„ახლა ექსკლუზიურად გეტყვით, რა მოხდა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე“…
ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –
„ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა – რომ არ შეიჭრა პარლამენტში. ის ამბობს, რომ არც ვაპირებდი შეჭრასო… ცუდია, ამას რომ ამტკიცებს”, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. კითხვაზე, რამდენად ცივილიზებული ფორმაა საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა, მურმან დუმბაძემ უპასუხა, რომ ესეც კონსტიტუციური მეთოდია: „ბიძინა ივანიშვილს დაუსვით ეს შეკითხვა. 2011 წლის 26 მაისს მე ვაპირებდი შეჭრას და რატომ მითხრა, გმირი ხარო?! 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვაპირებდი პარლამენტში შესვლას, არ მომწონდა სააკაშვილი, უნდა შევსულიყავი და პანღური ამომეკრა. რატომ მეუბნებოდა ივანიშვილი, ბატონო მურმან, შენ გმირი ხარ. მაშინ გმირი ვიყავი და ახლა აღარ ვარ თუ როგორ არის საქმე?! პარლამენტში შეჭრაც არის კონსტიტუციური მეთოდი. პარლამენტში პუტინი თუ შემოვა და დაჯდება, ჩვენ რა ვქნათ, ქალბატონ ჩახნაშვილს დავურეკოთ და ვკითხოთ, შეიძლება თუ არა შევიდეთ და რამე გავაკეთოთ? ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა, მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ“.
რას ფიქრობს სკანდალური გამონათქვამებით პოპულარული პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე მიმდინარე მოვლენებზე? ამაზე „აჭარასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
– გვინდა კომენტარი გააკეთოთ საკუთარ განცხადებაზე პარლამენტში შეჭრის მცდელობასა და გმირად შერაცხვის თაობაზე. . .
-კი, ვთქვი ეგ. მიმაჩნია, კარგად დავაფიქსირე როგორც საკუთარი, ისე სხვების განწყობა და შეფასებები, რომლებიც დროთა განმავლობაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდა. დიდად არც განსხვავდება ის და ეს მიტინგები. მელია, ალბათ, მართლაც არ აპირებდა შეჭრას, მაგრამ რომ შეჭრილიყო, დასრულდებოდა ეს კრიზისიც და გაუგებრობებიც, რაც ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანას აფერხებს. ერთადერთი მიტინგია, რომელსაც ვერ დავესწარი, რადგან დაუგეგმავი იყო, არ დაუანონსებიათ და სპონტანურად გაიმართა, მაგრამ როგორც გადმომცეს, იქ არაფერი უარყოფითი არ მომხდარა. აქვე აღვნიშნავ, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის და საქართველოს მთლიანობას არ აღიარებს, მართავს კოლაბორაციულ მთავრობას. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით, ქართველმა ხალხმა ამიტომ უთხრა უარი „ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით სახელმწიფოს სათავეში მოსვლაზე.
– არჩევნების შედეგებით ხომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა?
– მათივე ოქმებით ცხადი იყო, რომ ოპოზიციამ მიიღო მეტი ხმა, 52% 48%-ის წინააღმდეგ. ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ, ქართველებმა აირჩიეს გაერთიანებული ოპოზიცია. „ქართულ ოცნებას“ უთხრეს უარი ხელისუფლებაში მოსვლაზე. დააკვირდით, რა ხდება ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა პროპორციითაა განაწილებული ხმები. 50%-ს ვისი ხმაც დაემატება, ის არის ხელისუფალი. აქ კი, 4%-ით მოუგო ოპოზიციამ ხელისუფლებას, ანუ მოსახლეობის უმრავლესობა მისი წინააღმდეგია. ესაა პრობლემის არსი. მარტივი, ტრივიალური საკითხია.
– ბატონო მურმან, თქვენ გაყალბებასა და ოქმების ცდომილებაზე საუბრობთ თუ. . .
– არა, რას ამბობთ, იმ ოქმებით ვაპელირებ, რომლებიც ოფიციალურად გამოქვეყნდა. ვთქვათ, არ გაყალბებულა ხმები, არც შანტაჟი ყოფილა და არც „კარუსელები“ დაუტრიალებიათ, არც დედის გინება ყოფილა საარჩევნო ყუთთან მისვლამდე. . . მოდით, ჩავთვალოთ, ვითომ თავისუფალ გარემოში ჩატარდა. სწორედ ამ ე.წ. თავისუფალ გარემოში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 52% არ ენდობა ახლანდელ ხელისუფლებას და რომ სურს მმართველობის სადავეების ოპოზიციისთვის გადაცემა. ეს უკვე შემდგარი აქტია. ამიტომაა ეს იწილო-ბიწილო, ამიტომაა ასეთი ბოიკოტი და დაუმორჩილებლობა.
– თქვენ მაინც თვლით, რომ არჩევნები გაყალბდა?
– ხმების გაყალბება ცალკე თემაა. ახლა ვსაუბრობთ ხელისუფლების მიტაცებაზე, ანუ ქართველ ხალხს არ სურდა „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლა, თუმცა მაინც გავიდნენ სათავეში და მიიტაცეს მმართველობის სისტემა. მაჟორიტარულ ოლქებშიც კი არ მოუგიათ არჩევნები, ესეც ტყუილი და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. ერთიანად 30 მაჟორიტარული ოლქი იყო, 17 -ში საქართველოს მოქალაქეებმა ოპოზიცია აირჩიეს, ანუ იქაც მოიგეს და თავისთავად, დღეს ხელისუფლებას სწორედ გაერთიანებული ოპოზიცია უნდა წარმოადგენდეს.
– აჭარაზე რას გვეტყვით?
– აჭარაში 180 ათასი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე. უმრავლესობამ, დაახლოებით 100 000-მა კაცმა, ხმა მისცა ოპოზიციას. 80-82 ათასი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, მას დიდი უმრავლესობით მოუგეს, არადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ორი მესამედი „ქართული ოცნებაა“. გეკითხებით, რანაირი წესია ეს? უხეირო ხელისუფლება და საარჩევნო სისტემა დატოვა ივანიშვილმა. სისტემა უნდა შეიცვალოს, ანუ ამომრჩეველთა ხმების პროპორციული ასახვა უნდა მოხდეს პარლამენტის თუ უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაზე. ამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნება“ კი არ მოიძულა და გააგდო, უბრალოდ, უთხრა, რომ აღარ იქნება ხელისუფლებაში. ასე რომ, ახლა ესენი უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში, ხოლო ის ხალხი, ქუჩაში რომ დგას, მივიდეს მმართველობის სადავეებთან. სწორედ ეს არის ქართველი ხალხის ნება. სანამ ამას ბიძინა ივანიშვილი არ გამოასწორებს, მანამდე იქნება ქაოსი და პოლიტიკური კრიზისი. არეულობა არ დასრულდება არც 2021-ში, არც 2022-ში, ანუ მანამ, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და სანამ არ გაიტანს საქართველო თავის არჩევანს. რაც უფრო გვიან დასრულდება პროცესი, მით უფრო მძიმედ დაასრულებს საკუთარ არსებობას „ქართული ოცნება“.
– თქვენ ისე ამტკიცებთ ყველაფერ ამას, თითქოს ეს „კინო“ ნანახი გქონდეთ. .
– თქვენ წარმოიდგინეთ, ნანახიც მაქვს და გაანალიზებულიც. გაიხსენეთ, 2003 წლის 2 ნოემბერს ბათუმის მაჟორიტარად კენჭი იყარა ჩემმა ცხონებულმა მეგობარმა ჯემალ გოგიტიძემ. 80 ათასი ამომრჩეველი მოვიდა მაშინ არჩევნებზე და ყველა, 80 ათასი, ხმა მიიღო ჯემალმა. მაშინ ასლან აბაშიძე მართავდა აჭარას და იმედი მაქვს, ყველა კარგად ხვდებით, რაზეა საუბარი. ჰოდა, მოხდა ის, რაც მოხდა, აღდგა ქართველი ხალხი და გადააგდო ის რეჟიმი. გვინდა ანალოგიური განმეორდეს? პირადად მე, არ მინდა.
– თქვენ რა გსურთ, ბატონო მურმან?
– მე მსურს, საქართველოში იყოს ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომ ვისაც აირჩევს უმრავლესობა, ის მოვიდეს ქვეყნის სათავეში და არა – პირიქით. მინდა პატიება ვთხოვო ჯემალის სულს, მისი ცხოვრების ეს ნეგატიური ფაქტი რომ გავიხსენე, მაგრამ მისი ბრალი ნამდვილად არ იყო, მაშინდელი რეჟიმის და სისტემის დამსახურება იყო ყველაფერი. ასე რომ, იმ პერიოდში ასლან აბაშიძის ჩამოგდება რევოლუციის გზით ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო და მეამაყება, რომ იმ რევოლუციაში ვმონაწილეობდი.
– როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის გადადგომას?
– ხომ ხედავთ, ამანაც დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრობლემებია. ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნება“ არც აინტერესებს, მას მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება და ქონებრივი სტაბილურობა აღელვებს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალ;ებით ვაუწყო ბატონ ბიძინას, რომ მის ქონებას ვერავინ შეეხება. თუკი წავა „ქართული ოცნება“ და მის ნაცვლად მოსული ხელისუფლება ივანიშვილის ქონებას კირკიტს დაუწყებს, გპირდებით, მაშინვე გავხდები ბიძინას მომხრე.
-რაც შეეხება გახარიას?
-მიხარია, რომ „ქართულ ოცნებაში“ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემსავით ფიქრობს. . . გამიგეთ ხალხო, მე ხომ არ ვამბობ „ქართული ოცნება“ გავაგდოთ ქვეყნიდან (ისინი ჩვენი ნათესავები არიან, მეგობრები და მეზობლები), იგი უნდა დავამარცხოთ, მოვუგოთ და მივახვედროთ, რომ წააგო, მან კი აღიაროს დამარცხება. შემდეგ ოპოზიციაში გავუშვათ და როდესაც კონსტრუქციულ დიალოგში შემოვლენ, მოვუსმინოთ, თუ სასარგებლო რჩევებს მოგვცემენ. ქვეყანა ერთად უნდა მართოს საზოგადოებამ, რომელიც პოზიცია-ოპოზიციისგან შედგება.
– როგორ შეაფასებდით ნიკა მელიას დაპატიმრებას?
– ნიკა მელიამ სამი თვის წინ მოიხსნა სამაჯური და ახლა ძლივს დააპატიმრეს. როგორ უნდა შევაფასო ეს ფაქტი, თუ არა, როგორც თამაში და შანტაჟი? თუ დაჭერა უნდოდათ, როგორც კი მოიხსნა სამაჯური, იქვე დაეჭირათ, არც ასე გააბუქებდნენ ამ ამბავს და არც ამდენი სალაპარაკო იქნებოდა, მაგრამ მე გეტყვით, რაც მოხდა: ნიკა მელია იმიტომ არ დაიჭირეს, რომ მისი შეყვანა სურდათ პარლამენტში.
– მელია რომ შესულიყო პარლამენტში, არ დაიჭერდნენ?
– არავითარ შემთხვევაში, მაშინ არავის გაახსენდებოდა არც კანონი და არც სამაჯური.
– რა შეფასებას მისცემთ რუსთავის ციხისკენ დაძრული მანქანების კოლონას და ქუჩის აქციებს?
– მე, მურმან დუმბაძეს, რომც არ მინდოდეს ეს აქციები, ხალხი ქუჩაში მაინც გამოვა იმ ელემენტარული მათემატიკური მონაცემების გამო, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე. ის 52% თავისას მაინც მოითხოვს. ესაა დემოკრატიის ანი-ბანი. თუკი საპარლამენტო რესპუბლიკას ვაღიარებთ, მაშინ საქართველოს მოქალაქეებს ყური უნდა მივუგდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი არეულობა და უკმაყოფილება იქნება სახელმწიფო ინსტიტუციებსა და რიგით მოქალაქეებს შორის. ამას ვერ დავარეგულირებ ვერც მე და ვერც სხვა პოლიტიკური ლიდერი.
– თქვენ ყველაფერს ხალხის ნებას აბრალებთ. ასე გამოდის, ოპოზიცია აქ არაფერ შუაშია?
– ეს ასეა, რასაც ადასტურებს ისიც, რომ აქამდე არ ყოფილა საქართველოში პრეცედენტი, ერთი და იგივე პოლიტიკური პარტია მესამეჯერ აერჩიოთ. მესამე ვადით დარჩა ასლან აბაშიძე და რევოლუციის გზით ჩამოაგდეს. მესამე ვადით დარჩა მსოფლიო კლასის პოლიტიკოსი ედუარდ შევარდნაძე და. . . ისიც ჩამოაგდეს. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ედუარდი ასლანი არ იყო, მას თამამად შეეძლო ეთქვა: „ჩემი მეგობარი გენშერი“, ან ბეიკერი მოეწვია სტუმრად და ისიც ეახლებოდა, სადაც ეტყოდა. ამის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა გააგდო პოლიტიკიდან იმიტომ, რომ მესამე ვადას ვერ ვიტანთ, გვწყინდება ფუჭი დაპირებები. რთულია 8 წელი ერთი და იგივე მმართველ პარტიას უყურო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არ გააჩნია არც ეკონომიკური, არც სოციალური თუ პოლიტიკური შედეგები.
– მათი სიტყვებით, ეს შედეგები რთული მისაღწევია, მით უმეტეს კოვიდპანდემიის დროს . . .
– მე სააკაშვილს იმიტომ კი არ ვლანძღავდი, მაღალი და ლამაზი რომ იყო, იმიტომ ვებრძოდი, მურუსიძე რომ ჰყავდა მოსამართლედ. ახლა რა გამოდის, იგივე მურუსიძე მოსამართლეების უფროსად დამინიშნეს. თუკი მოვა ახალი ხელისუფლება და იმასაც მურუსიძე შერჩება და ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ხმას, იმასაც გავლანძღავ.
-გამოსავალს რაში ხედავთ?
– არეულობა რომ არ იყოს, ერთადერთი გამოსავალია ვადამდელი არჩევნები. ახლა ექსკლუზიურად გეტყვით, რა მოხდა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე პრემიერი ღარიბაშვილი.
– ყურადღებით გისმენთ!
– შეხვედრა მიმდინარეობდა ზეპირი საუბრის ფორმატში, იქ არანაირი ქაღალდები და საქაღალდეები არ იყო. 15 წუთის შემდეგ მიშელმა სთხოვა თავის თანაშემწეს, მოეტანა დოკუმენტები. იმანაც მოიტანა შეკვრა და ყველას ჩამოურიგა, მათ შორის ღარიბაშვილსაც, თან უთხრა, ეს პუნქტები შეასრულეთო, მიხვდით!? მე ქართულად ნათარგმნს არ ვენდობი, ორიგინალში ჩავხედე, სადაც გარკვევით ეწერა: ვადამდელი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. იქ სხვაც ეწერა – სასამართლო რეფორმა თუ საარჩევნო სისტემის ცვლილება, მაგრამ მთავარი, რაც წავიკითხე, თავში გითხარით. ხომ ხედავთ, რა ხდება – ევროპა და ამერიკა ასე გეუბნება, შინაური და გარეული იგივეს გიჩიჩინებს, ქართველი ხალხი არჩევნებზე გიფიქსირებს, თუ არადა. . .
– თუ არადა, რევოლუცია იგეგმება?
– რევოლუცია არ იგეგმება, რევოლუცია იბადება როგორც კი ჩნდება უსამართლობა. არავინ იცოდა ჯერ კიდევ 2004 წლის 5 მაისს, რომ ასლან აბაშიძე ხელისუფლებას დათმობდა, მათ შორის არც მე, მაგრამ უკვე 6 მაისს, ასლან აბაშიძემ ჭკუას მოუხმო და გაიქცა, თანაც ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე. რას ვიზამდით, რომ ესროლა ასლანს? არაფერს, ჩავიხოცებოდით იქვე და ჩვენს ადგილზე მოვიდოდა ახალი ხალხი. იგივე უნდა გააკეთოს ივანიშვილმაც.
– ივანიშვილიც ხომ წავიდა?
– ეგ რომ წასულიყო, მაშინ ღარიბაშვილი ვერ მოვიდოდა. ამიტომ ვეუბნებით ივანიშვილს – წავიდეს. კი არ გაიქცეს, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და. . . წავიდეს! ახლა 52%-ს კი აღარ მიიღებს ოპოზიცია, სულაც 80-ს. როგორც კი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ყველა მიხვდება, ამათი საქმე წასულიაო და მისიანებიც აღარ მისცემენ ხმას. არ ჯობია, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, დროზე დათმოს „ოცნებამ“ ხელისუფლება და შევრიგდეთ?! ერთად უნდა განვავითაროთ ქვეყანა, სხვა გზა არ არსებობს!

