„ჩემთვის შვილები უძვირფასესი საჩუქარია“
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ელისაბედ მელაძე ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, ლამზირა და ავთანდილ მელაძეების ოჯახშია გაზრდილი.
– ოჯახში ოთხი გოგონა ვიზრდებოდით. მშობლებმა თავის დროზე ყველაფერი გააკეთეს, რომ ყველას უმაღლესი განათლება მიგვეღო. ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლაში 10 კლასი დავამთავრე. მომდევნო ორი წელიწადი დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ვისწავლე, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ელისაბედმა.
ხულოს საჯარო სკოლის სრული კურსის დამთავრების შემდეგ სწავლა საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა აბუსერისძე ტბელის სასწავლო უნივერსიტეტში გააგრძელა. ამ არჩევანს გარკვეული წინაპირობაც ჰქონდა. დაბა ხულოში საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხულოს წმიდა აბუსერისძე ტბელის სახელობის სკოლა ერთმანეთის ახლოსაა. მოსწავლეები ერთად ესწრებოდნენ საღვთო და საერო ღონისძიებებს, რომელიც ხან ერთ, ხან მეორე სკოლაში იმართებოდა. ელისაბედი, მრავალი თანატოლის მსგავსად, ხულოს ცენტრში არსებულ მართლმადიდებლურ ტაძარში ლოცვაზე დასასწრებადაც ნახულობდა დროს, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის ქადაგებებს გულისყურით ისმენდა და იმახსოვრებდა.
2013 წელს სტუდენტი გახდა.
– სტუდენტური ცხოვრება მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა. პროფესორ-მასწავლებლები, ღვთისმსახურები ურთიერთპატივისცემას, მეგობრობას გვასწავლიდნენ, ქრისტესმიერი სიყვარულით გვასაზრდოებდნენ. ხიჭაურის უნივერსიტეტი დარჩება იმ ცოდნის ტაძრად, რომელმაც მე და ასეულობით ჩემს თანატოლს, აჭარისა და ქვეყნის სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან სასწავლებლად ჩამოსულებს, დიპლომთან ერთად აჭარლებისთვის ცეცხლითა და მახვილით წართმეული მრწამსის სიყვარული გამოგვაყოლა, – გვითხრა ელისაბედმა.
სტუდენტობის წლებში გაიცნეს ერთმანეთი ელისაბედ მელაძემ და ჯალაბაშვილებელმა იოანე ჩხუბაძემ. მათი სიყვარული 2015 წელს ქორწილით დაგვირგვინდა. იოანეც გამრჯე, ერისა და ქვეყნის მოჭირნახულე მშობლების შვილია. ჩხუბაძეების კერაზეც ოთხი შვილი გაიზარდა – ორი ძმა და ორი და.
ქორწინებიდან ერთი წლის თავზე, ჩხუბაძეების ოჯახში ვაჟი დაიბადა. მეგობარი ღვთისმსახურის პატივსაცემად, დიაკვანმა იოანემ შვილს გაბრიელი დაარქვა. იმ წელს სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა იოანე მღვდლად აკურთხა.
ელისაბედმა ოჯახს სამსახურიც შეუთავსა. შუახევის „სოციალური სერვისების ცენტრში“ დაიწყო მუშაობა. უკვე ორი წელია, იქ საქმიანობს. მისი მუშაობის დაწყებას იოანეს დეკანოზის ხარისხში ამაღლება, დამშვენებული ჯვრის ტარება დაემთხვა. მთავარი სიახლე მაინც გასული წლის 27 ოქტომბერს იყო – ელისაბედმა ტყუპი – გოგონა და ვაჟი გააჩინა, სიდონია და ნიკოლოზი კალთაში ჩაიგორა.
– უფლის ნება თუ იქნება, 9 შვილი უნდა გავაჩინო, ნაბოლარას მელაძის გვარი უნდა ვაჩუქო. მსურს მამისეულ კერაზე ის დარჩეს და ჩემი მშობლების გვარი ატაროს. ჩემთვის შვილები უძვირფასესი საჩუქარია. გაბრიელი უკვე საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. ნიჭიერი, გონებაგახსნილი ბავშვია. იმედია, სიდონია და ნიკოლოზიც მას დაემსგავსებიან. ქვეყნისა და ერის წინაშე ვალმოხდილად თავს მაშინ ჩავთვლი, როცა ქუჩაში 9 შვილს გავუძღვები წინ, – გვითხრა ელისაბედმა.
ღვთისმსახურის მეუღლე, სამი შვილის დედა, საჯარო მოხელე ოჯახსაც არ აკლებს მზრუნველ ხელს. მათი კარმიდამო 7 ათასი კვადრატული მეტრია. ვაზს ახარებენ, ფუტკარს უვლიან, ბოსტნეული და ბაღჩეული მოჰყავთ. თაფლი, ნამატი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები ბაზარზე გააქვთ.
დედისა და ქალთა დღეებს ვულოცავთ ქალბატონ ელისაბედს!

