მშენებლები ამნისტიის მოლოდინში არიან
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას – პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე წარმოებულს და 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულს.
– გასულ წელს ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს დაევალა საკმაოდ მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მას პარლამენტში დიდი მხარდაჭერა ექნება. კანონპროექტი შეეხება სამშენებლო ამნისტიას და გარკვეულ დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. ჩვენ საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადეთ და პარლამენტში წარვადგინეთ. მიმდინარეობს მუშაობა. შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რაც ამ ინიციატივაში მნიშვნელოვანია. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები, – აცხადებს კახა კალაძე.
დედაქალაქის მერის თქმით, საკანონმდებლო პაკეტში, ამნისტიის გარდა, გაწერილია მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
– ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს დღეს თბილისის მოსახლეობა წარმოადგენს. რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობისა და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას, თბილისში მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომლებიც სხვადასხვა დარღვევით განხორციელდა და დღეს ამ ობიექტების მესაკუთრეებს სწორედ თბილისელები წარმოადგენენ. ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს. რამდენიმე წლის წინ მსგავს დარღვევებზე გავზარდეთ ჯარიმები, რამაც გარკვეული შედეგები გამოიღო, მაგრამ ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ. სწორედ ამიტომ, შემოგვაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმა. გადავახდევინებთ ჯარიმას, თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან. თუ ხელმეორედ არ იქნება გამოსწორებული, ეს უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადავა, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. კერძოდ, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას.
– როგორც მოგეხსენებათ, 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობა-ნაგებობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობის დადგენას. დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ჩვენ გვახსოვს ამ ყველაფერმა რა პრობლემები შექმნა და ასეთი ნაგებობები ახლაც არსებობს, რადგან კანონი არ ზღუდავს ამ ყველაფერს. იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმებისა და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას. დღეს გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის აქვს ინტერესი შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. არის შემთხვევები, როდესაც მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და მასში მცხოვრები ადამიანები დადიან აქეთ-იქით, რომ ექსპლუატაციის პრობლემა მოაგვარონ, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი იმედს იტოვებს, რომ კანონპროექტს კანონმდებლები მხარს დაუჭერენ.
სახარბიელო მდგომარეობა ამ კუთხით არც ბათუმშია, თუმცა რეგიონში მშენებლებს იმედი გაუჩნდათ, რომ აჭარის მთავრობა და ქალაქის მერია შესაბამის ზომებს მიიღებენ და დარღვეული K1, K2, K3 პარამეტრებისთვის ამნისტია შეეხებათ. სამშენებლო კომპანიები ოფიციალურ განცხადებებს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ სართულის დაშენება უსაფრთხოდ აწარმოეს, რადგან საძირკველი ამის საშუალებას აძლევდათ. ამის დასამტკიცებლად ექსპერტიზის დასკვნებიც მზად აქვთ.
-კანონპროექტი, რომელიც თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა, დედაქალაქს ეხება. ბათუმშიც ბევრი პროექტია, რომელთაც მსგავსი პრობლემები აქვთ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ კანონპროექტში ბათუმის ნაწილიც იყოს გათვალისწინებული, – აცხადებს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი აჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან, ისე საქართველოს პარლამენტში აჭარის დეპუტაციასთან აქვს ინტენსიური კონსულტაციები.
– თბილისისგან განსხვავებით, ბათუმს აქვს განსხვავებული სპეციფიკა, თუმცა, ვმუშაობთ, რომ კანონპროექტთან თანხვედრაში მოექცეს ბათუმიც, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.
რომელ სამშენებლო კომპანიას გაუღიმებს ფორტუნა, ამას კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გავიგებთ. კომპანიების სია კი ვრცელია . . .