დაწესებული ეკონომიკური სანქციების არსი
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
“რუსეთი მესამე მსოფლიო ომის მოდერატორიც გახდება, ოღონდ კი პასუხი არ აგოს კრემლის ამჟამინდელ თუ წინამორბედ ბინადართა დანაშაულებებზე” – ეს სიტყვები ამ რამდენიმე წლის წინათ გარდაცვლილმა აფხაზმა პუბლიცისტმა ალექსი თარიამ თქვა. მან თავის ესეში “გედის სიმღერა ანუ სამუდამო დევნილის მოგონებები და ფიქრები” რეალურად აღწერა რუსეთის მიზნები პოსტსაბჭოთა სივრცესა და მსოფლიოში და თანამემამულეებს ქართველებთან თანაცხოვრებისკენ, ხოლო მსოფლიო თანამეგობრობას რუსეთის მიმართ ზეწოლისკენ მოუწოდა . . . მსოფლიოს ამჟამად სხვადასხვა გლობალური საკითხი – პანდემია, ტერორიზმი, არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა აწუხებს და სამწუხაროდ, ვერ უმკლავდება რუსეთის დესტრუქციულ მიზნებს სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებით, რითაც კრემლი სარგელობს: ანექსირებული, ყირიმი, დონბასი, ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო ამის თვალსაჩინო მაგალითია, ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთში აცნობიერებენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, რაც გამოიხატება არა მხოლოდ უხეშ, არამედ ” რბილ” ძალისმიერ ქმედებებშიც, რასაც მოსკოვი ახლო სამეზობლოში გავლენის მოპოვებისა და განმტკიცებისთვის ახორციელებს, ამიტომაც დაუწესდა რუსეთს ეკონომიკური სანქციები. ისმის კითხვა : რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა რა შედეგი მოგვცა? დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთი და აშშ ერთმანეთს დააპირისპირა. ეს სანქციები კრემლს 7 წლის წინ ყირიმის ოკუპაციის გამო დაუწესდა, ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო გამკაცრდება წნეხი რუსეთის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის კუთხით, ამ მიმართებით აშშ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, კერძოდ, მას სურს ტვირთი აკიდოს რუსეთს, შეუზღუდოს შემოსავლების მიღება საერთაშორისო ბაზარზე, ამ მიზნით აშშ ყველაფერს, საკუთარი უფლებების ფარგლებში, აკეთებს. ეს კი უარყოფითად მოქმედებს რუსული ეკონომიკის ეფექტურობაზე, რუსეთი ცდილობს, ამას გაუმკლავდეს. ჩვენ ვიცით, რომ მას ოდითგანვე აქვს შემუშავებული საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლის უნარი. არადა, ნებისმიერი ქვეყნისთვის საკმაოდ არასახარბიელოა დაწესებული სანქციები, ეს იქნება ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო. ბუნებრივია, სანქციები გავლენას ახდენს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ბოლო ორი -სამი წელია, რუსეთთან მიმართებაში ინტენსიურად იღებენ გადაწყვეტილებებს – ეკონომიკურ სანქციებს უწესებენ. ამ სანქციების მიზანი ისაა, რომ რუსეთი დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მაგრამ . . . ამის მიუხედავად, რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში ე წ. დაუსჯელობის სინდრომითაა გამორჩეული, აკთებს იმას, რაც სურს. რაც შეეხება კონკრეტულ შედეგს, ამაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, რადგან ხელი არ მიგვიწვდება შესაბამის ეკონომიკურ დოკუმენტებზე. ყოველი შემთხვევისთვის ის ფაქტი, რომ რუსეთი თავის პოლიტიკას იგივე მიზნებით, იმავე დოზით, რესურსებით და ხერხებით აგრძელებს, რასაც 7-8 წელია, აშკარად გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს აღნიშნული ეკონომიკური სანქციები არ აღელვებს. არადა, ახალი სანქციების ერთ-ერთი მიზანი ოკუპირებული ( ძირითადად, მაინც ყირიმის) ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში ამას ვარაუდობდა უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობა. ამ მხრივ, უფრო საფიქრებელია, რომ დასავლეთისთვის ყირიმი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მაინც საბაბია სანქციების დასაწესებლად. რეალურად, დასავლეთს რუსეთის გლობალურ პოლიტიკაში დაბრუნება აშფოთებს. სირიის, ყარაბაღის მაგალითები ამის მკაფიო დადასტურება იყო. ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო არენაზე აშშ-მაც და რუსეთმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. ორივე სახელმწიფო საინტერესოდ ჩაერთო საერთაშორისო პროცესებში, მაგალითად, რუსეთი – სირიაში და ყარაბაღში, ამერიკას კი საერთაშორისო წარმატებები ისედაც არ აკლდა.
წელგამართული, საგარეო პოლიტიკაში წარმატებით წახალისებული რუსეთი ახალ ვაბანკზე მიდის, უფრო მეტად აპირებს საერთაშორისო პროცესებში ჩართვას. აშშ- ს არ მოსწონს რუსეთის ამგვარი სითამამე, აქტიურობა და ცდილობს შებოჭოს სამართლებრივი ბერკეტებით. დაწესებული ეკონომიკური სანქციები სწორედ რუსეთის შებოჭვას ითვალისწინებდა, თუმცა . . . ძალიან საეჭვოა, რომ დასავლეთმა ასეთი გამოცდილების მქონე სახელმწიფოსთან ამგვარი სანქციებით წარმატებას მიაღწიოს, სხვათა შორის, ამასწინათ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ ბაიდენი გახდებოდა პრეზიდენტი, უკრაინას, საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთის მხრიდან შევიწროებას განიცდის, მხარს დაუჭერს. ასევე, ეცდება, რომ რუსეთი ჩააყენოს “კალაპოტში” და მისი ქმედებები შეზღუდოს. არადა, ანალოგიურ გაცხადებას თავის დროზე ტრამპიც ახმოვანებდა, მაგრამ, მისი პოლიტიკა, ძირითადად, კრემლისადმი ლოიალური იყო. ეს ფაქტია. სავარაუდოდ, ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია ერიდებოდა რუსეთის გაღიზიანებას. გარდა ამისა, კარგად უნდა გავიაზროთ ის, თუ სადამდე შეუძლია ამან მიიყვანოს რუსეთი და ვა ბანკზე წავიდეს, რაც შეიძლება გამოიხატოს გადამწყვეტი საომარი მოქმედებების დაწყებაში, ანდა დოლარზე აბსოლუტურად უარის თქმაში ( რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი). ამან შეიძლება მსოფლიო წესრიგი შეცვალოს, რაც ეკონომიკური მხარე იქნება. ასევე, შეიძლება ვაბანკი სამხედრო თვალსაზრისითაც გამოიხატოს, გაურიგდეს ჩრდილოეთ კორეასაც, აქეთ სირია, ირანი, ჩინეთი . . . დღეს ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიო
ბიპოლარულია, თუმცა ჯერჯერობით, აშშ ცდილობს ხელიდან არ გაუშვას თავისი გავლენა, მსოფლიოს ის კარნახობს განვითარების ტემპს, რიტმს, ძირითად მიმართულებას, ამ მხრივ პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ზესახელმწიფოები, და გარკვეულწილად, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მეორეხარისხოვანი გახდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ თუ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს უკრაინის წინაშე, მის მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდებიან, რაც მისასალმელია, თუმცა თუ დასავლეთი რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამს რუსეთის მიმართ, მაშინ კრემლი გაორმაგებულად შეეცდება ახალი, მოდერნიზებული რუსეთის იმპერიის აღდგენას, რაც დასავლეთმა არაფრის დიდებით არ უნდა დაუშვას.