„კონსტიტუცია არის უმრავლესობის, ოპოზიციის და საზოგადოების შეთანხმების შედეგი, რაც ჩვენთან მიუღწეველია“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“
ასე იწყებოდა საქართველოს პირველი ოფიციალური კონსტიტუცია, რომელიც ახლაც სიამაყით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გავსებს. 1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სათუთად ინახავდა სამართლებრივ ტრადიციას პროგრესული და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ და ქართველი ხალხის ძლიერ დემოკრატიულ მისწრაფებებს ასახავდა.
1921 წლის კონსტიტუციით, საქართველოს მიზანი, მსოფლიო თანამეგობრობაში დემოკრატიული იმიჯის სახელმწიფოდ შესვლა იყო. ამ ტექსტით დაიწყო ადამიანის, როგორც ძირითადი სოციალური ღირებულების გაცნობიერება, დაიბადა ტერმინები „მოქალაქეობა“, „მოქალაქის უფლებები“ , „ადგილობრივი თვითმმართველობა“.
საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ პირველი კონსტიტუცია (რომელიც 17 თავისა და 149 მუხლისგან შედგებოდა), 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო, 4 დღით ადრე, ვიდრე საბჭოთა ჯარები საქართველოს ოკუპაციას მოახდენდნენ.
გთავაზობთ ინტერვიუს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელ მალხაზ ნაკაშიძესთან, რომელიც „აჭარასთან“ საუბრობს საქართველოს კონსტიტუციაზე, მის არსსა და ძირითად დანიშნულებაზე, აგრეთვე გვიამბობს ბათუმში საქართველოს პირველი კონსტიტუციის დაბეჭდვასა და იმ სტამბაზე, სადაც ეს პროცესი შედგა.
– ბატონო მალხაზ, საუბარი დავიწყოთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მოკლე ისტორიით
– 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია თანამედროვეებმა შეაფასეს, როგორც პროგრესული, ვინაიდან მაშინდელი ევროპის ანალოგიურ დოკუმენტებთან შედარებითაც კი ერთ-ერთი მოწინავეა. სწორედ ამიტომ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ევროპული ტიპის კონსტიტუცია. დღეს, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნა, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ევროპულ ღირებულებებს არა მხოლოდ ვაღიარებდით, სახელმწიფო დონეზე დავნერგეთ.
– როდის დაიწყეს და რა დროში მოახერხეს კონსტიტუციის შემუშავება? ამბობენ, რომ ნაჩქარევად შეიქმნა. . .
– ეს არ არის მართალი. კონსტიტუციაზე ძალიან საფუძვლიანი, მრავალწლიანი მუშაობა მიმდინარეობდა და ეს პროცესი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მაშინდელმა კონსტიტუციამ აბსოლუტურად გაიზიარა იმ პერიოდის მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები.
– მაინც რა ტიპის კონსტიტუციები მოქმედებდა იმ დროს, ანუ რაში გამოიხატებოდა მოწინავე იდეები ?
– იმ დროისთვის, ბევრ დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოში მოქმედებდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მიღებული კონსტიტუციები, ანუ პირველ მსოფლიო ომამდე, საქართველოს კონსტიტუცია კი მიიღეს ამ ომის შემდეგ. ამ პერიოდში ევროპაში, მაგალითად, შვედეთის კონსტიტუცია მიიღეს 1809 წელს, ნიდერლანდების და ნორვეგიის – 1814 წელს, ბელგიის – 1831-ში, ესპანეთის, პორტუგალიის კონსტიტუციებიც მაშინდელია. გერმანიის და ფინეთის კონსტიტუციებიც 1919 წელს შეიქმნა, ავსტრიის კი 1920 წელს, რომელიც 1945 წელს აღადგინეს და დღესაც მოქმედებს. სწორედ ამ და კიდევ სხვა კონსტიტუციების გათვალისწინებით შედგა საქართველოს კონსტიტუციაც. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემი ჩამოთვლილი ამ დოკუმენტებიდან ბევრი იმ წლებში ითარგმნა ქართულად და გამოიცა კიდეც. აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ ჩვენი კონსტიტუცია შეიქმნა საფუძვლიანი შესწავლის და ანალიზის შედეგად, ანუ ამ ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გამოცდილება გაითვალისწინეს, განსაკუთრებით კი საფრანგეთის, აშშ-ს და შვეიცარიის მმართველობის მოდელები. ასე რომ, იმ პერიოდისთვის მოქმედი, ევროპის ყველა ქვეყნის ღირებულებები გაითავისეს და გადმოიტანეს საქართველოს კონსტიტუციაში.
– კონკრეტულად რა გაიზიარეს?
– კონკრეტულად, კონსტიტუციით, ქვეყნის ძირითადი კანონით განისაზღვრა, რომ მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუცია ეფუძნებოდა პარლამენტის უზენაესობის და მისი უწყვეტობის, სახალხო სუვერენიტეტის, რესპუბლიკანიზმის, სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს. ასევე განსაზღვრული იყო უშუალოდ დემოკრატიის მნიშვნელობა, რომ ხალხის ნება უნდა გამოიხატოს რეფერენდუმის მექანიზმით. ეს კონსტიტუცია თავის დროს უსწრებდა. მან დანერგა არჩევნების პროპორციული სისტემის პირობებში საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომლითაც ქალები და მამაკაცები თანაბრად სარგებლობდნენ. ამ კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა, ითვალისწინებდა პოლიტიკური თავშესაფრის უზრუნველყოფას და ეროვნული უმცირესობების დაცვას. მან სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და მართლმსაჯულების აღსრულების მკაცრი ჩარჩოებიც კი განამტკიცა. პროგრესული დემოკრატიისადმი ამ ერთგულებამ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ორიენტირები შექმნა, რომელიც დღემდე მეტად აქტუალურია. საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ დაამკვიდრა. იგი ყველაზე მაღლა აყენებდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, ასევე შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებასა და ბეჭდურ მედიას მოიცავდა. აქ განსაკუთრებით გათვალისწინებული იყო ადამიანის უფლებები. კანონის წინაშე თანასწორობა, სიკვდილით დასჯის გაუქმება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმ დროისთვის, რადგან სხვა ქვეყნებში ასეთი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო, ანუ ეს კონსტიტუცია, ძირითადად, აღიარებდა ყველა იმ მნიშვნელოვან ღირებულებას, რომელიც მაშინდელ ევროპაში არსებობდა. ცალკე თავი ეთმობოდა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს. ეს აიხსნება ალბათ იმით, რომ სოციალ-დემოკრატები იყვნენ მაშინ ქვეყნის სათავეში და კანონით განამტკიცეს საკუთრების უფლება, მცირე მეწარმეების მხარდაჭერა, მოხუცებულთა მხარდაჭერა თუ არასრულწლოვანთა შრომა და ა.შ.
– რაც შეეხება საარჩევნო სისტემას?
– მაშინ განისაზღვრა არჩევნების ჩატარება პროპორციული საარჩევნო სისტემით, რასაც დღეს, ასი წლის შემდეგაც, ვერ მივაღწიეთ. სხვათა შორის, კონსტიტუციამდე, დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა სწორედ პროპორციული სისტემით, რომელშიც 15 პარტია მონაწილეობდა და ოთხმა პარტიამ მიიღო წარმომადგენლობა დამფუძნებელ კრებაში. მათ შორის ხუთი ქალი იყო არჩეული.
– ქალებიც მონაწილეობდნენ პოლიტიკაში?
– დიახ და რაც ყველაზე საინტერესოა, ქალთა საარჩევნო უფლება იყო ისტორიულად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ დროს ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი არ ჰქონდა ანალოგიური კანონი. მაგალითად, აშშ-ში 1920 წლიდან შევიდა ქალთა შესახებ კანონი ძალაში, ხოლო დიდ ბრიტანეთში – 1928-ში. საქართველოში, გარდა იმისა, რომ კონსტიტუციით დაკანონდა, უფრო ადრე, ქალები ავირჩიეთ დამფუძნებელი კრების წევრებად. დამეთანხმეთ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო
– როგორც ცნობილია, პირველი კონსტიტუცია ჩვენს ქალაქში დაიბეჭდა. კონკრეტულად სად და რატომ – ბათუმში?
– რადგან წითელი არმია ჯერ თბილისში შემოვიდა, იმ პერიოდში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ქუთაისშიგადმოვიდა, შემდეგ – ბათუმში. ალბათ 10-17 მარტის პერიოდში, ემიგრაციაში წასვლამდე გადაწყვიტეს კონსტიტუციის დაბეჭდვა, რაც აუცილებელი იყო სუვერენიტეტისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. ანუ 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუცია მიიღო თბილისში, მაგრამ დაბეჭდვა ვერ მოასწრეს. როგორც გამოვიკვლიეთ, კონსტიტუცია დაიბეჭდა ჩვენს ქალაქში, ნესტორ ხვინჯიას კერძო სტამბაში. დღეს ეს არის კოსტავას ქუჩის 13. 2011 წელს ამ ადგილზე გავაკარით კიდეც მემორიალური დაფა. ვფიქრობ, საქართველოს კონსტიტუციის გამოცემის ადგილი – ქ. ბათუმი გაცილებით მეტად უნდა აღნიშნავდეს ამ თარიღს, როგორც ეს ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება. იმედია, ამ მიმართულებით კვლევები გაგრძელდება.
– რამდენჯერ შეიცვალა საქართველოს კონსტიტუცია?
– 1995 წელს მიღებული და დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუცია 35-ჯერ შეიცვალა, ანუ 35 საკონსტიტუციო ცვლილება იქნა მიღებული, ხოლო 2017-2018 წლებში საკონსტიტუციო რეფორმის დროს, კონსტიტუცია ახალი რედაქციით თითქმის სრულიად განახლდა. მიიღეს საქართველოს კონსტიტუციური კანონი ცვლილებების შესახებ, თუმცა სპეციალისტები დამეთნხმებიან, რომ ეს ცვლილება კი არა, არსებითად, ახალი კონსტიტუციაა.
– რა ხარვეზები აქვს ამ ახალ კონსტიტუციას?
– უპირველესად ის, რომ იგი არ არის საყოველთაო შეთანხმების შედეგად მიღებული. კონსტიტუცია თავისი არსით არის გარკვეული სოციალური კონტრაქტი, საზოგადოების შეთანხმება თუ როგორ იცხოვრებს შემდგომში. საქართველოს კონსტიტუცია კი 1995 წლიდან მოყოლებული, არც ერთხელ არ ყოფილა შეთანხმების პროდუქტი. სპეციალისტების განცხადებითაც, თუკი კონსტიტუციის ნებისმიერი ცვლილება არ არის შეთანხმებული საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მის მიმართ პატივისცემაც და ლეგიტიმაციაც ნაკლებია. ეს ხარვეზი იწვევს იმ პრობლემებს, რაც დღეს აქვს საქართველოს. ყველა ხელისუფლების დროს და ახლაც, კონსტიტუციაში ცვლილებები შეაქვს მმართველ პარტიას.
– თუკი ეს პარტია უმრავლესობას წარმოადგენს პარლამენტში?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს, კონსტიტუცია არის იგივე უმრავლესობის, ოპოზიციის და საზოგადოების შეთანხმების შედეგი, რაც ჩვენთან არ ხდება. კონსტიტუცია მუდმივად არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის დაკვეთა, უფრო სწორად იმისი, რომელიც რაღაც მომენტში ხელისუფლებაშია. ასევე მთავარი ხარვეზია საარჩევნო სისტემის კუთხითაც.
– რატომ, ჩვენ ხომ გადავედით დემოკრატიულ, საპარლამენტო მმართველობაზე, ნაწილობრივ – პროპორციულ სისტემაზე?
– კი, მაგრამ მმართველობის ეს ფორმა ვერ იმოქმედებს, თუ არ იქნება შესაბამისი საარჩევნო სისტემა. მთელ ევროპაში, საპარლამენტო მმართველობა გულისხმობს – პარლამენტის არჩევნები ტარდება სამართლიანი, პროპორციული სისტემით იმგვარად, რომ საზოგადოების მცირე თუ დიდი ჯგუფების ინტერესი აისახოს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. როდესაც საარჩევნო სისტემა ერთი, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას (ასე იყო 2012 წლამდე და ასეა დღესაც), ასეთი საარჩევნო სისტემის პირობებში საპარლამენტო მმართველობაზე საუბარი ზედმეტია. ევროპაში პროპორციული საარჩევნო სისტემა იმიტომ არსებობს, რომ ხელისუფლებაში არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია: ორი, სამი ან მეტი. ამიტომ დგება კოალიციური მთავრობები და რამდენიმე პარტია მართავს ქვეყანას.
– ჩვენთან ნაწილობრივ მაინც ხომ შეიცვალა საარჩევნო სისტემა?
– შეიცვალა, მაგრამ მაინც ერთი პარტია დარჩა ხელისუფლებაში და მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი. მსგავსს ვერაფერს ნახავთ ევროპის თითქმის ვერცერთ ქვეყანაში. გამოდის, ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხალხის ინტერესების დემოკრატიულად წარმოდგენას.
– პრონციპში, ოპოზიცია ხომ გავიდა პარლამენტში, უბრალოდ, არ მოისურვეს შესვლა
– გასვლა რას ნიშნავს. . . პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს უმრავლესობის შექმნას რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. სწორედ საარჩევნო სისტემამ უნდა წარმოადგინოს საზოგადოების ინტერესები ისეთივე პროცენტულობით, როგორიც რეალობაშია. კოალიციური მმართველობის მოლოდინი იყო საქართველოში და ოპოზიციამ ხმების საკმაოდ დიდი პროცენტი აიღო კიდეც. საარჩევნო სისტემა პროპორციული და სამრთლიანი რომ ყოფილიყო, მხოლოდ „ქართული ოცნება“ ვერ იქნებოდა ქვეყნის სათავეში, მას მოუწევდა მმართველობის სხვა პარტიებისთვის განაწილება ან ოპოზიციური პარტიები შექმნიდნენ კოალიციურ მთავრობას. იმის თქმა მინდა, მხოლოდ პარლამენტში შესვლა კი არ არის მთავარი, ხელისუფლების განაწილება და კოალიციური მთავრობის შექმნაა დემოკრატიის განვითარების საფუძველი.
– რას ფიქრობთ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე?
– ამ მიმართულებით ჩემი აზრი ცალსახაა, უნდა შეთანხმდნენ პარტიები. იგივე განაცხადა საქართველოში ჩამოსულმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც, რომელიც ხელმძღვანელობს ევროპის ყველაზე მაღალ პოლიტიკურ ორგანოს. მოგეხსენებათ, მთავრობა აცხადებს, რომ უკვე 2024-ში უნდა შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შეთანხმება, კრიზისის განმუხტვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნითაა შესაძლებელი. სხვა გზით პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავძლევთ, ეს გამორიცხულია. სხვათა შორის, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ევროპაში მიღებულია, ეს დემოკრატიის ნაწილია და აქ უჩვეულო არაფერია, როგორც საქართველოში აღიქმება.
– დავუბრუნდეთ კონსტიტუციას, ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გაიხსნა. აჭარაში რა სახის ღონისძიებები იგეგმება ამ მიმართულებით?
– სახელმწიფოს დონეზე არანაირი ღონისძიების დაგეგმვაზე არ მსმენია. მე, როგორც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობას და კონსტიტუციის 100 წლისთავს მივუძღვენი ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია. იგივე თარიღს მიეძღვნა პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციაც ბსუ-ს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სამწუხაროდ, ორივე ღონისძიება ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა, მაგრამ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. იმედი მაქვს, მთელი წლის განმავლობაში ბევრი ღონისძიებით აღინიშნება კონსტიტუციის 100 წლის საიუბილეო თარიღი. ბოლოს მინდა ვთქვა: დასანანია, რომ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენა ვერ მოხერხდა თავის დროზე. დღეს რომ მოქმედი კონსტიტუციის 100 წლის საიუბილეო თარიღს აღვნიშნავდეთ, ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის.

