დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იურიდიული კომიტეტი იმსჯელებს
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2 მარტს საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით განაახლა. სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არც ამჯერად ესწრებოდნენ. საუბარია იმ 7 დეპუტატზე, რომლებსაც უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებები აქვთ დაწერილი, მაგრამ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხზე ამ დრომდე არ უმსჯელია. თუმცა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის განცხადებით, ამ საკითხს იურიდიული კომიტეტი მალე განიხილავს.
– დღეს გაიხსნა საგაზაფხულო სესია, შესაბამისად, ჩაირთო იმ ვადის ათვლა, რომელიც აქამდე შეჩერებული იყო უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად. დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იურიდიული კომიტეტი იმსჯელებს. უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის შემოსვლა კარგია საკანონმდებლო ორგანოს მუშაობისთვის. ამასთან, აქ, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში ვერ გადაწყდება ის საკითხები, რასაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ითხოვენ, მათ შორის არც რიგგარეშე არჩევნები და არც პატიმრების გათავისუფლება ჩვენს პრეროგატივაში არ შედის. მივესალმები იმას, რომ ბატონი ირაკლი ჩავლეიშვილი საკანონმდებლო ორგანოში თავის პოზიციას, განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ოპოზიციას და მათ შორის ბატონ ირაკლის დაუჭირეს მხარი, – აცხადებს დავით გაბაიძე.