გოგონა ბათუმიდან, რომელიც მამაკაცური საქმის სტერეოტიპს ამსხვრევს
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
“ადამიანები, განურჩევლად სქესისა თუ პროფესიისა, ყოველდღიურად ვაწყდებით და ვანგრევთ სტერეოტიპებს. ხან გაუცნობიერებლად, ხანაც კიდევ მიზანმიმრთულად. მიზანმიმართული იყო ჩემი არჩევანი, შემესწავლა და მემუშავა სამშენებლო სფეროში. დიახ, შეგნებულად დავანგრიე ჩემს წინ აღმართული სტერეოტიპი ქალური და მამაკაცური პროფესიების შესახებ. ახლა კი ამ პროფესიას მამაკაცებთან თანაბარი წარმატებით ვემსახურები. მეტსაც გეტყვით, მუშაობის დროს ინტერესი მიჩნდება და ვცდილობ შევასრულო ე.წ კაცური საქმე. ერთ-ერთი ასეთი იყო ფილის არმირებაში ფიზიკურად მონაწილეობა, უფრო გასაგები რომ იყოს – არმატურა მომიქსოვია. მიმუშავია „სვარკის“ აპარატთან და ა.შ ამით სტერეოტიპი დამინგრევია არა სხვისთვის, არამედ, პირველ რიგში, საკუთარ თავისთვის. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ თავს მოხვეული სტერეოტიპები მართლაც მარტივი დასანგრევია. მთავარია გაბედო!” – ეს ბათუმელი ნიჭიერი ახალგაზრდის, მარიამ ბარაბაძის სიტყვებია, რომელიც სოცქსელში სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრ „ნოვას“ კონკურსში ხალხის რჩეული გახდა. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა მოეთხროთ თავიანთი ისტორიები იმაზე, თუ როგორ დაამსხვრიეს სტერეოტიპი ქალების შესახებ.
რა თქმა უნდა, დავინტერესდით ამ გამორჩეული გოგონათი და დავუკავშირდით.
მარიამმა ბათუმის №2 საჯარო სკოლა დაამთავრა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატზე სამშენებლო მენეჯმეტი შეისწავლა, ამჟამად კი მაგისტრატურის სტუდენტია, აგრარულ უნივერსიტეტში სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტზე სწავლობს.
– მარიამ, თქვენს ბავშობაზე, ოჯახზე გვიამბეთ.
– დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ინჟინრების ოჯახში. 6 წლისას გარდამეცვალა მამა – დავრჩით მე, დედა და ჩემი ძმა. სულ ვამბობ, რომ დედაჩემი გმირია, ყველაფრის მიუხედავად, მოახერხა, ბავშვობა ჩემთვის ძალიან ფერად და ბევრ კარგ მოგონებასთან ყოფილიყო ასოცირებული.
– როგორი ბავშვი იყავით, რა იყო თქვენი ინტერესის სფერო?
– საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი, მიყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა. მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო დამოუკიდებელ ცხოვრებაში ჩემი პირველი ნაბიჯები. კონკრეტული ინტერესის სფერო არ მახსენდება, ყველაფერს ვედებოდი, რაც იმ მომენტში საინტერესო იყო ჩემთვის. უფროსები ხშირად ამბობდნენ, რომ ჯობდა რამე ერთი ამერჩია და იმას დავუფლებოდი, თუმცა მაინც ბავშობიდან ვცდილობ, ხელიდან არ გავუშვა არცერთი გამოცდილება. ამიტომაც პატარაობიდანვე ყველა მიმართულებით ვცადე ბედი.
– პროფესია როგორ აირჩიეთ?
– აბიტურიენტობის პერიოდში ბოლო თვემდე არ ვიცოდი, რა პროფესია ამერჩია. ბევრი ვარიანტი განიხილებოდა და არჩევანის სრული თავისუფლება მქონდა. ზოგადად, სულ მიყვარდა ჩარჩოებიდან გამოსვლა, ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ვეძებდი. ალბათ იმ კონკრეტულ მომენტში სამშენებლო მენეჯმენტი საკმაოდ მომაჯადოებლად და ამავდროულად, რისკიანადაც ჟღერდა ჩემთვის. ეს უკანასკნელი ფაქტორი კი განსაკუთრებულად მხიბლავდა.
– მხოლოდ სტერეოტიპის დამსხვრევას ემსახურებოდა თქვენი არჩევანი, თუ ნამდვილად გაინტერესებდათ ის საქმე, რომელსაც ახლა ემსახურებით?
– შეიძლება ითქვას, რომ ეს პროფესია ძალიან სპონტანურად ავირჩიე. თვითმიზნად არ მქონია სტერეოტიპებთან დაჯახება. ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა. გზადაგზა ვაცნობიერებდი, რომ სტერეოტიპულ გარემოში აღმოვჩნდი და საკმაოდ მოქნილადაც ვიგერიებდი მას. ვფიქრობ, ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სტერეოტიპის დანგრევა.
– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
– დედა, ძმა და ჩემი დანარჩენი გულშემატკივრები ყოველთვის მხარს მიჭერენ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. ამისთვის მადლიერი ვარ მათი.
– როგორია თქვენი ერთი, ჩვეულებრივი სამუშაო დღე?
– ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ წარმატებულ სამშენებლო კომპანიაში, ვარ პროექტის მენეჯერი, შესაბამისად, ჩემი სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთულია და ყოველი დღე – ინდივიდუალური. ამჟამად მაქვს ორი მიმდინარე პროექტი. დილა იწყება ობიექტების შემოვლით და შემდეგ საჭიროების მიხედვით მივყვები იმას, რომელ ობიექტზე რაა გასაკეთებელი. უამრავი ნიუანსია, ამის მოყოლას არ დავიწყებ.
– ისეთი რისი გაკეთება გიწევთ ობიექტზე, რომელიც მამაკაცის საქმიანობის სტერეოტიპს ამსხვრევს?
– მოდით, ვთქვათ, რომ მამაკაცის და ქალის საქმე არ არსებობს. არსებობს სტერეოტიპები. მართალია, ფიზიკურად მუშაობა არ მიწევს, მაგრამ გონებრივად ვმუშაობ იმაზე, რასაც შემდეგ მამაკაცები ფიზიკურად ასრულებენ. თუმცა თუ რომელიმე ქალი მოისურვებს იმავეს გაკეთებას, ზუსტად ისეთივე წარმატებით შეძლებს, როგორც ამას მამაკაცები ახერხებენ.
– სამუშაო პროცესში ყველაზე მეტად რა გსიამოვნებთ?
– ზოგადად, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ამიტომ ნებისმიერი პროცესი, რაც მას უკავშირდება, სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ალბათ მაინც ყველაზე სასიამოვნოა დასრულებული პროექტის ნახვა, რომლის უკანაც უამრავი ადამიანის უდიდესი შრომაა ჩადებული.
– როგორია გარშემომყოფთა რეაქცია, როცა სამშენებლო ობიექტზე ასეთ ნაზ და სასიამოვნო გარეგნობის გოგონას გხედავენ?
– ამაზე ჩემი საყვარელი ისტორია მახსენდება – 2017 წელს პირველად მოვხვდი ობიექტზე. მაშინ მონდომებული სტაჟიორი ვიყავი და ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილას კორპუსს ვაშენებდით. მემონტაჟეებს შევუთანხმდი და მათთან ერთად ფილის არმირება დავიწყე. გაოცებული სახეები ახლაც თვალწინ მიდგას (მე ამაში ვერაფერ გასაოცარს ვერც მაშინ და ვერც ახლა ვხედავ). . . საღამოს ჩემმა მეგობარმა აღნიშნული სამუშაო პროცესის ფოტო გამომიგზავნა. აღმოჩნდა, რომ წინა კორპუსიდან გადამიღეს და მეგობრების ჯგუფში აქტიურად განიხილეს ჩემი საქმიანობა.
– რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?
– პრიორიტეტების დალაგება ჩემი ძლიერი მხარე არაა, ერთადერთი, რაც ვიცი – ოჯახი და მეგობრები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგ ჩემი საქმე და ყველაფერი დანარჩენი.
– სამშენებლო კომპანია „ნოვა“-ს კონკურსზე გვიამბეთ. . . როგორ ჩაერთეთ?
– “ნოვა”-ს კონკურსში შემთხვევით ჩავერთე, ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ამ კონკურსის პირობები და მითხრა, რომ ჩემი ისტორია ზუსტად შეესაბამებოდა იდეას. რატომაც არა-მეთქი და ჩავერთე. მოწონებების მიხედვით ხალხის რჩეულიც გავხდი, პრიზად კი წინანდლის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში დასვენება მერგო.
– რომ არა ეს სფერო, რომელ პროფესიას აირჩევდით და რატომ?
– არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი ვიქნებოდი დიდი სიამოვნებით.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– მომავალზე ბევრს ვფიქრობ, ჯერჯერობით, მინიმუმ, მაგისტრატურის დასრულებამდე, მუშაობას და გამოცდილების დაგროვებას ვგეგმავ. შემდეგ დიდი სურვილი მაქვს გერმანიაში ავიმაღლო კვალიფიკაცია, დაგროვილი ცოდნა კი ჩემს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მას მოვახმარო.

