ერთწლიანი შესვენების შემდეგ
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
შუახევის მუნიციპალიტეტის 13-მა საჯარო და 8 ალტერნატიულმა ბაღმა 1 მარტიდან 450-ზე მეტი აღსაზრდელი მიიღო. შრომით პროცესში 216 ადამიანი ჩაერთო. ერთწლიანი შესვენების შემდეგ, მუშაობის განახლებისთვის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობამ, მენეჯერებმა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. ბაღებში დასაქმებულებმა ერთი დღით ადრე ტესტირება გაიარეს. ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.
პანდემიის პერიოდში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა ჯაბნიძეების ბაღში, რომელსაც სულ მალე ალტერნატიული საბავშვო ბაღი ჩაანაცვლებს.
700-მდე აღსაზრდელია ქედის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა აიშე თებიძემ გვითხრა, აქ ალტერნატიული ბაღი არ აქვთ. ერთწლიანი იძულებითი „შესვენების“ შემდეგ აღსაზრდელები და მათი აღმზრდელები ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდებიან. „ჩვენი და თითოეული თანამშრომლის, მშობლის ვალია, დაიცვან დაწესებული რეგულაციები“,- აღნიშნა მან.
ქედაში პირველი სკოლამდელი დაწესებულება სოფელ მერისში 13 წლის წინ გაიხსნა, მანამდე ბაღი მხოლოდ დაბა ქედაში იყო. ახლა 15 საბავშვო ბაღია, სადაც 250 თანამშრომელია დასაქმებული.

