მაინც ჩინური ვაქცინა?!
ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –
უკვე კარგა ხანია საუბრობენ ვაქცინის შემოტანის ვადებსა და მის ხარისხზე. საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა იმან, რომ აპირებდნენ რუსული ან ჩინური ვაქცინის შემოტანას, რაც დაუშვებლად მიიჩნიეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიის დამარცხება შესაძლებელი გახდება. როგორც მან განაცხადა, ამის ერთადერთი იარაღი ვაქცინაა: „მოგეხსენებათ, ამ ვირუსზე პირდაპირი მოქმედების წამალი არ არის. დღეს მხოლოდ და მხოლოდ არის ის რეგულაციები და შემზღუდავი ღონისძიებები, რაც გამოიყენება და უკვე დაწყებული ვაქცინაცია. ვაქცინა ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის ყველაზე მძლავრი იარაღია. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, სამედიცინო პერსონალმა უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ მაქსიმალურად მაღალი იმუნური ფენა საზოგადოებაში. წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, რაც რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაშინ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დავამარცხებთ“.
გამყრელიძის თქმით, საზოგადოებას ვაქცინაციის შესახებ მხოლოდ სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რაშიც მედიის როლი საკმაოდ დიდია.მან უარყო ბრალდება უხარისხო ვაქცინის შესახებ: „საქართველოში მხოლოდ ის ვაქცინა შემოდის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეკომენდაცია აქვს და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.“ აქვე დაამატა, რომ საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას უნდა დაელოდოს და მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 103 ქვეყნიდან დიდმა უმრავლესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო. საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, თუმცა ამას კრიტიკა მოჰყვა, რაც მთავრობამ გაითვალისწინა:
“მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ, 200-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში, ასე რომ, ყველამ კი არა, ნახევარსაც არ დაუწყია. 103 ქვეყნიდან, დიდმა უმრავლესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო. შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ- ევროპული ვაქცინებით – “ფაიზერით”, “მოდერნათი”, “ასტრაზენეკათი”, ახლა მალე “ჯონსონ&ჯონსონი” დაემატება. რა თქმა უნდა, მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს. არ შეიძლება ასე საუბარი. რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რუსული ნდობასაც არ იმსახურებს და რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია რუსული ვაქცინა. კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია? ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებული ტელევიზიები, პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები, რიგი ექიმები გახსოვთ, როგორ აღშფოთებას გამოთქვამდნენ და კატეგორიულად ამბობდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი ბატონო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ- ევროპულ ვაქცინებს. ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში, ახლა ამას ჩვენ დანაშაულად გვითვლიან – აზერბაიჯანმა, უკრაინამ, თურქეთმა დაიწყო, თქვენ ვერ დაიწყეთო. არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. მათ ჩინური ვაქცინით დაიწყეს, რომელიც თქვენ, ოპოზიციამ უარყავით. ახლა ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან – მეორე. ერთი – საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას დაელოდოს და მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება. მეორე – არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, რუსულს არ ვახსენებ“.