„ერთად ვასხივოთ წიგნიერება“ – „მწიგნობარის“ მატარებელი მოაზროვნე და მაძიებელი ბავშვებისათვის
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მწიგნობარი“ 2010 წლის 10 დეკემბერს შეიქმნა. „ერთად ვასხივოთ წიგნიერება“ – ეს ორგანიზაციის მთავარი დევიზია და ის აერთიანებს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ, მოაზროვნე, მაძიებელ ბავშვებს. „მწიგნობარის“ მიზანია ნიჭიერი ბავშვების სწორ გზაზე დაყენება, დახვეწა, პოპულარიზაცია, რაც დიდ შანსს და სტიმულს აძლევს მათ, უფრო აქტიურად გააგრძელონ ცხოვრება, მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და გამოადგნენ ქვეყანას.
რას წარმოადგენს საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მწიგნობარი“? რა მიმართულებებით შეუძლიათ ახალგაზრდებს აქ განვითარება? როგორ შეიძლება გახდეთ ორგანიზაციის საპატიო წევრი? ამ და სხვა კითხვებზე საინტერესო პასუხებს „მწიგნობარის“ დამფუძნებლისგან მანანა წულუკიძისგან შევიტყობთ.
– მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ არის მანანა წულუკიძე?
– ბავშვობა შუახევის რაიონ სოფელ ტბეთში გავატარე. ვფიქრობ, კარგი ბავშვობა მქონდა. დედა, ნადია გამრეკელიძე, დაწყებითი კლასის პედაგოგი იყო და მისგან შევიძინე პედაგოგიური უნარებიც. მამა, ალექსანდრე წულუკიძე, კინომექანიკოსი იყო და მისი წყალობით, ყოველ საღამოს სხვადასხვა ფილმს ვუყურებდით. ბავშვობაში მიყვარდა ხატვა, სიმღერა. სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაში ვმონაწილეობდი – მხატვრულად ვკითხულობდი ლექსებს, კლასგარეშე ლიტერატურას, ვუკრავდი სხვადასხვა ინსტრუმენტზე: გარმონზე, გიტარაზე და ფანდურზე. ხელოვნებისადმი სიყვარული მამისა და ბაბუისგან, დურსუნ წულუკიძისგან, მომდგამს. ერთი სიტყვით, საინტერესოდ ვცხოვრობდი. მე-7 კლასში მეწვია სიყვარული, რომელმაც ლექსების წერისკენ მიბიძგა და ამით დღესაც ვსულდგმულობ. მყავს მეუღლე ნუგზარ ლემსაძე, პირველი შვილი გოგიტა ლემსაძე, რომლის მეუღლეცაა დიანა ჩხაიძე, შვილიშვილები ანდრია და ლუკა ლემსაძეები, მეორე შვილი გიტა ლემსაძე, რომლის მეუღლეცაა ჯაბა ნაკაშიძე, მათი შვილებია ანრი და ანა ნაკაშიძეები. 1968 წლიდან 2010 წლამდე ვმუშაობდი ბათუმის N14 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად. პედაგოგიურმა მოღვაწეობამ შემძინა გამოცდილება და გამოვეცი იაკობ გოგებაშვილის დედაენის მიხედვით მეთოდური სახელმძღვანელო „აი ია“, რომელიც მშობელთა და პედაგოგთა დამხმარეა. პედაგოგიურმა გამოცდილებამ კვლავ გამიღვივა შრომისადმი სიყვარული და გამოვეცი მეორე წიგნი (საკონკურსო) „ცოდნის კუნწულა“ III-VII კლასის მოსწავლეებისთვის. შემდეგ კვლავ შევადგინე წიგნი (საკონკურსო) „ცოდნის ყულაბა“, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში. ამ წიგნში, ძირითადად, წარმოდგენილია მრავალფეროვანი და საინტერესო ტექსტური მასალა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცოდნის შეძენასა და გამყარებას. წიგნის შექმნის იდეა დაიბადა კონკურსებსა და ტესტური დავალებების შესრულების დროს. ამ წიგნების დამუშავება ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი უმნიშვნელოვანესი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: დამოუკიდებლად სწავლა, კვლევა-ძიება და ცხოვრების გზაზე წამოჭრილი პრობლემების წარმატებით გადაჭრა. ასევე ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი, კულტურულად მოპაექრე, ტოლერანტული, სამშობლოსა და ადამიანების მოსიყვარულე მამულიშვილების აღზრდას.
– ვიცით, რომ ბევრი მიმართულებით აქტიურად და წარმატებით მოღვაწეობთ, ერთ-ერთია საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მწიგნობარი“, ამაზე რას გვეტყვით?
– დიახ, ბევრი მიმართულებაა, მაგრამ მე თანმიმდევრობას მაინც დავიცავ. დაწყებით კლასებში თვალხატულა გოგო-ბიჭებთან მუშაობისას გაჩნდა იდეა, დამეფუძნებინა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, მოაზროვნე, მაძიებელ ბავშვთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „მწიგნობარი“, რომელიც 2010 წლის 10 დეკემბერს შევქმენი. მოვიწვიე სხვადასხვა საგნის სპეციალისტები, დავამუშავეთ სხვადასხვა საგნის ტესტები და ერთობლივი, ნაყოფიერი წინასამუშაო პროცესის შემდეგ, დავიწყეთ შიდა სასკოლო საგნობრივი ოლიმპიადების ჩატარება. იდეამ გაამართლა. ორგანიზაციაში, თანდათანობით, წარმატებული სამუშაო, სამეცადინო, საკონკურსო პროცესი წარიმართა. 2011 წელს გამიჩნდა კიდევ ერთი იდეა, მუშაობა წარმემართა შემოქმედებითი კუთხითაც და ლიტერატურული კონკურსების ჩატარებაც დავიწყეთ. მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობენ მოსწავლეები, რომელთაც შემდეგ გადავცემთ საპატიო წევრის მოწმობას დებულებასთან ერთად. ასევე, ისინი იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის საქალაქო ღონისძიებაში. მოვიწვიეთ პოეტი მოსწავლეები და სწორ მიმართულებას ვაძლევთ, ვეხმარებით კრებულის გამოცემაშიც. საპატიო წევრი მოსწავლეები ირგებენ ჟურნალისტის ამპლუასაც, მართავენ შეხვედრებს, ამ მიმართულების ხელმძღვანელი კი გიტა ლემსაძეა. გამოვეცით ჟურნალი „მწიგნობარი“, რომელიც წელიწადში ერთხელ იბეჭდება. ჟურნალში შეტანილია შემოქმედი ახალგაზრდების ნამუშევრები და სააღმზრდელო მასალები. გაწევრიანებულ მოსწავლეს ვაწევრიანებთ მამულიშვილთა საგვარეულო კავშირში და აჭარა ლაზეთის ჩოხოსანთა საზოგადოებაში. ორგანიზაციამ 2010 წლიდან დღემდე ჩაატარა: 170-ზე მეტი საგნობრივი ოლიმპიადა, 47 ლიტერატურული კონკურსი მხატვრულ კითხვაში, 35 საქალაქო ღონისძიება, 30 შეხვედრა საზოგადო მოღვაწეებთან, 12 წიგნის წარდგენა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დავარეგისტრირეთ ონლაინკონკურსები სახელწოდებით , რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. პანდემიამ გვასწავლა სახლიდან გაუსვლელადაც ვაკეთოთ ბევრი კეთილი საქმე. ჩამოვაყალიბეთ მოსამზადებელი წრე „თეატრონი“, რომლის საშუალებითაც გადავამზადებთ მოსწავლეს მხატვრულად ლექსის წაკითხვაში და მეტყველების განვითარებაში. პედაგოგების გადასამზადებლად ჩამოვაყალიბეთ „ტრენინგ ცენტრი მწიგნობარი“, რომლის ტრენერებია – მეგი ბობოყვაძე, თამთა თალაკვაძე და მარინა ბურდული. ასევე, დავაფუძნეთ იოსებ წულუკიძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი „ერთად ვასხივოთ სიკეთე“. რაც შემეხება კონკრეტულად მე, ვარ 12 წიგნის რედაქტორი, ვამზადებ მოსწავლეებს. ახლო ხანში გამოიცა ჩემი ლექსების კრებული „ფრთხილად ხელს გიშვებთ“. კრებულის სათაურში ნათლად ჩანს, რომ დიდი რუდუნებით, მოფერებით გავუშვი ხელი ჩემს ნააზრევს, ჩემს აღზრდილებს. ძალიან მინდა თითოეული მათგანი, ჩვენი ნიჭიერი თაობა „მწიგნობარის“ მატარებელზე ავიყვანო და ერთად ვიმოგზაუროთ ცოდნის სამყაროში.
– როგორ შეიძლება თქვენთან მოხვედრა?
– გვაქვს ვებგვერდი , ფეისბუქგვერდი „მწიგნობარი“, „წიგნიერების სამყარო“, „ტრენინგ ცენტრი მწიგნობარი“, . ასევე დაინტერესებული პირები პირადში გვიგზავნიან შეტყობინებას, ან საკონტაქტო ნომერზე გვეხმიანებიან (571 21 14 25 და 555 12 23 32).
– ტრენინგცენტრი მწიგნობარი რას საქმიანობს?
– ჩვენი ცენტრი ატარებს ტრენინგებს პედაგოგებისთვის შემდეგი მიმართულებებით: რთული ქცევის მართვა, სპეცმასწავლებლის საბაზისო კურსი; აუტიზმი, ისგ-ს შედგენა მეტყველების დარღვევები და მისი აღდგენის წესი, დისლექსია დაუნის სინდრომი; საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგები, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის (ქართული ენა, ინგლისური ენა, სპეცმასწავლებლის უნარები, პროფესიული უნარები. როგორ დავწეროთ სასწავლო და სოციალური პროექტები, სამოდელო, შიდა დაკვირვების გეგმები და აქტივობები, დამხმარე რესურსები).
– ვის და რატომ უკვალავთ განათლებისკენ მიმავალ ბილიკს?
– ჩვენი მიზანია ნიჭიერი ბავშვების სწორ გზაზე დაყენება, დახვეწა, პოპულარიზაცია, რაც დიდ შანსს და სტიმულს აძლევს მათ, უფრო აქტიურად გააგრძელონ ცხოვრება, მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და გამოადგნენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ასეთი ხელშეწყობა ჩემს თაობას არ ჰქონია და მინდა, მომავალ თაობას ჩემი მოწოდებით ხელი შევუწყო. ნიჭიერი თაობის ძიება და მათი ხელშეწყობა ქვეყნის მომავალზე ზრუნვაა და მე მინდა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ჩვენი სლოგანია – ,,ერთად ვასხივოთ წიგნიერება“, მინდა ამ სხივმოფენილ ბილიკზე ყველა სწორი მიმართულებით დადიოდეს.
– სად, რომელ სფეროში გრძნობთ თავს კომფორტულად?
– რა თქმა უნდა, განათლების სფეროში. პატარებთან ფუსფუსი ჩემი სულის ნაწილია, მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია ხვალინდელი დღე. მინდა, რომ ყველა პედაგოგს უყვარდეს ბავშვი, პირნათელი შედიოდეს გაკვეთილზე და არა ვალის მოხდის მიზნით. ამ ორგანიზაციამ გამაცნო ისეთი პედაგოგებიც, რომლებსაც, სამწუხაროდ პედაგოგს ვერ უწოდებ. ასეთს არ აინტერესებს ბავშვის კრეატიულად განვითარება, მაგრამ არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან.
– რა არის თქვენი მთავარი სათქმელი მკითხველისთვის?
– მინდა ყველამ იცოდეს, რომ „მწიგნობარში“ გატარებული ყოველი წამი მოსწავლისთვის ძვირფასი იქნება, ხელს შეუწყობს განათლებული და გონიერი მომავალი თაობის აღზრდას. ჩაუნერგავს მათ სამშობლოსა და ერის სიყვარულს, განუმტკიცებს ეროვნულ ცნობიერებას, გაუღრმავებს სკოლაში მიღებულ ცოდნას. მე მიყვარს ჩემი საქმე და ბოლომდე ვიხარჯები მისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა გიტა ლემსაძეს, „მწიგნობარის“ ხერხემალს, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა „მწიგნობარი“ განვითარდეს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს. მადლობა განათლების სამინისტროს, მწერალთა კავშირს, ჩოხოსანთა საზოგადოებას, მამულიშვილთა კავშირს, ქალთა ლაშქარს, „მწიგნობარის“ ყველა თანამშრომელსა და ყველა მოქალაქეს, ვინც ხელს გვიწვდის განვითარებისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლე ნუგზარ ლემსაძეს, რადგან ორგანიზაციას საოფისე ფართი საჩუქრად გადასცა, რამაც ორგანიზაციის მუშაობა უფრო ნაყოფიერი გახადა. ჩემი თხოვნა ისაა, რომ ,,ერთად ვასხივოთ წიგნიერება“. რაც უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება ამ მატარებელზე, მით უფრო მრავალფეროვნად დაიხუნძლება „მწიგნობარი“. ჩვენ ვაგრძელებთ ნიჭიერი ახალგაზრდების ძიებას.