გიორგი არაბული: აუცილებელი პოეზიაში არაფერია, ის თავისუფალია…
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –
პოეტი, რეჟისორი, გიორგი არაბული გაზეთ ,,აჭარის’’ კითხვებს პასუხობს. დასამახსოვრებელი და გამოკვეთილი ხელწერის მქონე პოეტის მუხტი ძლიერია, სათქმელის კონცენტრაცია – მაღალი.
– ვინ არის გიორგი არაბული?
– ეს ჩემთვისაც საინტერესოა, ყოველდღე ამას ვეკითხები საკუთარ თავს და გულწრფელად რომ გითხრათ, არც მაქვს სურვილი, მალე ვიპოვო პასუხი. მხოლოდ ის ვიცი, რომ წერს ლექსებს, სწავლობს თეატრის რეჟისურას და აქვს ფილმის გადაღების სურვილი, რომლის სცენარზეც ახლა მუშაობს.
– რამდენად იჭრება თქვენი პირადი ისტორია (წარმოშობა, ფესვები, ოჯახი) თქვენს ლექსებში?
– რა გარემოშიც გავიზარდე და რა ცნობიერებაც ჩამომიყალიბდა, ის გარემო მკარნახობს იმას, რაზეც ვწერ, სხვანაირად ალბათ, შეუძლებელია. ხევსურეთი და ის ყოფა, სადაც გავიზარდე – სავსეა ამით ჩემი პოეზია და ძალიანაც რომ მოვინდომო, შეუძლებელია მას დავაღწიო თავი.
– როგორ დაახასიათებდით თქვენს შემოქმედებას, სხვისი რომ ყოფილიყო?
– თითქოს რთული და თან მარტივი შეკითხვაა. ის, რასაც ვწერ, ძალიან მაინტერესებს მე თვითონ, სხვაგვარად, ალბათ, არც დავწერდი. . . მით უმეტეს, რომ ჩემს ტექსტებში მუდმივად “კითხვების დასმაა” და არა -“პასუხები”. ერთდროულად მოკეთეც ვარ და მტერიც საკუთარი ტექსტების.
– როგორ თანაარსებობენ თქვენში პოეზია, რეჟისურა, მხატვრობა, ოჯახი, ხევსურეთი. . . ახლავს თუ არა ამას გარკვეული სირთულეები?
– ალბათ ამ კითხვას ასეთი ფორმულით შეიძლება გავცე პასუხი: ის, რაც მაინტერესებს და ვსვამ კითხვებს (პოეზია), მოითხოვს გამოხატვა-გაზიარების ხერხებს (თეატრს), ამ ყველაფერს სჭირდება ფორმა და ფერები (მხატვრობა), სიყვარული და იმედი (ოჯახი), სივრცე, გარემო და განწყობები (ხევსურეთი), სირთულეები კი უფრო საინტერესოს ხდის ამ ყველაფერს.
– თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, რომ ლექსს ჰქონდეს გონება? როგორია მოაზროვნე ლექსი და ვინ წერს დღეს ასეთ ლექსებს?
– ჩემი აზრით, ლექსი ცოცხალი არსებაა, რომელიც დროსთან თანაარსებობს. მის ასაკს კი მისივე ჯანმრთელობა განსაზღვრავს – რამდენად მზადაა იმ სოციუმში იარსებოს და გაძლოს, სადაც იბადება. ზოგი ლექსი გარკვეული დროით იკარგება, იმალება, ბრუნდება. . . მე არ მომწონს ლექსები, სადაც ავტორი ცდილობს რაღაც დაუმტკიცოს მკითხველს, ასწავლოს ან მორალზე ესაუბროს, თუმცა რაღაც დროს შეიძლება გამოსავალიც კი იყოს მკითხველისთვის.
“გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან..” ეს რუსთაველია.
– ფიქრობთ, რომ აუცილებელია პოეზიამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენები და გარემო ასახოს?. . . თქვენს შემთხვევაში როგორაა?
– აუცილებელი პოეზიაში არაფერია, ის თავისუფალია ყოველგვარი აუცილებლობისგან. . . ჩვენ შეგვიძლია რომელიმე პოლიტიკური ნიუსი წავიკითხოთ როგორც ლექსი, ან საინფორმაციო გამოშვება ტელეპოეზიის საღამოდ ჩავთვალოთ. თუმცა იგივეს როცა პოეტი წერს, ჩემთვის საინტერესო არაა. სოციალური პოეზია არსებობს, მაგრამ ის რაღაცით განსხვავებული მაინც უნდა იყოს იმისგან, რასაც ჟურნალისტი სტატიაში წერს. თუმცა, როგორც ვთქვი, აუცილებელი არაფერია და ყველა ავტორი თავისუფალია წერის დროს.
– თქვენი თვალთახედვით, რა არის თანამედროვე სამყაროს მთავარი პრობლემა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენი პლანეტის ბედი ადარდებს და მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა სურთ?
– მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ პლანეტის ბედი თითქმის არავის ადარდებს, ეს, უბრალოდ, პოზაა. პირველ რიგში, ყველას საკუთარი თავი ადარდებს და ყველაფერს აკეთებს თავის გადარჩენისთვის. ყოველ წუთს ადამიანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აზიანებს პლანეტას. სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სოკრატეს, ქრისტეს, ბრუნოს. . . სურდათ, მაგრამ კი ვიცით, როგორ მოექცა მათ “სამყარო”.
– აზროვნების ბიძგი. . .
– გარემო და სოციუმი, ადამიანები და მოვლენები ჩვენ გარშემო, დაუწერელი ზნეობრივი კანონები და ინდივიდუალური მორალი გაძლევს აზროვნების ბიძგს, თუმცა აზროვნება აგრეთვე დამოკიდებულია გამოცდილებასა და მეხსიერებაზე.
– რა არის თქვენთვის აღფრთოვანების წყარო?
– ზოგჯერ “მცირედიც“ კი – განწყობები და ადამიანები, რომლებიც უფრო საინტერესოს ხდიან შენს ყოველდღიურობას. მითოლოგიური თქმულებები და მთლიანად ფოლკლორი, რომელიც კაცობრიობის გამოცდილებაზე გვიყვება, ფილმები, რომელთა ნახვის შემდეგ ბევრი რამ იცვლება შენს ფიქრებსა და შეხედულებებში.
– ბუნებრივია, ცხოვრებაში გარკვეული წინააღმდეგობები გექნებოდათ, რას გაიხსენებთ?
– ალბათ ყოველდღიურობა სავსეა დიდი თუ პატარა წინააღმდეგობებით, რომელთა გადალახვაც გაძლევს სტიმულს, გაკვეთილს და გამოცდილებას. წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ უფრო ემოციის სახით ვიმახსოვრებ მას, ვიდრე, როგორც ფაქტს.
– ახალი რა არის თქვენს შემოქმედებაში ენასა და თემასთან დაკავშირებით?
– ახლა ვწერ ახალ ნაწარმოებს, უფრო განსხვავებული ენითა და ფორმით, ვიდრე აქამდე ვწერდი. რაც შეეხება თემას, ის თითქმის არ იცვლება. . . არის თემები, რომლებიც ყოველი ეპოქისთვის იყო საინტერესო და არასდროს ყოფილა ახალი. ეს არის ამბავი კაცისა, რომელიც საკუთარ თავს ეძებს.
– კმაყოფილი ხართ თუ არა დღემდე დაგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით?
– რა თქმა უნდა, არა და თითქმის არაფერი დამიგროვებია, რადგან რაც უფრო მეტ გამოცდილებას იძენ, უფრო ხვდები, რამდენად გამოუცდელი ხარ და ეს უფრო საინტერესო და მიმზიდველია, ვიდრე უბრალოდ, კმაყოფილება.
– როდის ხართ ხოლმე ბედნიერი და რა არის საჭირო ამ გრძნობისთვის?
– რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს – როდესაც ბედნიერ ადამიანებს ვხედავ. ჩვენი ბედნიერებები ერთმანეთზეა დამოკიდებული. ზუსტად რა არის ამისთვის საჭირო, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რა უშლის ხელს ბედნიერებას.
– ტექსტი, რომელიც არასოდეს გბეზრდებათ. . .
– იოანეს გამოცხადება, ზურაბ კიკნაძის “ქართული მითოლოგია” და ივანე წიკლაურის “რამ დამაბერა”.
– კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს დაუსვამდით?
– რატომ ვცდილობ ამ ინტერვიუში “საინტერესო” პასუხები გაგცეთ?!
– დაბოლოს – ცხოვრების მთავარი წინადადება. . .
– შეიცან თავი შენი.