ქეთევან მუხაშარია
აჭარის საჭადრაკო სამყაროს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში – გარდაიცვალა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან მუხაშარია.
დაიბადა 1958 წლის 12 მარტს ქალაქ ბათუმში. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო ინსტიტუტის უცხო ენათა ფაკულტეტი გერმანისტიკის სპეციალობით. დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის „ინტურისტის“ ხელმძღვანელ მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტუტუტი, სადაც კადრების სპეციალისტის წოდება მიენიჭა.
2004 წელს აირჩიეს აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურ მდივნად და ამ თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა. 2003-2004 წლებში ბათუმის სასპორტო სკოლის მწვრთნელი-ფსიქოლოგი იყო, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
1984 წელს დამთავრა საქართველოს პროფესიული კავშირების საბჭოს სახალხო უნივერსიტეტი.
მას გარი გასპაროვის ჭადრაკის აკადემიამ ჭადრაკის კურსების წაყვანის სპეციალისტის სერტიფიკატი გადასცა, რომელიც ამ აკადემიის მიერ სპეციალურად აჭარისთვის იყო შემუშავებული.
2005 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმი – შავი ზღვის დელფინი“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ქეთევან მუხაშარია 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჭაბუკთა და გოგონათა აჭარის ჩემპიონატებს. 2006 წლიდან აჭარაში ჭადრაკში ჩატარებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრების, მათ შორის მსოფლიოს, ევროპისა და საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტების უცვლელი წევრი გახლდათ. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რესპუბლიკის ახალგაზრდა მოჭადრაკეთა აღზრდასა და დაფინანსებაში, რეგიონში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.
დიდია ქეთევან მუხაშარიას შეტანილი წვლილი მისი ქალიშვილის, საერთაშორისო დიდოსტატ სალომე მელიას არაერთ წარმატებაში, ასევე, ლევან ჯიოშვილის სამაგიდო წიგნის „სპორტი აჭარაში“ გამოცემის საქმეში, იყო წიგნის ერთ-ერთი კორექტორი.
გასულ წელს ჭადრაკის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
ქეთევან მუხაშარიას ყველა იცნობდა როგორც საქმიან, კეთილშობილ, ყურადღებიან, მეგობრულ, თავისი საქმის მცოდნე პროფესიონალ ადამიანს. ის გახლდათ შესანიშნავი შვილი, მზრუნველი დედა, მეუღლე, ბებია. . . ძალიან დააკლდება არა მარტო აჭარის საჭადრაკო სამყაროს, მეგობრებს, არამედ ყველას, ვინც მას იცნობდა.
უფალმა დაუმკვიდროს ნათელი მის სულს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,
აჭარის სპორტის დეპარტამენტი,
ბათუმის სასპორტო სკოლა,
აჭარის ოლიმპიური კომიტეტი,
აჭარის ვეტერან სპორტსმენთა კავშირი,
აჭარის სპორტული ფედერაციები, სპორტული საზოგადოება,
გაზეთ „აჭარის“ რედაქცია