დავით გაბაიძე: ბოლოსდაბოლოს მიხვდნენ, რომ მათი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდებოდა ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის მოწვევის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა განაახლა. საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კანონმდებლებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აცხადებს, რომ პირველივე სესიაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის ავტორიც სოფლის მეურნეობის სამინისტროა და რომელიც გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით მივიღეთ. გამოვყოფდი კიდევ ორი საბჭოს შექმნის საკითხს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნება გენდერული თანასწორობის და ეთიკის საბჭოები. ხაზს გავუსვამდი გენდერული თანასწორობის საბჭოს. იცით, რომ წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში საბჭომ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა და იმ შემადგენლობას მადლობა მინდა ვუთხრა. იმედი მაქვს, ახალი შემადგენლობით საბჭო გააგრძელებს იმ კურსს, რომელიც ჰქონდა აღებული, – აცხადებს დავით გაბაიძე.
– ბატონო დავით, რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მოგმართეს, თუმცა საკითხზე საკანონმდებლო ორგანოს ამ დრომდე არ უმსჯელია.
– რეგლამენტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადები შეჩერებული იყო, თუმცა ვადები უკვე იწყებს მოქმედებას. აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აქვს არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღე, რომ იმსჯელოს აღნიშნულთან დაკავშირებით. გადამოწმდება ჩვენი კოლეგების ნება და შემდეგ საკითხი უკვე კენჭისყრაზე დადგება. იმის გათვალისწინებით, რომ 18 მარტს ვგეგმავთ მორიგი პლენარული სხდომის ჩატარებას და გვექნება მინისტრის საათი, სადაც მოვუსმენთ ჯანდაცვის მინისტრს, რეგლამენტში არსებული ჩანაწერიდან გამომდინარე, ამ საკითხამდე, სხდომაზე, დიდი ალბათობით, დადგება ჩვენი კოლეგებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამ გადასახედიდან ვერ ვხედავ საფუძველს, რომ გადაწყვეტილება არ მივიღოთ, თუმცა მანამდე კომუნიკაცია გვექნება, მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებმაც უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებები დაწერეს. ასევე, გუნდშიც ვიმსჯელებთ. იმედი მაქვს, პლენარულ სხდომამდე, ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე დადგება, ჩვენს კოლეგებში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს და მათ ვიხილავთ საკანონმდებლო ორგანოში.
– და თუ არ ჩაერთვებიან საკანონმდებლო საქმიანობაში? როგორ ფიქრობთ, ორ კვირაში შესაძლებელი იქნება, ორივე მხარისთვის მისაღები იყოს გადაწყვეტილება?
– გამორიცხული არაფერია. იმედს რომ ვიტოვებ, ოპოზიციის წარმომადგენლები შემოვლენ უმაღლეს საბჭოში, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად შემოვლენ. თუ არ იქნება მათი მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული, საკითხს დავსვამთ კენჭისყრაზე. მანამდე, როგორც გითხარით, გვექნება უმრავლესობის შეხვედრა და გადავწყვეტთ, ინდივიდუალურად მოვიქცევით ისე, როგორც თითოეული ჩვენგანი ვფიქრობთ, თუ გუნდური კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. პირადად ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, არანაირი საფუძველი, რომ მათ უფლებამოსილება არ შევუწყვიტოთ, არც ფორმალური და არც სამართლებრივი, არ გვაქვს. ეს გადაწყვეტილება სამართლებრივთან ერთად პოლიტიკურიც არის და შესაძლებელია, პოლიტიკური გარემოებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მოწოდებები, გავითვალისწინოთ. იცით, რომ რაღაც ტიპის დიალოგი დაწყებულია, აქედან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამ, რომ დეპუტატები დაიკავებენ უმაღლეს საბჭოში თავიანთ ადგილებს, საიდანაც გაახმოვანებენ იმ ამომრჩევლის პოზიციას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს. თუ კიდევ იქნება საჭირო რაღაც პერიოდი, სტატუსკვო შევინარჩუნოთ, შესაძლებელია ამაზეც წავიდეთ.
– გქონდათ თუ არა მათთან კომუნიკაცია?
– საჯაროდ არაერთხელ მოვუწოდე და მზად ვიყავი, მესაუბრა მათთან, თუ როგორ ხედავდნენ უმაღლესი საბჭოს საქმიანობას. რაც შეეხება საკითხებს, რასაც ისინი ითხოვენ, არ შედის არც უმაღლესი საბჭოს და არც აჭარის მთავრობის კომპეტენციაში. ამას ისიც მოწმობს, რომ მთავრობის სახლის წინ „თავისუფლების კვარტალი“ აღარ არსებობს. ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მათი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდებოდა ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. ასეა ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა გადაწყვეტილი. ამას ვამბობდი და ვიმეორებ კიდეც, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებულ იმ საკითხებზე, რომლებიც ამავდროულად არის უმაღლესი საბჭოს და მისი თავმჯდომარის კომპეტენცია. დანარჩენ შემთხვევაში, როცა მე არ ვარ მოთხოვნების ადრესატი, დიალოგში ვერ შევალ ვერცერთ დაინტერესებულ მხარესთან.
– წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოშიც ოპოზიცია მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იყო. . .
– შეჩვეული ვარ მათ გარეშე მუშაობას. ისინი ფორმალურად ირიცხებოდნენ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში და პრაქტიკულად, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ვერ ვიხსენებ თუნდაც ელემენტარულ, ფორმალურ ან ტექნიკურ საკითხს, რომელსაც მხარი დაუჭირეს. მუდმივად იყვნენ დესტრუქციულ რეჟიმში და ასე რჩებიან დღემდე.

