დასავლეთის ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში და შეთანხმების მოლოდინი…
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
საქართველოს უმთავრესი მიზანი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებასთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, ასევე – არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებაც, ცხადია, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული, და ამ საკითხების მოუგვარებლობის გამო ხელისუფლებას, რაოდენი სურვილიც უნდა გქონდეს, ვერ გააკრიტიკებ. სამაგიეროდ, სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და სწორედ ამ კუთხით არსებობს კითხვები ხელისუფლების მისამართით, მათ შორის დასავლეთში. ცხადია. რჩევები და შენიშვნები მათი მხრიდან არ უნდა იყოს გასაკვირი, მით უფრო ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე. . . ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ. რომ ამჟამად საქართველოში რთული ვითარებაა, ჯერჯერობით მხარეები (ოპოზიცია და ხელისუფლება) ვერ თანხმდებიან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხებში. ქვეყნის იმიჯს ეს მრავალმხრივ აზარალებს, თუმცა სასიხარულოა, რომ ამ მხრივ გარკვეულწილად, ყინული დაიძრა, რაც სწორედაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევით მოხდა. ის სტუმრობდა საქართველოს და როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, დაპირისპირებულთა შორის შეხვედრა შედგა. როგორ დასრულლება მათ შორის მორიგი შეხვედრა, ძნელია თქმა, რადგან პოლიტიკური აქტორები ვერ თანხმდებიან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ასე გრძელდება თვიდან თვემდე, რაც აზარალებს საქართველოს იმიჯს დასავლეთში. პარლამენტი ერთპარტიულია, არჩევნების შედეგებს პერმანენტული აქციებით აპროტესტებენ. . ., ყოფილი პრემიერის გადადგომამ და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ დასავლეთში ბევრი კითხვები წარმოშვა, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამ მხრივ გამონაკლისი არ იარსებებს, ასე თუ ისე, ერთი რამ ცხადია, საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია და თუ მხარეები ურთიერთშეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შესაძლოა ქვეყანაში არასასურველი მოვლენები განვითარდეს, რაც რუსეთის ინტერესებშია.
მკითხველს მოკლედ შევახსენებ, რომ გასული საუკუნის 90 – იან წლებში (1991-92) სწორედ ქართველთა ურთიერთდაპირისპირებამ განაპირობა ქვეყნის აოხრება, მაშინ დასავლეთი პასიური იყო საქართველოს მიმართ, რითიც კარგად ისარგებლა რუსეთმა და აფხაზეთის ოკუპაცია განახორციელა. . . ანალოგიური და უფრო უარესი რომ არ მოხდეს, ამიტომ ჩაერთო დასავლეთი, კერძოდ, ევროკავშირი საქართველოს საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში. როგორ გადაწყვეტს ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხებს (რიგგარეშე არჩევნებს, ნიკა მელიას საქმეს, და ა. შ.) ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს დაახლოებას დასავლეთთან, ანუ გაერთიანებას ნატოსა და ევროკავშირში, ამ მხრივ უნდა ითქვას, დასავლეთის პოლიტიკური ელიტა დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათთვის ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანია მრავალი ფაქტორების გამო. ამიტომ, როგორც ვთქვით, მათი რჩევები და დროდადრო კრიტიკა, სწორედ საქართველოს კეთილდღეობისთვისაა გათვლილი. ქართული საზოგადოება ერთ საკითხში უნდა შეთანხმდეს – ევროპა და, ზოგადად, დასავლეთი საქართველოსადმი კეთილადაა განწყობილი. ამის თქმის საფუძველს იძლევა თუნდაც ის, რომ დასავლეთმა ჩვენს ქვეყანას არა მარტო პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირსა და ნატოში გასაერთიანებლად, არამედ ეკონომიკური და ფინანსური დახმარებაც გაუწია. ამ მხრივ აშშ-ის ცალკეული კონგრესმენების და ევროპარლამენტარების გზავნილები სწორედ საქართველოს დემოკრატიულობის განმტკიცებისთვისაა გამიზნული. ყოველ შემთხვევაში, ასეთ მოსაზრებას ავითარებენ ამ გზავნილების ადრესატები. ისიც ცხადია, რომ გზა ევროკავშირსა და ნატოსკენ წარმატებული ქვეყნის ხვედრია და თუ ამ გზით ვივლით, არც პროგრესულ ქვეყანათა მხარდაჭერა და თანადგომა მოგვაკლდება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ დასავლეთი დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და კანონის დაცვის მხოლოდ დაპირებებს დიდხანს არ შეეგუება, ისინი, როგორც ჩანს, გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამ მიზნით შუამავლის როლის შესრულებას კისრულობენ მხარეებს ( ხელისუფლება, ოპოზიცია) შორის, რომ ბოლოსდაბოლოს მხარეებმა ურთიერთშეთანხმებას მიაღწიონ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ, ანუ მოხდება თუ არა შეთანხმება მხარეებს შორის და რატომ ჩაერთო ასე აქტიურად დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში? როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან. თუმცა არის კომპრომისული ვარიანტიც – არჩევნების 2022 წელს ჩატარება, რაც დასავლეთისვის ნორმაა, პოლიტიკური კრიზისები სწორედ არჩევნებით განიმუხტება, როგორც ჩანს, სწორედ ამის ახსნას ცდილობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ისიც უდავოა, რომ ამჟამად ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური გარემოა, რომ აღარაფერი ვთქვათ, არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე პერმანენტული აქციები არასტაბილურ გარემოს კიდევ უფრო ამძიმებს, რასაც ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, სამაგიეროდ, დასავლეთმა, მოგვიანებით, მაგრამ მაინც გააცნობიერა საქართველოში შექმნილი ვითარება და კონკრეტული გეგმებიც დასახა, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი სწორედ
ამას ცხადყოფს, მან, როგორც ვთქვით, მოახერხა და მხარეები ერთურთს შეახვედრა, როგორც გაცხადდა, მომდევნო შეხვედრა ამ დღეებში გაიმართება, რაც მისასალმებელია.
ისმის კითხვა, რატომ ჩაერთო დასავლეთი საქართველოს საქმეებში ასე აქტიურად? თავიდათავი ის არის, რომ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის რეალური მოკავშირე საქართველოა, როგრც ცნობილია, კრემლმა განიმტკიცა პოზიციები სომხეთსა და აზერბაიჯანში, ყარაბაღში თავისი ჯარი განალაგა და ამით გარკვეულწილად, ამ ორ ქვეყანაზე ზეგავლენის საშუალება გაიორმაგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასია, ფაქტობრივად, ალყაში მოაქცია. და ამ მხრივ თუ საქართველო პრობლემათა ნიაღვარში ჩაეფლობა, ანუ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არ დამყარდება, ჩვენი ქვეყანა, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდება. ამ მხრივ, საფოთხე ნამდვილად არ ემუქრებათ ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს. მაგალითად, ესტონთში რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, მას ლატვია, ან ლიეტუვა თავს არ დაესხმება. არც ბელგიას ემუქრება საფრთხე ნიდერლანდებისგან, ჩვენ მაგალითი დასავლური ქვეყნებისგან უნდა ავიოთ, ანუ ისინი შეთანხმებულნი არიან უმთავრეს რამეში – მნიშვნელოვან საკითხებს არა ერთპიროვნულად, არამედ ფართო დისკუსიის, ანდა რეფერენდუმის მეშვეობით წყვეტენ, სხვათა შორის, თუ დავაკვირდებით, ევროპაში, ძირითადად, მთავრობები კოალიციურია და ეს სულაც არ უქმნის მათ პრობლემებს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპაში საზოგადოების ყველა ფენის ინტერესები გათვალისწინებულია. მათ ინტერესებს გავლენიანი პარტიები ატარებენ, ჩვენთან ამ კუთხით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. . . სწორედ ამის ახნას და გაანალიზებას ურჩევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წევრებს. ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, ზემოთქმულს ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერ აცნობიერებს, სწორედ ამის შესახებ საუბრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. ” ასეთი სუსტი ხელისუფლება არ ყოფილა არასდროს, ასევე ოპოზიციაც არ ყოფილა ასეთი სუსტი, როგორც დღესაა” . სხვათა შორის, ექპერტები როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ახალი სახეების გამოჩენას , და ძველი გვარდიის უკანა პლანზე დგომას ურჩევენ, მაგალითად, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, აჯობებს ( იგულისხმა ბოკერია, ბურჯანაძე, ნათელაშვილი. . . .) ძველმა გვარდიამ გზა ახალ სახეებს დაუთმოს პოლიტიკაშიო, რითიც ზოგიერთი პლლიტიკოსი გაანაწყენა, ხომ ცნობილია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები გარკვეულწილად ბრეჟნევის სინდრომით არიან დაავადებულნი, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში თითქმის ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ, თუმცა ბოლო დროს გამოჩნდა ახალი სახეები როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციურ, ფლანგზეც, და რაც უფრო მეტი ახალი სახე და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი იქნება ქართულ პოლიტიკაში, მით უფრო შესაძლებელი გახდება ქვეყნისთვის პრობლემური საკითხების მოგვარება. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის უნდა იღვწოდენენ ჩვენი პოლიტიკოსები, სწორედ ამისკენ მოგვიწოდობენ დასავლელი პარტნიორები. ამ მხრივ, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი გადანაწილებ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოს საკითხი, თუნდაც მიზერულად მაინც, წამოვჭრათ ხოლმე გლობალურ პოლიტიკაში, ანუ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები უნდა გავატაროთ. ჩვენი დასავლური კურსი მაშინ გახდება შეუქცევადი და წარმატებული, როცა ჩვენ, მინიმუმ, გვექნება მოწესრიგებული საშინაო პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიძნელებს გზას დასავლეთთან დასაახლოებლად. მოკლედ, საშინაო პოლიტიკა სარკეა, რომელშიც ნათლად ჩანს, ვინ ვართ, საით მივდივართ და რა პოტენციალი გვაქვს.