მალე საქართველოში ტარიელ ფუტკარაძის საზოგადოება დაფუძნდება
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
წუთისოფელში თითოეული მოკვდავის ვალია, თავადაც ცოცხლობდეს და სხვებსაც აცოცხლებდეს. ცოცხლობდა ცნობილი ქართველოლოგი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე და სხვებსაც აცოცხლებდა. მისი მოღვაწეობა სიყვარულით იყო გამთბარი. არაერთი სამეცნიერო ექსპედიციის ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა, აჭარა, მისი მშობლიური შუახევი, ფერეიდანი, იმერხევი, ტაო და კლარჯეთი სხვებს გააცნო და შეაყვარა.
შარშან, 9 მაისს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. . . 61-ს ვეღარ მოესწრო, სამუდამო სასუფეველში გადაინაცვლა. მთელმა ქვეყანამ დაიტირა დაუოკებელი ენერგიის მქონე მეცნიერი, ეროვნული ადათ-წესების დამცველი, ქართული ენის დიდი მეციხოვნე. ერმა, მადლიერმა საზოგადოებამ უდიდესი პატივი მიაგო და მახათას მთაზე მუდმივი განსასვენებელი მიუჩინა.
ტარიელ ფუტკარაძემ დიდ წამოწყებებს, საქმეებს დაუდო სათავე, გასაკეთებელიც მრავალი დარჩა, რომელსაც მისი თაობის საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები მეცნიერები გააგრძელებენ, ის უმცროსი თაობაც, რომლის უდიდესი დამკვალიანებელი იყო. ამის დასტური იყო ის ონლაინშეხვედრა, რომელიც ტარიელ ფუტკარაძის უახლოესი მეგობრის, გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ინიციატივით გაიმართა. იგი ტარიელ ფუტკარაძის საზოგადოების დაფუძნებას ეძღვნებოდა.
ღონისძიების ორგანიზატორმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა როლანდ კოპალიანმა, ფოტოხელოვანმა გიორგი ჩანადირმა, პროფესორებმა სერგო ვარდოსანიძემ, მერაბ ბერიძემ, დავით შავიანიძემ, ალიოშა ბაკურიძემ, ტარიელის თანარაიონელმა, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრმა ოთარ ცინარიძემ, ტარიელ ფუტკარაძის ქალიშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნათია ფუტკარაძემ, ძმამ, ექიმმა ავთანდილ ფუტკარაძემ და სხვებმა მის მეცნიერულ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრეს. გამორჩეულად ილაპარაკეს მის ღვაწლზე ფერეიდნელი ქართველების მშობლიურ ფესვებთან დაახლოებაში.
გამოითქვა სურვილი, შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ყველა საჭირო მასალას თავს მოუყრის, რათა ტარიელ ფუტკარაძის დაბადების დღეს – 9 მაისს მისი სახელობის საზოგადოება დაფუძნდეს.

