„გვსურს პოზიტიური ცვლილებების გზაზე მუდამ თანასწორობის, პატივისცემის და საქმის ხარისხიანად კეთების კულტურა შევინარჩუნოთ“
ნათია იმნაიშვილი 27 8 93
არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“ ერთ-ერთი წარმატებული და აქტიური ორგანიზაციაა აჭარის რეგიონში. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფთა პიროვნულ სრულყოფაზე ზრუნვა და პროფესიულ განვითარებაში თანამონაწილეობა.
ორგანიზაციის დამფუძნებელ ლია ფუტკარაძის თქმით, სისტემური ხედვა, საქმის განსხვავებულად კეთების უნარი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება „საორსას“ არსებობის და მისი მიზნების შესრულების გარანტია.
როგორი იყო ორგანიზაციისთვის გასული წელი და რა მოლოდინი აქვთ წელს – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ლია ფუტკარაძე გვესაუბრება.
– ქალბატონო ლია, როგორ შეაჯამებთ 2020 წელს?
– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „საორსასთვის“ ძალიან ღირებულია ის პროცესი, რომელსაც თან ახლავს ინდივიდუალური შედეგები და ემოციები. ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია ახალგაზრდებისა და ქალების პროფესიული გაძლიერება, მათი მოტივირება, პიროვნული და სამოქალაქო პასუხისმგებლობის სტიმულირება, მათი შთაგონება. სწორედ ამიტომ, როცა ვაჯამებთ შედეგებს, ერთი მხრივ, ვსაუბრობთ ადამიანებზე, მათ ემოციებსა და წარმატებებზე, მეორე მხრივ კი იმაზე, როგორ ვითარდებიან ჩვენი პროექტებისა და პროგრამების მონაწილეები, ასევე, თავად ორგანიზაცია. 2020 წელს სამყარო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე, თუმცა ჩვენ ეს აღვიქვით როგორც შესაძლებლობა. „საორსა“ მიხვდა, რომ ის სჭირდება ადამიანებს, აქედან გამომდინარე, განუზომელი გახდა მიზნების მიღწევის მასშტაბებიც.
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რითიც გასული წელი დაგამახსოვრდათ?
– სოციუმში, სადაც ჩვენ ვთანაცხოვრობთ, ადამიანებს სჭირდებათ ზრუნვა, სიყვარული და ურთიერთგაგება. გასულმა წელმა ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა და გვიბიძგა ახალი, ინოვაციური და მამოტივირებელი ქმედებებისაკენ. გასულ წელს დავიწყეთ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ქალები დემოკრატიული ჩართულობისათვის“. იგი ხორციელდება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დასაქმებული და დაუსაქმებელი 25-55 წლის ქალებისათვის. პროექტის ძირითადი მიზანია მათი აქტიური ჩართვა რეგიონის განვითარების პროცესებსა და ქალთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაში. სამი თვის განმავლობაში ქალებმა შეძლეს, აემაღლებინათ ცნობიერება და მიეღოთ ხარისხიანი განათლება კარიერული განვითარების, ფინანსური წიგნიერების, სამოქალაქო ჟურნალისტიკის, გენდერული ბიუჯეტირების, საბიუჯეტო პროგრამების წერის, შრომითი უფლებების, დედათა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით. დამატებით, ქალების სურვილით, ჩავატარეთ საინფორმაციო სესიები სხვადასხვა მიმართულებით. ახლა თავად ისინი შესთავაზებენ კოლეგა ქალებს და ახალგაზრდებს საინფორმაციო ღია სესიებს ქალთა და შრომითი უფლებების შესახებ. ამ პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი გახლავთ ადვოკატირება, რადგან „საორსას“ ორგანიზაციული განვითარების ფარგლებში შემოვიტანეთ ადვოკატირების ელემენტები. გვინდა, სოციალური დიალოგის და თანამშრომლობის საფუძველზე, ქალებმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად თავად შექმნან საბიუჯეტო პროგრამები, რაც მნიშვნელოვანი იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
– რა გავლენა მოახდინა პანდემიამ თქვენს ორგანიზაციაზე ?
– პანდემიამ შეცვალა ადამიანთა ცხოვრების სტილი, ქცევები და რაც ყველაზე მთავარია, ხედვა. ჩვენ ამ გამოწვევას ყველა კუთხიდან შევხედეთ და ხელისშემშლელ ფაქტორად აღქმის ნაცვლად, შესაძლებლობად მივიღეთ. ვირტუალურ სამყაროში უცაბედად გადასვლა არც ისე მარტივი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, არც შეუძლებელი. ჩვენი ხედვა, ქცევები თუ სამუშაო სტილი განსხვავებული აღმოჩნდა მონაწილეებისთვის, რისთვისაც გუნდის წევრებს, მოწვეულ ტრენერებს და მონაწილეებს ვუხდით მადლობას. ასევე მადლობა ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს საქართველოში, რომელმაც დაიჯერა ჩვენი იდეის და მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ აღნიშნულ პროექტში მიეღოთ მონაწილეონა იმ ქალებსაც, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან. ამავდროულად, ჩვენი მოტივაცია უფრო გაიზარდა და ვთქვით, რომ იმაზე მეტის გაკეთებაა საჭირო, ვიდრე ვაკეთებდით. განსაკუთრებით შეიცვალა ჩემი, როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლის, პროექტების ავტორის და კოორდინატორის როლი, რადგან სახლიდან მუშაობამ სამუშაო დროის შეგრძნება ფაქტობრივად, დამაკარგინა, რადგან ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ზრუნვას კი დრო არ გააჩნია, შეუზღუდავია. თუ გათვითცნობიერებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, მაშინ მარტივია გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც, ცხადია, ზრუნვას უკავშირდება. ფაქტობრივად, პანდემია მოგვევლინა დამატებით შესაძლებლობად და მოგვცა შანსი, მეტად გვეზრუნა გარშემომყოფებზე. სისტემური ხედვა, მზაობა დახმარებისთვის, საქმის განსხვავებულად კეთების უნარი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება – ეს ის ელემენტებია, რომლებიც „საორსას“ არსებობის და მიზნების შესრულების გარანტია. ყოველი წელი, თვე, კვირა, საათი თუ წუთი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ახალი წელი ახალი შესაძლებლობების კარს გვიხსნის. არ გვავიწყდება, განვსაზღვროთ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და განათლების გამოწვევები. ჩვენი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნება სისტემურ ხედვას და გვსურს პოზიტიური ცვლილებების გზაზე მუდამ თანასწორობის, პატივისცემის და საქმის ხარისხიანად კეთების კულტურა შევინარჩუნოთ. შესაბამისად, პანდემიის დროს თუ მის გარეშე, ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგული და მივუყვებით იმ არჩეულ გზას, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ორგანიზაციის მიზნებს, ხედვებსა და მისწრაფებებს.
– რა სიახლეებით შეხვდით 2021 წელს ?
– ამ წელს საკმაოდ საინტერესო სიახლეებით შევხვდით. გვსურს, შევქმნათ ისეთი პლატფორმა, რომელიც იზრუნებს კვალიფიციური შრომითი ძალის გაძლიერებაზე, ჯანსაღი სოციალურ-კულტურული დამოკიდებულებების შექმნაზე, დასაქმების პოლიტიკის ახალი ხედვის შექმნასა და ამუშავებაზე. ვგულისხმობ, შემდეგ ასოციაციებს: „საორსას“ კურსდამთავრებულთა ასოციაცია, რომელიც არის „საორსას“ საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულების გაერთიანება; „საორსას“ რეგიონული ასოციაცია – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, პლატფორმა, რომელიც, იმედი გვაქვს, გააერთიანებს დამსაქმებლებს. ამავდროულად, „საორსა“ გახლავთ პირველი ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელობა პოლონეთში და გვჯერა, მალე ოფიციალურ დაფუძნებასაც საბოლოო სახე მიეცემა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მალე „საორსა კონსალთინგი“ დაიწყებს თავის საკონსულტაციო საქმიანობას და სერვისები უკვე ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული ორგანიზაციებისა და ადამიანებისთვის.
– რა არის თქვენი ორგანიზაციის პრიორიტეტი წელს ?
– აღსანიშნავია, მიმდინარე კამპანია – „ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების განვითარება აჭარის რეგიონში“, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის სტაჟირების და პროფესიული მოხალისეობის პროგრამებში მონაწილეობას ნებისმიერ საჯარო სივრცეში. გვინდა შევქმნათ შესაძლებლობები, რომლებიც კარიერული განვითარების პროგრამის ამუშავების აუცილებლობას წარმოაჩენს, ასევე, ახალგაზრდებისთვის ღირსეული შრომა და დასაქმება გახდება ხელმისაწვდომი. ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა, ეროვნული სტრატეგიული საქმიანობა ნებისმიერი სექტორისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს ჩვენს ქვეყანაში.

