„ქედა აჭარის რეგიონში მეღვინეობის ცენტრია“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
გაზეთ „აჭარასთან“ საუბრობს ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, რომელიც ამჯერად, გვიამბობს თუ რა ხდება ქედაში ტყის დაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების და კულტურის კუთხით. საინტერესოა, რომ აჭარაში თავისი ღვინით ცნობილი მუნიციპალიტეტი, უკვე გადის საერთაშორისო მასშტაბის ბაზარზე და კიდევ უფრო მეტი პროდუქციის დამზადებას გეგმავს.
– დავიწყოთ ქედის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობით – რა პრიორიტეტები გააჩნია ქედას ამ კუთხით?
– ქედის მუნიციპალიტეტი აჭარისწყლის შუა წელში მდებარეობს, ფართობი შეადგენს 452 კვ.მ-ს, რეგისტრირებული მოსახლეობაა 21 ათასი, ხოლო ადგილზე მცხოვრები – 16 ათასი. ძირითადად, შიდა მიგრაციასთან გვაქვს საქმე, ზოგი ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქსა და სოფელშია დასაქმებული, ასევე, საზღვარგარეთაც, თუმცა მთის შეღავათების კანონმა არაერთი ოჯახი დააბრუნა სოფლად და ადგილზე მეწარმეობას მიჰყო ხელი.
– აქედან რა ფართობზეა ტყე, როგორ მოიპოვებთ შეშას თუ მერქანს?
– ფართობის 77% ტყითაა დაფარული. მის მოხმარებას კურაციას უწევს სატყეო დეპარტამენტი. მუნიციპალიტეტი ერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას სჭირდება რამე მასალა. გვაქვს გარკვეული კვოტა, რამდენი კუბური მეტრის, რომელი ხის მასალის მოჭრა შეიძლება. ვთხოვთ შუამდგომლობას სატყეოს, რათა გამოგვიყოს ადგილი, სადაც დავამზადებთ ხე-ტყეს. ჩვენთან, ძირითადად, წაბლის და წიფლის მერქანია, წიწვოვნები ნაკლებადაა, აუცილებლობის შემთხვევაში, გვეხმარება ხულო-შუახევის მუნიციპალიტეტებიც. რაც შეეხება შეშას, გამოყოფილია ტყეკაფები, რომლებსაც ნომრავს სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლობა და ნუმერაციის მიხედვით მოიპოვებს მოსახლეობა კუთვნილ შეშას. პერსპექტივაშია, რომ თავად სახელმწიფო სტრუქტურებმა დაამზადონ საშეშე და სამასალე ხე-ტყე, დაასაწყობონ და მოსახლეობა შეიძენს რამდენიც დასჭირდება. კარგი იქნება, თუ ასე მოხერხდება. მთავარია, რომ ტყის დოკუმენტი მიღებულია და მალე სრულიად შეიცვლება მისი მოხმარების, მკურნალობის თუ განახლების სქემები.
– რა ეტაპზეა გაზიფიცირების სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტში?
– ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაც ტყესაც დაზოგავს და უფრო კომფორტულს გახდის ქედაში ცხოვრებას. მთლიანი მაგისტრალი ხელვაჩაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე გაყვანილია. ორივე მხრიდან შემოედინება გაზი – როგორც ბათუმიდან, ისე ადიგენიდან. რაც მთავარია, უსაფრთხო და პერსპექტიული პროექტია. გარკვეულ დონეზე მილები დაქსელილია სოფლებშიც. მალე დასრულდება სამუშაოები ქედის მიმდებარე სოფლებსა და დაბის ცენტრში. უკვე 2022 წლის ბოლოს ქედა მთლიანად იქნება გაზიფიცირებული.
გვაქვს ენერგოეფექტური საშუალებების გამოყენების პროექტები, რაც გულისხმობს შენობების შეფუთვას და ენერგოეფექტური გამათბობლების დამონტაჟებას სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში. ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებიც გვეხმარება, ასე რომ, წინსვლა ნამდვილად გვაქვს.
– სოფლის მეურნეობის კუთხით რა პროცესები მიმდინარეობს?
– ამ მიმართულებით, უპირატესად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს და ჩვენი ადმინისტრაცია მხოლოდ ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. ვმონაწილეობთ მათ პროექტებში, როდესაც აუცილებელია ჩვენი და ჩვენი რწმუნებულების ჩართულობა მოსახლეობასთან შესახვედრად და საბოლოო შედეგის მისაღებად. თუმცა ჩვენც გვაქვს მცირებიუჯეტიანი, მაგრამ საკმაოდ საჭირო და ეფექტური პროექტები, რომლებმაც კარგად იმუშავა. ვგულისხმობ საზაფხულო საძოვრებზე მოსახლეობის მონახულებას, საჩუქრების თუ აუცილებელი ნივთების გადაცემას, სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის უზრუნველყოფის მიზნით. გვაქვს. ასევე, პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გადაადგილებაში ანუ მთაში გადაბარგებაში ვეხმარებით მოსახლეობას, ტრანსპორტირების დაფინანსებით. ხელშეკრულების საფუძველზე მთაში უფასო მიმოსვლასაც ვაწესრიგებთ. ვმონაწილეობთ პირუტყვის უფასო აცრების პროგრამაში. ძირითადს, რა თქმა უნდა, ცენტრალური უწყებები აკეთებენ, მაგრამ თუ ამ კუთხით დამატებითი მომსახურება დასჭირდება ფერმერს, მაშინ გამოვყოფთ თანხას.
– რაც შეეხება ღვინის ფესტივალს?
– ვაწყობთ ღვინის ფესტივალს, პოპულარიზაციას ვუწევთ ქედის ღვინოს და ყურძენს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით, ქედა არის რეგიონში მეღვინეობის ცენტრი. მართალია, აჭარა მცირემიწიანი რეგიონია და შეუძლებელია ღვინის წარმოების დიდი მასშტაბები, მაგრამ ისეთი ჯიშები გვაქვს და იმ ხარისხის ყურძენი მოდის, რაც დანარჩენ საქართველოში არსადაა. ამ ბოლო დროს, „ჩხავერი“ გახდა ერთ-ერთი ბრენდული ღვინო, რომლის ერთი ლიტრა რამდენიმე ათეული ლარი ღირს შესაბამის ბაზრებზე. ქედის ცოლიკაურიც გამოირჩევა როგორც ხარისხით, ასევე ფასით. ცნობილი სომალიეები მას მაღალ შეფასებას აძლევენ. მევენახეობის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აქ უკვე არსებობს სანერგეები, სადაც ახარებენ მაღალი ხარისხის ნერგებს, რომელსაც თანადაფინანსებით ურიგებენ ფერმერებს და აძლევენ რჩევა-დარიგებებს, როგორ გაახარონ, მოუარონ და რა ტექნოლოგიებით დააყენონ ღვინო, კონკურენტუნარიანი, ძვირად ღირებული პროდუქტი რომ მიიღონ. სამინისტრო დაინტერესებულთ ღირებულების 70-80%-ს უფინანსებს, დანარჩენი 20% თავად ფერმერმა უნდა გაიღოს.
– ვეტერინარული კლინიკა თუ ამოქმედდა?
– მშენებლობა დასრულდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა. მალე დაიწყებს ფუნქციონირებას კლინიკაც და ვეტაფთიაქიც, მსურველთ შეუძლიათ მიიღონ იქ შესაბამისი მომსახურება, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალი სერვისია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
– განვითარებულია თუ არა მეთევზეობა? როგორც ცნობილია, ქედაში ბლომად იყო საკალმახე მეურნეობა, ხოლო თქვენი მდინარის თევზი, მართლაც, უგემრიელესია. . .
– ადრე უფრო იყო მეთევზეობა განვითარებული, ვიდრე ახლა, რაც განაპირობა მცდარმა მენეჯმენტმა. ახლა ისევ იკიდებს ჩვენში ეს დარგი ფეხს. მინდა აღვნიშნო, რომ ამაში ძალიან გვეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც გახსნეს ქედის სალიფსიტე მეურნეობა გამოცდილი იხტიოლოგების კურირებით. იმედი მაქვს, მალე აღსდგება მეთევზეობა და წარმატებული, სარფიანი დარგი გახდება.
– მეფუტკრეობის შესახებაც არაერთხელ იყო საუბარი. . .
– მეფუტკრეობას ჩვენთან დიდი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით, თაფლის მოპოვების სტანდარტებს. ბევრი უკვე მუშაობს ამ სტანდარტებით. დონორული დაფინანსებით რამდენიმე ფუტკრის სახლიც კი გაიხსნა. განსაკუთრებით მოსწონთ ჯარას თაფლი. ჯარა არის სკა, რომელიც ხეზე იდგმება. უცხოეთში მოთხოვნა დიდია ჩვენს თაფლზე. ღვინის ფესტივალებზე ამ პროდუქტის პოპულარიზაციასაც ვეწევით სოფლის სხვა ნობათთან ერთად. ქედაში საკმაოდ რბილი ჰავაა, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის მოყვანას, მოსავალიც კარგი გვაქვს და გაყიდვასაც სარფიანად ვახერხებთ, რაც ჩვენს მოსახლეობას კარგ შემოსავალს აძლევს.
– როგორ შეხვდით ეპიდემიის პირობებში ახალ სასწავლო წელს, მოსწავლეებს მოწესრიგებული დახვდათ თუ არა სკოლები?
– სკოლები ჯერ კიდევ სექტემბრიდან მოეწყო ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამ პროცესს აჭარის განათლების სამინისტრო კურირებდა. ყველგან მოწესრიგდა სველი წესრტილები, დაიგო დეზობარიერები, მერხები დაიდგა დისტანცირებით და ა.შ. ამ მხრივ, პრობლემა არ გვქონია. აგრეთვე, პირველ მარტს გაიხსნა ბავშვთა ბაღები. ეს უკვე პირადად ჩვენი კურაციის სფეროა და ყველაფერი მოვაგვარეთ. ჩავატარეთ სავალდებულო ტესტირებები და სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ არსად დაფიქსირებულა ვირუსი, არც ბავშვებში, არც მასწავლებლებსა თუ ბაღის მთელ პერსონალში.
– ბათუმში ბავშვთა ბაღების დეფიციტია, ქედაში როგორ არის საქმე?
– ჩვენ არ გვაქვს ამ კუთხით დეფიციტი. ბავშვთა ბაღებში ადგილები საკმარისადაა, 15 ბაღი გვაქვს. ბოლო წლებში ორნახევარჯერ გაიზარდა ბავშვთა რაოდენობა. სამომავლოდ, თუკი ავაშენებთ ახალ ბაღებს, შევეცდებით უფრო მაღალმთიანი სოფლები მოვიცვათ, რადგან იქაურ მცხოვრებთ ნაკლებად აქვთ წვდომა ცეტრთან, ბავშვებისთვის კი აუცილებელია სკოლამდელი განათლება.
– პედაგოგების დეფიციტს ხომ არ განიცდით?
– არა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრი პედაგოგი გავიდა სკოლიდან პენსიაზე. ჩვენთან მოქმედებს მთის კანონი და პედაგოგთა ხელფასები საკმაოდ მაღალია, სწორედ ამის დამსახურებით, სპეციალისტების ნაკლებობას არ ვუჩივით. ასევე ვცდილობთ, არაფორმალურ განათლებაში ჩავრთოთ მოსახლეობა, ანუ ტრენინგების და კურსების მეშვეობით მივცეთ დაინტერესებულთ პროფესიული განათლება.
– გინდათ თქვათ, რომ მოსახლეობის განათლების საერთო დონე დაბალია?
– არა, რას ამბობთ! შეიძლება ითქვას, საჭიროზე გაცილებით მაღალია. უმაღლესის დიპლომი ბევრს აქვს, ადრე ხომ აუცილებლად ითვლებოდა უნივერსიტეტში ჩაბარება, მაგრამ ამ ეტაპზე, მეტი ვაკანსიაა რიგითი პროფესიების კუთხით, რადგან ცოტაა კარგი სპეციალისტი. ამ მიზნით გავხსენით ელექტრონული წიგნიერების ცენტრი. რომელიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ სხვადასხვა უნარჩვევას. ასევე „ბლექსი“ აპირებს კოლეჯის გახსნას. უკვე გამოვყავით ფართი. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობა დავაინტერესოთ არაფორმალური განათლებით, რათა უპრობლემოდ მოხერხდეს მათი დასაქმება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კოლეჯის ადმინისტრაციასთან დავაყენეთ საკითხი, შეასწავლონ ახალგაზრდებს ღვინის დაყენების ტექნოლოგიები, მევენახეობა. მართალია, ჩვენთან ოდითგანვე იყო განვითარებული მეღვინეობა და ღვინის დაყენებაც კარგად იციან, მაგრამ ახლა ევროპულ ტექნოლოგიებს ენიჭება უპირატესობა, რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ჩვენი ღვინის უცხოეთის ბაზრებზე გატანა. მოვითხოვეთ, ასევე, ასწავლონ გაზის გაყვანა, დამონტაჟება და სხვა, რათა გაზიფიცირების პროცესში ადგილობრივმა კადრებმა შეძლონ ჩართვა. ეს გარკვეულწილად მოხსნის დასაქმების პრობლემასაც და დააჩქარებს გაზიფიცირების სამუშაოებს, რომლებიც ხშირად კადრების დეფიციტის გამო, ფერხდება.
– სკოლაპანსიონი თუ შენდება?
– სკოლაპანსიონი გახსნილია მერისში. ეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სფეროა. ჩვენი მუნიციპალიტეტი კი ამჯერად უფრო არაფორმალური განათლების მიწოდებაზე ზრუნავს.
– ტურიზმის განვითარების პერსპექტივები რამდენად გაქვთ?
– ამ მიმართულებითაც გვაქვს წინსვლა. ჯერ კიდევ შარშან გავხსენით ქედის ტურისტული განვითარების ცენტრი, რომელმაც უკვე რამდენიმე გრანტი მოიპოვა, რის შედეგადაც შენდება ტურისტული ობიექტები. მათ შორის საინტერესო და ძალიან პერსპექტიულია კარვების ქალაქი თავისი სველი წერტილებით და საველე სამზარეულოთი. ძირითადად, გრანტით ფინანსდება, თუმცა მუნიციპალიტეტსაც შეაქვს წილი თანადაფინანსებაში.
– რა მდგომარეობაშია კულტურის და სპორტის სფეროები კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო?
– რა გითხრათ, კარგად იცით, რა სახის რეგულაციები მოქმედებდა და ამ შეზღუდვების გამო ვერ ხერხდებოდა ვერც სპორტული შეჯიბრებების და ვერც კონცერტების ჩატარება. ამის მიუხედავად, მინდა დავაფიქსირო, რომ საკმაოდ ბევრი ჩემპიონი გვყავს სპორტის სხადასხვა სახეობაში, რაც საამაყოა ქედელებისთვის. კარგად მუშაობს ჭიდაობისა და საჭადრაკო სკოლები. ყველამ იცის ჩვენი სოფლის სკოლის გოგონათა ჯგუფის წარმატების შესახებ – ისინი მალტაში მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს სახელით გამოდიოდნენ. თუ ნებას მომცემთ, ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ და გიამბობთ ამ გოგონების ამბავს. მათი მწვრთნელი მოჭიდავეა. კორესპონდენტმა ჰკითხა, ბატონო იოსებ, თქვენ მოჭიდავე ხართ და ასე წარმატებულად როგორ ასწავლეთ თქვენს მოსწავლეებს მაგიდის ჩოგბურთიო. იოსებიც არ დაიბნა და უპასუხა: ჩვენ ისეთი ხალხი ვართ ქედაში, რაც მაგიდას უკავშირდება, ყველაფერი კარგად ვიცითო. კულტურასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, საკმაოდ კარგ პროექტს ვახორციელებთ – კაპიტალურ რემონტს ვუტარებთ კულტურის სახლს. საპროექტო თანხა მილიონ 700 ათასი ლარია. ამას სპონსორი აკეთებს და იმედი მაქვს, სხვებიც ჩაერთვებიან პროექტის წარმატებით განხორციელებაში. უკვე გარემონტდა სცენა, გადაიხურა შენობა და თუ რამემ არ შეგვიშალა ხელი, მალე განახლებული კულტურის სახლი ექნება ქედას, სადაც პატარები თუ ახალგაზრდები დაეუფლებიან ხელოვნების სხვადასხვა დარგს. ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ფოლკლორული ანსამბლები, კოვიდ-შეზღუდვების მიუხედავად, ძალიან კარგ ფორმაში არიან. ისინი დღესაც მზად არიან, ნებისმიერ კონკურსსა თუ კონცერტზე წარმატებით გამოვიდნენ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მათ ფესტივალზე გრან-პრი ან საპრიზო ადგილი მაინც, არ მოეპოვებინოთ. ჩაწერილი აქვთ დისკები. მიხარია, რომ ამ ანსამბლებში გაერთიანებულნი არიან როგორც ბავშვები, ისე ახალგაზრდები და ხანდაზმულები. ხელოვნება ჩვენთან ყველას იზიდავს.
– სამომავლო გეგმები?
– მომავალ არჩევნებამდე ვიმუშავებთ ჩვეულ რეჟიმში, შემდეგ კი ვისაც აირჩევენ, გაეცნობა ქედის განვითარების სტრატეგიას, რომელიც შემუშავებულია და იმედი მაქვს, გაამართლებს მოსახლეობის ნდობას.

