ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არც ამჯერად ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, დაგმეს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი და აღნიშნეს, რომ ძალადობა ნებისმიერი ადამიანის მიმართ მიუღებელია. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. საკრებულოს სხდომას, ტრადიციულად, მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
სხდომაზე დამტკიცდა მიმდინარე წლის ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 6,992.9 ათასი ლარით, შესაბამისად, განხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მემედ აბაშიძის ქუჩის № 42-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ნესტორ ხვინგიას მემორიალური დაფის განთავსების საკითხს. სწორედ ნესტორ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია 100 წლის წინ.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, გორგასალის ქუჩა № 124-ში მდებარე 929 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 982,30 კვმ შენობა-ნაგებობა შემდგომში მისი მოვლა-პატრონობის მიზნით.
საკრებულომ დაამტკიცა განახლებული დადგენილება „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, ასევე, თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ბონდი-2009“-ს (ამჟამინდელი მესაკუთრე – შპს „გრანდ მაისონი“) შორის 2019 წლის 29 მაისს დადებულ ხელშეკრულებასა და შპს „ორბი ლუქს პალასი“-ს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების ახალ წესს, რომლის თანახმადაც რეგულირდება საჯარიმო ქვითრის ჩაბარების ახალი მექანიზმი – საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება. კერძოდ, ფოსტით საჯარიმო ქვითრის გაგზავნის გზით ჯარიმის ჩაუბარებლობლობის შემთხვევაში ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე.
საჯაროდ გამოქვეყნების დღიდან 30-ე დღეს საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისათვის
ჩაბარებულად ითვლება. ეს უფრო მოქნილს გახდის კონკრეტულ სამართალდარღვევებზე ჯარიმის აღსრულების პროცედურებს და შეამცირებს ჯარიმის
გადახდისაგან თავის არიდების რისკს.
სხდომაზე ცვლილებები შევიდა „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა ის კრიტერიუმები, რომელიც გავრცელდება მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ შემდგომი ეტაპების სარგებლობით დაინტერესებული პირების განაცხადებზე და მათ საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.