მოზღვავებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში სხვებთან ერთად მონაწილეობს ხულოელ, შუახეველ, ქედელ და ხელვაჩაურელ ამომრჩეველთა მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე. მოსახლეობასთან შეხვედრა, მათი პრობლემების გაცნობა და კომპეტენტურ ორგანოებამდე მიტანა იყო და რჩება პარლამენტარის საზრუნავი. იგი ხულოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების გაცნობის პროცესს დაესწრო, მეორე დღეს შეხვედრა გამართა შუახეველ ამომრჩევლებთან.
შეხვედრაზე გურამ ზოიძემ, სულიკო ბოლქვაძემ, მურად ქათამაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება სთხოვეს. კულტურის სისტემაში წლებია მუშაობს სოფელ ხაბელაშვილების მკვიდრი გივი ბოლქვაძე. ამაგდარი ხელოვანი გულის ოპერაციას და ოპერაციის შემდგომ მკურნალობას საჭიროებს, რომელიც 19.5 ათასი ლარი ჯდება. თავად პაციენტს 4 ათას ლარზე მეტი აქვს გადასახდელი, რისი შესაძლებლობაც მას არ გააჩნია. პარლამენტარი დახმარებას შეპირდა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ანზორ ბოლქვაძე ბრილის, ზემოხევის, გომარდულის, დაბა შუახევის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებაზეც ზრუნავს.
წლებია დაბა შუახევში ფეხბურთის სტადიონი აქვთ, მაგრამ იგი საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მერიისა და პარლამენტარის ერთობლივი ძალისხმევით, 1.5 მილიონი ლარია მობილიზებული სპორტული არენის კეთილმოწყობისთვის. მალე კონკურსი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს წელსვე შეუდგება.
3700 კვადრატული მეტრია საჭირო იმ სამეურნეო ეზოს მოსაწყობად,, რომელიც „ზიმო-7“-ს ესაჭიროება ქვის სამტრევი საამქროს მოსაწყობად და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის ხიჭაური-ჩანჩხალოს ხიდის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მომუშავე ტექნიკის დროებით დასაბინავებლად. პარლამენტარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ერთობლივი ძალისხმევით, მდინარე აჭარისწყლის ნაპირზე სათანადო ტერიტორია გამოინახა. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა გასცა. უკვე დაწყებულია მუშაობა საამქროს მოსაწყობად. დამტვრეულ ქვას გზის ქვედა ფენის მოსაწყობად გამოიყენებენ.
უხვნალექიანმა თებერვალმა შუახევის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურა. ჯაბნიძეებელმა სიმონ ივანაძემ, ნიგაზეულელმა ბეჟან ხიმშიაშვილმა პარლამენტარს გეოლოგების მოვლინებისთვის დახმარება თხოვეს.
– რიგ პრობლემებს ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრებზე ვაგვარებთ. მუნიციპალიტეტში გვაქვს ბიუროები. ამ შუამავალი რგოლის საშუალებით, მოსახლეობის პრობლემებს, სურვილებს, წინადადებებს ვეცნობით, შესაბამისი სამსახურები კი ჩვენი თხოვნის საფუძველზე რეაგირებენ, – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ.