ბატონი ირაკლის კანდიდატურის დასახელება, მაგრამ, ჩემი სუბიექტური აზრით, ალბათ მთავარი ფაქტორი მაინც ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება იყო. მისი დაბრუნება ქვეყანას წაადგება, რადგან გაანალიზებული ექნება თავისი მოღვაწეობის ძლიერი თუ სუსტი მხარეები.
-ხელისუფლება ირწმუნება, რომ ნიკა მელიას შემთხვევაში კანონი აღსრულდა, თუმცა საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ანკესზე წამოეგო.
– სამართლებრივად ხელისუფლებას სხვა გზა არ დაუტოვა ნიკა მელიამ, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა. მაგრამ, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები იგებენ ინფორმაციას, რომ საქართველოში დააკავეს ოპოზიციის ლიდერი, ნაკლებად ინტერესდებიან, თუ რის გამო დააკავეს, რასაც, ბუნებრივია, მათი მხრიდან მოჰყვა რეაქციები – ჩათვალეს, რომ ეს არის ოპოზიციის შევიწროება. მაქვს მოლოდინი, რომ როდესაც ვნებათაღელვა ჩაცხრება, უფრო პრაგმატულად განიხილავენ ამ საკითხს და შეფასებებიც შერბილდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე პროცესები პოზიციასა და ოპოზიციას შორის დიალოგს ხელს არ უწყობს. ნიკა მელიამ, სამწუხაროდ, საჯაროდ უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე და სახელმწიფო დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა. პოლიტიკური ვითარების დამძიმებაზეც პასუხისმგებლობა, მეტწილად, ნიკა მელიას ეკისრება.
– ნიკა მელიას დაკავებას რომ ხელისუფლების წისქვილზე არ დაუსხამს წყალი, ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადებებიც ცხადყოფს. ისინი მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
– მართალია, დიალოგის გაგრძელების მოწოდებებმა გაიჟღერა, მაგრამ ოპოზიცია უარს ამბობს. როდესაც თავის დღის წესრიგს გვთავაზობენ და ულტიმატუმს აყენებენ, ეს არაფერს მოგვცემს. ხელისუფლება მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ულტიმატუმი შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება.
-როგორ შეიძლება დასრულდეს პოლიტიკური პროცესები?
-დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა: ერთი მხრივ, ხელისუფლებას არ აქვს ის უპირატესობა ოპოზიციასთან მიმართებაში საერთაშორისო ასპარეზზე, რაც გვქონდა რამდენიმე კვირის წინ. მაგრამ პოლიტიკა პრაგმატული სფეროა. ვფიქრობ, საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერის ბალანსი ჩვენს საზიანოდაა, რაც დროებითია და მეორეც, ოპოზიციის რადიკალურ ზომებს, რაზეც ისინი ფიქრობენ, საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს. საბოლოოდ, ალბათ პრაგმატიზმი გაიმარჯვებს და გადახედავენ იმ მოთხოვნებს, რაც დიალოგის შესაძლებლობას მოგვცემს. მხოლოდ საერთაშორისო განცხადებები არაა საკმარისი იმისთვის, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდეს. მათი მხრიდან მაქვს საღი აზრის მოლოდინი. ვფიქრობ, ზაფხულამდე პროცესები ლოგიკურ დასასრულამდე მივა, რადგან შემოდგომაზე არჩევნები გვაქვს და ოპოზიციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აპირებს თუ არა მასში მონაწილეობას. თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს იქნება მათი პოლიტიკური კრახი.

