კაცი, რომელიც ბუნების წიგნს კითხულობს
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
“ჩვენ ბუნებაში ვართ და იგი ჩვენშია”, – ასე ნათლად და სხარტად თქვა ვაჟამ ყველას სათქმელი. დიახ, ბუნებაში ადამიანური არსებობის საზრისია კოდირებული. არც ის იყო შემთხვევითი, კათოლიკოს პატრიარქმა რომბრძანა, კაცობრიობას ორი დიდი წიგნი აქვს – ბიბლია და ბუნება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი კითხვაო. ჩვენ შორისაც, საბედნიეროდ, არიან ამ წიგნების გამორჩეული მკითხველები, რომელთა ცხოვრება და საქმიანობა ყურადღებას იპყრობს. ახლა ბუნების წიგნის ერთ-ერთ კარგ მკითხველს, ემზარ ნაგერვაძეს მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. იგი ბათუმის ა(ა)იპ გამწვანებისა და დაგეგმარების სამსახურის “მწვანე ბათუმი” ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი, ექსპერტი გახლავთ. ემზარ ნაგერვაძე წლებია, თავის ცოდნასა და გამოცდილებას არ იშურებს, რომ ბათუმის განაშენიანება- გამწვანება თანამედროვე სტანდარტებს მოერგოს . . . თუმცა ამ საქმეში მხოლოდ მოწადინება რომ არ არის საკმარისი, ბატონ ემზართან საუბრისასაც გაცხადდა. წინა საუკუნის ბათუმი რომ მოვიგონეთ, მოყვავილე მაგნოლიებითა და კამელიებით, იასამნებითა და მიმოზებით გაფერადებული და გაკვირვება გამოვთქვი, ახლა რატომ აღარ რგავენ ამ მცენარეებს-მეთქი, პასუხად მივიღე : – ნახევარი საუკუნის წინათ არსებობდა სანერგეები, სადაც ხდებოდა ყვავილების, მცენარეების დაკალმება, გამოზრდა, გამოყვანა, ეწყობოდა ყვავილების გამოფენა . . . საერთოდ, ეს შრომატევადი საქმიანობაა, დიდ ფინანსებს მოითხოვს. ევროპაში ვინც დაინტერესებულია მეყვავილეობით, აქვს შესაბამისი დაფინანსება, შრომა დაფასებულია. მეზობელ ქვეყნებში ამ საქმეს სახელმწიფოებრივად უდგებიან, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, მებაღეობის მსურველები წახალისებულნი არიან. ჩვენთანაც თანდათან ახალი და საინტერესო პროექტები ხორციელდება. პანდემიის წინა პერიოდში ბათუმის ბევრი ქუჩის მწვანე საფარი განახლდა კიპარისებით. გაიზრდებიან და სხვა ხიბლს შემატებენ ბათუმს.
– როგორც ჩანს, ბუნების ხმა გესმით . . .
– კი, მესმის, განსაკუთრებით მცენარეების. სამყაროს აღვიქვამ ერთ მთლიანად, ვგრძნობ მიწის ბიორითმებს, სუნთქვას. მცენარეებს, სიცოცხლის ყოველ ფორმას აღვიქვამ ერთიანად, მე სამყაროში ვარ, სამყარო ჩემშია . . . უბრალოდ, ვგრძნობ.
– ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობთ თავს . . .
– ქალაქში – ზღვის სანაპირო, სოფელში – ბაღი.
– ყველაზე საინტერესო და იდუმალი მცენარე?
– ჯადვარი (ორქიდეა). საინტერესო და განუმეორებელი თვისებების გამო, თავისებური რთული სისტემისაა, ამავდროულად, იდუმალი, მისტიკური. საერთოდ, საქართველოს ბუნება გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით, ყოველი კუთხე განსაკუთრებულია. შთამბეჭდავია აჭარა ბუნების მრავალფეროვნებით. აქაური მცენარეული საფარი არა მარტო ესთეტიკურობით, არამედ თავისი სამკურნალო თვისებებითაც საყურადღებოა. დაუსრულებლად შეიძლება ამ მცენარეებზე საუბარი. ყოჩივარდები, იები, გვირილები და კიდევ ბევრი, განა მხოლოდ მინდვრებსა და გზის პირებს გვილამაზებენ, ისინი საუკუნეებში გამობრძმედილი ჩვენი მკურნალები არიან.
– სამომავლოდ რას აპირებთ?
– ჩემს ნაკვეთში გამოვზრდი მცენარეებს. სურვილი რომ მექნება, დავხატავ, სურათებს გადავუღებ, დავარქმევ ჩემთვის ძვირფასი ადამიანების სახელებს.
– და მაინც, იცის ადამიანმა ბუნების ფასი? ზოგჯერ ხომ უდიერად ეპყრობა?
– თითოეული როგორ ეპყრობა ბუნებას, როგორ ზრუნავს მასზე, თქვენ თვითონ რამდენი ხე დაგირგავთ?- ამ კითხვით უნდა ვუპასუხო თქვენს შეკითხვას.
ცხადია, ეს კითხვა მხოლოდ მე არ მეხება, ნეტავ რამდენი დადის ჩვენს ქალაქში, ჩემსავით მხოლოდ ერთი-ორი ხე რომ დაურგავს? არადა, კარგი იქნებოდა, ასი თუ არა, ათი ხე მაინც დაერგო თითოეულს . . . სად? იკითხავს მავანი. თუ მიზანს დაისახავ, საშუალებასაც გამოძებნი. ბუნება თავად გიჩვენებს გზას, მთავარია, ყური დავუგდოთ მის ხმას. მადლობა ბატონო ემზარ, ამ გაკვეთილისთვის.