გმირების დედებს დღესასწაული მიულოცეს
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
იაგო მიქელაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში იბრძოდა. მრავალი თანამემამულის მსგავსად, მტერს ზურგი არ უჩვენა. ტყვიამ არ დაინდო . . . ორი კვირის განმავლობაში, ძლიერი სულისა და ჯანსაღი სხეულის პატრონი, სიცოცხლისთვის იბრძოდა, მაგრამ . . . სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ჭაბუკი მშობლიური ბუურაულის მიწას მიაბარეს. სამი შვილის გამზრდელ დედას ეთერ დავითაძე-მიქელაძეს მას შემდეგ თვალზე ცრემლი არ შეშრობია, მეუღლესთან ერთად გლოვობს შვილს მამა შალვა მიქელაძე.
ეთერს ოჯახში ესტუმრნენ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, თადარიგის გენერალი ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი შოთა ყიფიანი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე. მათ გმირის დედას დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
– ჩვენთვის დიდი პატივია აქ მოსვლა, დედებისთვის დღესასწაულის მილოცვა. ქვეყანა, ერი გმირების გამზრდელი დედების წინაშე ვალშია. ვისარგებლებ შემთხვევით და ამ მშვენიერი სოფლიდან, ყველას მივულოცავ დედის დღეს, – გვითხრა ვლადიმერ იმნაძემ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო ბარათაულელი ამირან მამალაძე, როცა საკუთარი განცხადებით, ქართულ ჯარში სამსახური ისურვა. სპორტსმენმა მალე აითვისა ჯარისკაცური სამსახური და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებისთანავე, ფრონტის ხაზზე დადგა . . . მტრის ტყვიამ არც ის დაინდო. ამირანის ნეშტი მშობლიური ბარათულის მიწას მიაბარეს. შვილის საფლავს ელოლიავებიან დედა მარინა მიქელაძე-მამალაძე და მამა – გურამ მამალაძე. მარინას დედის დღე ვლადიმერ იმნაძემ, შოთა ყიფიანმა, ომარ ტაკიძემ და გიორგი დავითაძემ მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
– მეცამეტე გაზაფხულს, მეცამეტე დედის დღეს ვეგებები ჩემი ამირანის გარეშე. ძნელია შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ამირანი სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი წავიდა, – გვითხრა მარინა მიქელაძე-მამალაძემ.
ეთერ მახარაძემ შვილი ფრიდონ მახარაძე 1993 წლის სექტემბერში, სოხუმის დაცემის დღეს დაკარგა. ფრიდონის სახელი მიენიჭა მახალაკიძეების საჯარო სკოლას. საზოგადოება გმირის დედას არ ივიწყებს. ვლადიმერ იმნაძემ, შოთა ყიფიანმა, ომარ ტაკიძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ ქალბატონ ეთერს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
– მუნიციპალიტეტში დედისა და ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული გვაქვს. კოვიდ-19-ის ფონზე, ღონისძიებები რეგულაციების დაცვით ტარდება, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.

