საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით გაიხსნა
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2 მარტს საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით გაიხსნა. სხდომის დღის წესრიგში ოთხი საკითხი იყო. ვიდრე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას დაიწყებდნენ, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.
-2003-2004 წლებში, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოდიოდა ხელისუფლებაში და საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება იყო, სიტუაციის დასალაგებლად ჩამოდიოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დღეს იმ დონის დაპირისპირება არაა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთან ჩამოსულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. სწორედ ეს განსხვავებაა მაშინდელსა და დღევანდელ დროს შორის. მათ უკან, დიდი ალბათობით, მაშინ იდგა რუსეთი. დღეს ჩვენი მეგობარი უდიდესი ორგანიზაციის, ევროკავშირის, წარმომადგენელი ჩამოდის და ცდილობს მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია. თავიდან იყო კონსტრუქციული მოწოდებები, რომ დიალოგი უნდა გაიმართოს, მაგრამ, ოპოზიციამ პროცესებს ცივი წყალი გადაასხა და რთულია პროგნოზის გაკეთება, რა შეიძლება მოიმოქმედონ, – განაცხადა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილმა.
ოპოზიციიდან სხდომას მხოლოდ ერთი დეპუტატი – ირაკლი ჩავლეიშვილი ესწრებოდა.
სხდომაზე პირველ საკითხად ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება გამარტივებული წესით განიხილეს.
კანონის პროექტი სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტი სოფლის მეურნეობის სისტემის განვითარებაზე, აგრომეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს თორმეტივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სრული მხარდაჭერა ჰქონდა უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტსაც – ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, რომელიც სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა ფატი ხალვაშმა წარმოადგინა.
უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს – „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ 11 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ირაკლი ჩავლეიშვილი კი წინააღმდეგი წავიდა.
კანონის პროექტი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა ტიტე აროშიძემ წარადგინა, რომლის თანახმად, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ 28-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მე-2, 29-ე ოლქებში – 1, ხოლო 30-ე ოლქში, რომელსაც ხელვაჩაური დაემატა, 3-ის ნაცვლად 4 წარმომადგენელი იმუშავებს.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ წარმოდგენილ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ ათმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ირაკლი ჩავლეიშვილმა კი კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
-„ეთიკის საბჭოს“ შექმნა რეგლამენტითაა გათვალისწიებული, როგორც ჩანს. დავსვი შეკითხვა, თუ რატომ არ მოქმედებდა წინა მოწვევისას „ეთიკის საბჭო“ და დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღე. მეჩვენება, რომ დღევანდელ რეალობაში, როცა ოპოზიცია სრულად არ არის წერმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში და რელამენტი ითვალისწინებს ოთხი დეპუტატის ყოფნას საბჭოში, გადაწყვეტილებები ობიექტურად არ იქნება მიღებული, ვინაიდან საბჭოში მეც რომ შევიდე, ოპოზიცია უმცირესობაში იქნება. ბატონმა დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია შემოვა უმაღლეს საბჭოში, საკითხს კიდევ მიუბრუნდება და იმსჯელებენ იმაზე, რომ საბჭო დაკომპლექტდეს პარიტეტულად – ერთი ერთზე. საბჭოს ფუნქციონირება მაინც მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რადგან დეპუტატი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

